Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის გაყოფა გადაიდო


საქართველოს პარლამენტი ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდება ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას – ასეთი შედეგით დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა კანონპროექტის ავტორებთან – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნევენ ეროვნული ბანკიდან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას. ამ რედაქციით საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც განხილვის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართვას მოითხოვს.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. გარდა ამისა,

უნდა მოხდეს ზედამხედველობის საგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე (მათ შორის კომერციული ბანკების დაცულობის შესახებ) შეიძლება საუბარი და მზად ვართ გავიზიაროთ ნებისმიერი გამოცდილება...
თამაზ მეჭიაური

ეროვნულ ბანკთან არსებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მეშვეობით ეროვნული ბანკი ატარებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებებს.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ამ სამსახურის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – მონიტორინგის სააგენტოდ ჩამოყალიბებას და მის ანგარიშვალდებულებას სააგენტოს საბჭოსთან, რომლის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 13 ივნისს, პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი სრულად შეესაბამება ევროპის ქვეყნებში გამოყენებულ პრაქტიკას:

„არსებობს სხვადასხვა მოდელი. ერთია, როცა ეროვნული ბანკის შიგნითაა ზედამხეველობა, ისე როგორც დღეს არის ჩვენთან. და მეორე, რომელიც ჩვენ მიერაა შეთავაზებული – ბანკში, ოღონდ, მაქსიმალური დამოუკიდებლობით. ჩვენი მოდელის მთავარი, პრინციპული სხვაობა მოქმედთან არის ის, რომ უნდა მოხდეს ზედამხედველობის საგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე (მათ შორის კომერციული ბანკების დაცულობის შესახებ) შეიძლება საუბარი და მზად ვართ გავიზიაროთ ნებისმიერი გამოცდილება“.

პარლამენტში გამართული შეხვედრის დროს ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება მოითხოვა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, რომლის თქმითაც, კონსულტაციების პროცესში სრულფასოვნად უნდა იყვენ ჩართული ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პირობებიც ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხზე ევროკაშირის ექსპერტიზას და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობას:

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი

„როდესაც საუბარი გვაქვს, ერთი მხრივ, ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, სახეზეა საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია, ამ ფორმით, ასეთი შინაარსის კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს, ერთი მხრივ, საბანკო სექტორს, მეორე მხრივ, მთლიანად ეკონომიკას და თავისთავად ცხადია, ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ვეტო“.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შეიძლება იყოს როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე მის გარეთაც – ასე მიაჩნია ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, რომან გოცირიძეს, რომლის თქმითაც, მსოფლიო პრაქტიკა ორივე სახის მოდელს იცნობს, თუმცა, მისი სიტყვებით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ზედამხედველობის ფუნქციის გარეთ გატანა ნაკლებადეფექტიანია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა მიუღებელი იქნებოდა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისათვის, შემდეგი მოსაზრების გამო:

„ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამიტომ არის ეს საშიში. მოტივია დამაფიქრებელი. დღეს მიმდინარე პროცესები ეს არის პირდაპირ დაკნინება ეროვნული ბანკისა, მისი შუაზე გახლეჩა. ეს არის პირდაპირი ბრძოლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც კონსტიტუციით აქვს უფლება ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების. ბანკის მომავალ პრეზიდენტსაც მარგველაშვილი დანიშნავს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ხედავენ, რომ ამ პროცესში მმართველი ძალის როლი კნინდება, გადაწყვიტეს, რომ შუაზე გაყონ ეროვნული ბანკი. მეორე კურდღლის დაჭერაც უნდათ ამით. მოგეხსენებათ, რომ, ლარის დევალვაციის გამო, ძალიან დაზარალდა მოსახლეობა და უნდათ, რომ ყველაფერი ეს დააბრალონ კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს“, – უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური კი ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები სწორედაც რომ ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა სახეს მიიღებს მისი ინიციატივა, გაირკვევა ორი კვირის თავზე. 13 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას დაიწყებს 29 ივნისს, მანამდე კი ავტორები კონსულტაციას გამართავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG