Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს. წინასწარი განცხადებებით ცნობილი იყო, რომ ცვლილებას მხარს არ უჭერენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრები. თავისი დამოკიდებულება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც აპირებს პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

„78 ხმით, ერთის წინააღმდეგ - კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით!“

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები პროტესტის ნიშნად კენჭისყრას არ დასწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სერგი რატიანი ამბობს, რომ კანონპროექტი მიუღებელია და არამხოლოდ მათთვის:

„მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, გადაედოთ კენჭისყრა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოთხმა მსხვილმა საფინანსო ორგანიზაციამ მიმართა პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეეჩერებინათ ამ კანონის განხილვა, რადგან ის ანგრევს საბანკო სისტემას“.

„ჩვენ მოგმართავთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებების მიღება პარლამენტში ინიცირებული ფორმით შეასუსტებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის ხარისხს, საფრთხეს შეუქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და რისკის ქვეშ დააყენებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას“.

ამ განცხადებას ხელს აწერს: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მიმართვა საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზეა გაგზავნილი.

რეალუარდ ამ რეფორმამ საბანკო სექტორის უფრო მეტად გაჯანსაღება და ეფექტურად მუშაობა უნდა უზრუნველყოს...
შოთა გულბანი

პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო - იქნება, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტიკი უქმდება.

პროექტის ინიციატორი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ამ ცვლილებით ეროვნული ბანკი კიდევ უფრო გაძლიერდება:

„ამაღლდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკისადმი და მისი ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა როგორც ხელისუფლების, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა“.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მოადგილე შოთა გულბანი ამბობს, რომ ცვლილების ინიციატორები მსგავსი ნაბიჯით ცდილობენ ბანკის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს:

„რეალუარდ ამ რეფორმამ საბანკო სექტორის უფრო მეტად გაჯანსაღება და ეფექტურად მუშაობა უნდა უზრუნველყოს. რამდენად მოახერხებს ეს კანონი ამას, უკვე დრო გვიჩვენებს“.

შოთა გულბანი სხვა დეტალებსაც განმარტავს:

ეს არის პირდაპირი ბრძოლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც კონსტიტუციით აქვს უფლება ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების. ბანკის მომავალ პრეზიდენტსაც მარგველაშვილი დანიშნავს...
რომან გოცირიძე

„ჩვეულებრივი დეპარტამენტი იყო ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ახლა უკვე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება, შეიქმნება მისი საბჭო, შვიდკაციანი, და საბჭოს ერთ-ერთი რიგითი წევრი იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელსაც არა აქვს საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება“.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ბანკის გახლეჩით საქართველოს პრეზიდენტის დასუსტება სურთ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ,რომელიც, ახალი კანონის შესაბამისად, სააგენტოს საბჭოს მხოლოდ რიგითი წევრი იქნება, პრეზიდენტი ნიშნავს:

„ეს არის პირდაპირი ბრძოლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც კონსტიტუციით აქვს უფლება ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების. ბანკის მომავალ პრეზიდენტსაც მარგველაშვილი დანიშნავს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ხედავენ, რომ ამ პროცესში მმართველი ძალის როლი კნინდება, გადაწყვიტეს, რომ შუაზე გაყონ ეროვნული ბანკი“.

მისივე თქმით, ლარის დევალვაციის გამო, ძალიან დაზარალდა მოსახლეობა და არის მცდელობა ეს ყველაფერი კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს დაბრალდეს.

რაც შეეხება უშუალოდ ფუნქციებს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებებსა და მოვალეობებში შედის: საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვა, საფინანსო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შემუშავება და განხილვა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG