Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 ივლისს ვეტო დაადო და, შენიშვნებთან ერთად, პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ, მათი ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა დიდი შეცდომაა.

თემაზე, უნდა გამოეყოს თუ არა ეროვნულ ბანკს საბანკო და საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია, პარლამენტში მსჯელობა დღის ორის ნახევრიდან საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა, თუმცა კენჭისყრა ვერ მოესწრო. შესაბამისად, ჯერ გაურკვეველია, დაიძლევა თუ არა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს 31 ივლისს დაადო.

სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა. საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება უწოდა.

პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აცნობდა გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. მისი განმარტებით, პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კანონს ბევრი ნაკლი აქვს და ის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის - პოზიციას ეწინააღმდეგება:

გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

„ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიცია საბანკო და საფინანსო ზედამხედველობის მიმართ განსხვავდება კანონპროექტის მიზნებისგან და მხარს უჭერს ამ ფუნქციების დარჩენას ევროპის ცენტრალური ბანკის ფარგლებში. ეს პოზიცია გამომდინარეობს მისი ხანგრძლივი გამოცდილებიდან და დასტურდება შესაბამისი კვლევებით. ევროპის ცენტრალური ბანკი არის ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელთანაც, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ჩვენ გვმართებს, რომ მათი ექსპერტიზა მოვითხოვოთ“.

გიორგი მარგველაშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო 31 ივლისს დაადო. ერთი თვით ადრე, ივნისში, დოკუმენტის გამო შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ თემაზე უცვლელი დარჩა.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია საბანკო-საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის ფარგლებში დარჩეს, რადგანაც გამოყოფას სასიკეთო შედეგი არ მოჰყვება:

„ვფიქრობ, მმართველი ძალის ხელში საბანკო ინდუსტრიაზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი გაიზრდება, რაც კარგ შედეგს არ მოგვცემს“.

ასევე ფიქრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე. პარლამენტის 2 სექტემბრის სხდომაზე მან ხელისუფლების სურვილი, ეროვნულ ბანკს საბანკო-საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოაშოროს, შეაფასა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა:

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“: მხარს ნუ დავუჭერთ ჩვენს ქვეყანაში ტოტალური მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობებს“.

ასეთი პრეცედენტები არის რამდენიმე ქვეყანაში და ის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია. ამიტომ, რაში გამოიხატება წინააღმდეგობა?..

ამ საკითხს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილიც შეეხო. მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან კრიტიკული შეკითხვები მოჰყვა. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება საფინანსო-საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა საქართველოს კონსტიტუციას ან ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს:

„ასეთი პრეცედენტები არის რამდენიმე ქვეყანაში და ის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია. ამიტომ, რაში გამოიხატება წინააღმდეგობა?“

გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მას მექანიზმები სჭირდება:

„ეროვნულ ბანკს ამ შემთხვევაში ოპერატიული რეაგირებისა და რისკების პრევენციის მექანიზმები პრაქტიკულად არ რჩება“.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს, როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფომ ეროვნული ბანკი უნდა გააძლიეროს, ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება კი ბანკს ასუსტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თავიანთ გამოსვლებში დარწმუნებით ამბობენ, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ. რადგანაც განხილვა 2 სექტემბერს 9 საათამდე ვერ მოესწრო, ის 3 სექტემბერს დღის 2 საათიდან გაგრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG