Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს. „მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. აღნიშნულ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდა კვლავ 3.5%-ს შეადგენს, მიუხედავად მესამე კვარტალში გამოკვეთილი რისკისა, რომ ზრდა შესაძლოა ჩამორჩებოდეს აღნიშნულ მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებშია, რასაც, ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდა განაპირობებს. სავაჭრო პარტნიორებში სუსტი ერთობლივი მოთხოვნის შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2017 წელს წმინდა ექსპორტს მცირედ უარყოფითი წვლილი ექნება, რასაც საქონლის ექსპორტის სუსტი ზრდა და იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვევს. აღნიშნული პროგნოზი გულისხმობს, რომ სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, 2017 წელს გაიზრდება ფულადი გზავნილების შემოდინება და ტურიზმიდან შემოსავლები.

პროგნოზის თანახმად, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება 2016 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა 2017 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. 2018 წლიდან ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად, 3%-ს შეადგენს. ინფლაციის ზრდას მიზნობრივ მაჩვენებლამდე, ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესება და საერთაშორისო ბაზრებში სასაქონლო ჯგუფებზე შემცირებული ფასების გავლენის ამოწურვა განაპირობებს.

არსებული პროგნოზები რისკებს შეიცავს როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით. გაურკვევლობას, ძირითადად, ეგზოგენური ფაქტორები ქმნის. კერძოდ, თუკი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარება სუსტი დარჩება ან გაუარესდება, ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სავალუტო შემოდინებებზეც. ასევე რისკის შემცველია აშშ დოლარის საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე გამყარების ტენდენცია, რაც აისახება საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების გაცვლით კურსებზე და სავაჭრო არხებით გავლენას ახდენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებაზე. ამის საპირისპიროდ, თუკი სავაჭრო პარტნიორების ვითარება გაუმჯობესდება, ან/და, ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესების ფონზე, მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს პროგნოზის ცვლილებას პოზიტიური მიმართულებით შეაბრუნებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2016 წლის 26 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების თაობაზე. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.50%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და შემცირებული ინფლაციის მოლოდინების ფონზე საჭიროდ მიიჩნევს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა იგი ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გავლენას ფინანსურ ბაზრებზე და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას ეტაპობრივად ახორციელებს. პროგნოზი გულისხმობს დაშვებას იმის შესახებ, რომ არსებული საგარეო ფაქტორების გავლენა ლარის მიმდინარე გაცვლით კურსზე უკვე ასახულია და შესაბამისად, შემცირებულმა ინფლაციამ და მისმა მოლოდინებმა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG