Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის, ბანკების ზედამხედველობისა და ონლაინ სესხების შესახებ


საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გუშინ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე საფინანსო და ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააცნო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომელიცეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა, ცხადია, ლარის კურსს უკავშირდებოდა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს ლარის გაცვლის მცურავი, ანუ ე.წ. თავისუფალი, კურსი. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ინტერვენციები მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების შეჩერებასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობაა და, აქედან გამომდინარე, მისი ყველა გადაწყვეტილება ამ მანდატის შესრულებასთან თანხვედრაში უნდა იყოს. ბანკის პრეზიდენტის თქმით,იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებდა, ამას ხელი არასდროს შეუშლია ლარის კურსის ბუნებრივი მიმართულებისთვის.

ბანკის პრეზიდენტი განმარტავს იმასაც, რომ, ზოგადად, არ არის კარგი არც ძალიან მკვეთრი გამყარება და არც გაუფასურება, რადგან ლარის მკვეთრმა გამყარებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება და ექსპორტის გაძვირება, რამაც, შესაძლოა, ისევ უკან დაგვაბრუნოს. ასე რომ, ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებებში დაეყრდნობა იმას, რომ გაცვლითი კურსი არის მცურავი და განხორციელებული ინტერვენციები მიმართული იქნება იმისკენ, რომ დიდი რყევები აღმოიფხვრსა.

მისივე თქმით, გასულ წელს და წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს რეზერვების გაყიდვა მოუხდა და მისი შევსებაც აუცილებელია, ამიტომ ეს პერიოდი კარგ დროა რეზერვების შესავსებად, რაც მოხდა კიდეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არც ერთი ცენტრალური ბანკი, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კომენტარი გააკეთა საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებითაც და, არსებითად, გაიმეორა წინა პრეზიდენტის პოზიცია, კერძოდ, ვერც გვენეტაძე ხედავს ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფისა და მის ცაკლე სააგენტოდ ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, ონლაინსესხების თემაა. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ონლაინსესხების რეგულირება. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში არ შედიან ის კომპანიები, რომლებიც ონლაინსესხებს გასცემენ.

„ზოგადად რომ ვისაუბროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებასთან”, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს შედარებით დიდი ხნის გამოცდილება აქვთ და შეიძლება ეს გამოცდილება იქნეს გაზიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG