Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერლომ ახვლედიანის არქივი ნელ-ნელა იხსნება


ამ ავტორზე ძალიან ბევრი მიფიქრია და ძალიან მიყვარს. და ვიცი, რომ ამ მხრივ იშვიათობას ნამდვილად არ წარმოვადგენ. აქამდე რაღაც-რაღაცები კიდეც დამიწერია მასზე - ფენომენალურ ადამიანზე და მწერალზე - ერლომ ახვლედიანზე, რომელთანაც ბედმა პირადი ურთიერთობაც მარგუნა: ის უნივერსიტეტის მეორად კინოფაკულტეტზე ჩემი პედაგოგი იყო. თუმცა მასზე წერა მუდამ ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ერთდროულად ძალიან რთული და იოლია ეს ჩემთვის და ეს სირთულე და სიიოლე ერთმანეთს ხელს უშლიან, ერთმანეთს ფეხებში ებლანდებიან. ერლომ ახვლედიანი თავმდაბალი მაქსიმალისტი იყო - საკუთარ ნაწერებს სიცოცხლის ბოლომდე საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ არასდროს მალავდა საკუთარ თავს; მისი სიბრძნე ღრმა იყო, მაგრამ არ იყო მძიმე - სიმსუბუქე, აზროვნებისა თუ აღსაწერი გარემოს პარადოქსულობა, მის მიერ გამოგონილი „საფირმო“ თამაშის წესები ამ სიბრძნეს უცნაურად ხელშესახებს ხდიდა. სიცოცხლის ბოლოს მან მაინც დაიწყო თავისი ნაწერების მცირე დოზებით გამოჩენა, ახლა კი ახალი ეტაპი დადგა: მისი არქივიდან რაღაც ტექსტებმა დღის სინათლე უნდა იხილოს. ამის პირველი მცდელობაა გამომცემლობა „სიესტას“ მიერ შარშან დასტამბული კრებული „არასერიოზული კაცი“, რომელშიც სამი სხვადასხვა ტიპის ტექსტია შესული: კინოლიბრეტო „ყველი და პური“, კინოსცენარი „არასერიოზული კაცი“ და პიესა „ბაბუა და შვილიშვილი“. ამ წიგნზე სასაუბროდ მწერალი და კრიტიკოსი გია არგანაშვილი მოვიწვიე, ერლომ ახვლედიანის მოწაფე და მისი შემოქმედების კარგად ცნობილი თუ სრულიად უცნობი მხარეების კარგი მცოდნე. ბატონმა გიამ აქცენტი სწორედ იმ საკითხზე გააკეთა, თუ როგორ უნდა მოხდეს არქივზე მუშაობა, რა პრინციპით უნდა შეირჩეს ნაწარმოებები გამოსაქვეყნებლად და რა მექანიზმების ამუშავებაა საჭირო იმისათვის, რომ ავტორის ტექსტებმა სწორად მიაღწიოს მკითხველამდე.

გია არგანაშვილი
გია არგანაშვილი

გია არგანაშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „სიესტას“ - ჯერ კიდევ ერლომის სიცოცხლის დროს გამოსცეს „კოღო ქალაქში“, ძალიან კარგად გამოსცეს. ერთი არის ტექსტი, რომელიც მხოლოდ მხატვრული ტექსტია, და მეორეა მისი, ასე ვთქვათ, „გაწიგნება“, და მართლა გააწიგნეს ეს წიგნი ზურაბ კიკნაძის ძალიან კარგი წერილით. აქაცაა შესავალი წერილი, ქალბატონი ზაირა არსენიშვილის. როცა მწერალი კვდება, ფაქტობრივად, მაშინ იწყება მისი ბიოგრაფიის ხელახალი შექმნა - ასე ვთქვათ, იმ იგავის, იმ მეტაფორის წარმოჩენა, რომელსაც ეს მწერალი მთელი ცხოვრება ქმნიდა. ერლომისთვის ეს ძნელი არ უნდა იყოს, რადგან თვითონ მეიგავეა თავისი ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც, მაგრამ ამას სჭირდება თანდათანობითი გამოკვეთა. ვიცით, რომ ერლომს ძალიან ბევრი სცენარი აქვს - 27 სცენარი აქვს, პიესებიც აქვს, თუმცა მისი ასე დაბეჭდვა ცოტა პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ მკითხველი, ჩემი აზრით, მოუმზადებელია სცენარებისთვის. თუმცა ქართველ მკითხველს უნახავს უცხოური სცენარებიც, უნახავს ქართული სცენარებიც. თავის დროზე მერაბ ელიოზიშვილის სცენარები დაიბეჭდა, მშვენიერი სცენარები იყო, მაგრამ აქ ცოტა სხვა ნიუანსია: სცენარის სპეციფიკა იქმნება რეჟისორთან ერთად. მაგალითად, პიესაზე „ბაბუა და შვილიშვილი“ ერლომმა იმუშავა გია ანთაძესთან ერთად რუსთაველის თეატრში, ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით. იწერება რაღაც მონაკვეთები, შემდეგ შეჯერდება, შემდეგ ისევ წინ მიდიან. ასე იწერებოდა „ფიროსმანი“, „არასერიოზული კაცი“... აქ ავტორობას კი არავინ ეცილება სცენარის ავტორს, არა, უბრალოდ, ეს სპეციფიკა როცა არ იცის მკითხველმა, პრობლემები ჩნდება და, თანაც, აქ ერთი რამ არის: სცენარში რეჟისორს აინტერესებს ის, რაც არ არის ლიტერატურული, პირობითად რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით რომ დავდოთ ისეთი ძალიან კარგი სცენარი, როგორიცაა “არასერიოზული კაცი“, და ერლომის რომელიმე სხვა ტექსტი, დავუშვათ, „კოღო ქალაქში“, შევამჩნევთ ამ ძალიან დიდ განსხვავებას - აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებაა: ერთი არის წმინდა პროზა და მეორე არის წმინდა სცენარი. ჩემი აზრით, წიგნს გარკვეული აპარატი უნდა დართვოდა ამის გაგების: როგორ იწერება სცენარი, როგორ იწერება პიესა, როგორ მუშაობს აქ მწერალი. ზოგადად, მე არა მარტო ერლომის მკითხველი ვარ, არამედ შემიძლია თავი ერლომის მკვლევარადაც ჩავთვალო და მინდა ასეთი რამ ვთქვა, რომ ერლომი მაინც მწერალია. როცა გამოვიდა წიგნი, ვიღაცებმა მომწერეს: კი მაგრამ ეს ერლომის მოთხრობაა? კითხვის ნიშნები იყო და მივხვდი, რომ რაღაც უკმაყოფილება დარჩა და მომიწია ახსნა იმის, რომ ეს არ არის ერლომის ლიტერატურა.

წიგნში შესული ამ ტექსტებიდან ყველაზე „ლიტერატურული“, და ეს ბუნებრივიცაა, მაინც პიესაა, და მასში ყველაზე მეტადაა შენარჩუნებული ერლომ ახვლედიანის გამორჩეული ხელწერა - როგორც ზაირა არსენიშვილი თავის წინასიტყვაობაში ამბობს: „უაღრესესად ლაკონიური, აღწერებისაგან თავისუფალი, იგავურად სიტყვაძუნწი, დიდაქტიკური და „კვიმატი“, სიკეთისა და სიავის, თეთრისა და შავის, ნათელისა და ბნელის მუდმივი დაპირისპირებით“. ეს დაპირისპირება „ბაბუა და შვილიშვილში“ ასეთია: არის სიკეთის ხე და არის ეშმაკი, რომელიც ცდილობს ამ სიკეთის ხის კვალი მოსპოს, გზა-კვალი აურიოს ყველას, ვინც ამ კვალს ეძებს. რათა თავის მიზანს მიაღწიოს, იგი სხვადასხვა ხრიკებს იგონებს: ერთ-ერთი ასეთი ხრიკია „არაფრის ძებნა“. ეს ხრიკი კარგად გასდის ვაჭართან, რომლისთვისაც ეშმაკის მიერ ეს „არაფრის ძებნა“ იმდენად საეჭვო და დამაინტრიგებელი ხდება, რომ ფულით სავსე ტომარას მიატოვებს და მას ამ „არაფრის ძებნაში“ აჰყვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ცარიელი ტომარა შერჩება ხელთ, თავს იმით იმშვიდებს, რომ მის ტომარაში უფრო მეტი არაფერია, ვიდრე სხვასთან. თუმცა მთავარი ბრძოლა ეშმაკს ბაბუასთან აქვს, რომელიც არაფრით არ ტყუვდება მის ოინებზე. იგი უცნაური ბაბუაა: პატარა ობოლ ბიჭთან ერთგვარ „კონტრაქტს“ დებს და ისინი გადაწყვეტენ „დაბაბუაშვილიშვილდნენ“. ეშმაკი ცდილობს მათ „განბაბუშვილიშვილებას“ და რაღაც მომენტში ახერხებს კიდეც, რათა სიკეთის კვალის მათ ერთობლივ ძებნას ხელი შეუშალოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მარცხდება ორთაბრძოლაში. ამ დაპირისპირებაში ცხოველებიც საინტერესოდ ერთვებიან - თხა და ვირი. მთლიანობაში, ეს პიესა ერლომ ახვლედიანის მორიგი იგავია, ოღონდ პიესის ფორმით დაწერილი. ფორმა კი თავის სპეციფიკას აჩენს.

გია არგანაშვილი: ერთგან ერლომი წერს: შიშველი ფილოსოფიაო. აი, ამ პიესებში მისი ფილოსოფია ძალიან შიშვლად არის მოცემული. თეატრი ამას იტანს. მსახიობი, როგორც იტყვიან, ამას თავის თავზე მოირგებს, მაგრამ როცა ის საკითხავად არის, ეს ძალიან აშკარად ჩანს.

ის, რომ არქივი დარჩა, ეს არაფერს არ ნიშნავს. რაღაც დარჩება სპეციალისტებისთვის, მკვლევარებისთვის, მაგრამ მკითხველს სჭირდება სწორად მიწოდებული ეს ყველაფერი. მე მახსოვს ბოლოს, ერლომი, მონასტერში რომ იყო, ძალიან ხშირად მესაუბრებოდა არქივზე და იმაზე სწყდებოდა გული, რომ იქ ყველაფერი მოსაწესრიგებელია და როგორ მოწესრიგდება ეს ყველაფერი...
გია არგანაშვილი

„არასერიოზული კაცი“, როგორც ფილმი, ყველამ იცის და, ალბათ, ბევრისთვის საინტერესო იქნება სცენარის წაკითხვაც, მაგრამ, ამ მხრივ, გია არგანაშვილს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ იგი რამე განსაკუთრებულს და სხვანაირს, მხატვრულად „შეფუთულს“ და მიმზიდველს ვერ აღმოაჩენს, იმ შთაბეჭდილებას, რაც ფილმისგან აქვს მიღებული, მაინცადამაინც ვერ გაუღრმავებს, რადგან ფილმმა მთელი ეს ხიბლი ამ ტექსტიდან „ამოქაჩა“, ანუ სცენარმა თავისი ფუნქცია მაქსიმალურად შეასრულა. და თუ ასეა, მაშინ აქვს აზრი ასეთი სცენარების ბეჭდვას? ჩემი სტუმარი თვლის, რომ აქვს:

გია არგანაშვილი: მე ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც დგას, მაგრამ უფრო აქტიურად დადგება დრო, როდესაც კინო მიუბრუნდება ძველ სცენარებს. სხვა ხედვა იქნება, სხვა რეჟისურა იქნება, სხვა მსახიობები. ამ თვალსაზრისით, ამათ ბეჭდვას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. მინდა ვთქვა, რომ ერლომის ძალიან ბევრი ტექსტია არქივში. ერლომი რომ გარდაიცვალა, ასეთი მოსაზრება გვქონდა: ვფიქრობდით, რომ გაგვეკეთებინა სარედაქციო კოლეგია, სადაც ყველა მიიღებდა მონაწილეობას, გამოთქვამდა თავის აზრს, როგორ მივაწოდოთ ერლომი მკითხველს. რატომღაც ეს არ შედგა. ასეთ მწერალს, მით უმეტეს, რომელიც ბოლო დღემდე ინახავდა „კოღო ქალაქში“, და რომ დაიბეჭდა, ფაქტობრივად, ცნობიერად აღარც იყო, ასმაგი ყურადღება სჭირდება, რა დავბეჭდოთ ერლომის და რა არ დავბეჭდოთ ერლომის. ის, რომ არქივი დარჩა, ეს არაფერს არ ნიშნავს. რაღაც დარჩება სპეციალისტებისთვის, მკვლევარებისთვის, მაგრამ მკითხველს სჭირდება სწორად მიწოდებული ეს ყველაფერი. მე მახსოვს ბოლოს, ერლომი, მონასტერში რომ იყო, ძალიან ხშირად მესაუბრებოდა არქივზე და იმაზე სწყდებოდა გული, რომ იქ ყველაფერი მოსაწესრიგებელია და როგორ მოწესრიგდება ეს ყველაფერი...

საბოლოოდ, დავშორდეთ ერთმანეთს იმ იმედით, რომ ერლომ ახვლედიანის არქივზე მომუშავე ჯგუფიც შეიქმნება, ყველაფრის სწორად გააზრება და დალაგებაც მოხდება, ერთგული მკითხველი კი თანდათანობით ერლომ ახვლედიანის ახალ წიგნებს მიიღებს. „სიესტას“ გამოცემულმა „არასერიოზულმა კაცმა“ საკმაოდ მკაფიოდ გვაჩვენა, თუ როგორაა საჭირო ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება, დახვეწა და გაფართოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG