Accessibility links

logo-print

გაუქმდეს ეროვნული ბანკი და ლარი აღარ იყოს გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე – ამ ინიციატივით გამოვიდა „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის აზრითაც, ბანკის ნაცვლად უნდა შეიქმნას სავალუტო საბჭო, ხოლო მოქალაქეებმა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენონ ის ვალუტა, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. უფრო მეტს იმაზე, თუ რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ინიციატივაზე, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ნაცვლად შექმნილსავალუტო საბჭოს ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნციები უნდა ჰქონდეს, ხოლო ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლარისა და ევროს მიმართ:

„საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკები მომავალში დავა ნულამდე“.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, რეფორმის გატარების შედეგად, მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი და აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებული დანაზოგი, ხოლო, ვისაც აქვს ფიქსირებული ხელფასი ლარში, აღარ შეუმცირდება შემოსავალი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, 2016 წლის წლის თებერვალში, როდესაც ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ვადა ამოეწურება, ხელისუფლება, რომელიც ღიად უპირისპირდება ერვონული ბანკის ხელმძღვანელს,შეეცდება პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს, რაც, საბოლოოდ, გააუფასურებს ეროვნულ ვალუტას. ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას სრულად იზიარებს ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს დამფუძნებელი პაატა შეშელიძე, რომლის თქმითაც, იდეა ამგვარ მონეტარულ სისტემაზე გადასვლისა ეკუთვნის მას:

ფარატინა ლარი აწყობს მთავრობას, რადაგანაც, როცა უნდა მის რაოდენობას გაზრდის და თავის ვალდებულებებს გაისტუმრებს ნომინალურად. აქედან გამოდინარე, ამ სახით ლარის შენარჩუნება პოლიტიკური ხრიკია...

„ოცი წელია ვამბობ, რომ ჩვენ არ ვჭირდება ისეთი ეროვნული ბანკი, როგორიც გვაქვს დღეს. არ გვჭირდება ლარი, რომელიც არის ფარატინა ქაღალდი და არაფრით არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ არ გვჭირდება მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაციები იყო ძალიან მარტივი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გაცვლის საშუალებად ოქროს ლარი, რომელიც არსებობს და შეიძლება მისი გამოყენება ყოველგვარი დანახარჯების გარეშე. არსებული ლარი უმჯობესია მიბმული იყოს დოლართან ან ევროსთან და უზრუნველყოფილი იყოს მისი გაცვლა ფიქსირებული კურსით, ისევე როგორც შეიძლება დაშვებული იყოს სხვა ვალუტებიც“.

პაატა შეშელიძის აზრით, ლარი, როგორიც დღეს არის, ყველაზე ხარვეზიანი და მგრძნობიარე ვალუტაა, როგორიც კი შეიძლება იყოს, რადგანაც მისი გამოყენება საქართველოშიც კი არავის უნდა – დოლარიზაციის კოეფიციანტი 70%-ია.

„ფარატინა ლარი აწყობს მთავრობას, რადაგანაც, როცა უნდა მის რაოდენობას გაზრდის და თავის ვალდებულებებს გაისტუმრებს ნომინალურად. აქედან გამოდინარე, ამ სახით ლარის შენარჩუნება პოლიტიკური ხრიკია, რომლითაც იცავენ თავიანთ მცდარ პოლიტიკას“, – უთხრა პაატა შეშელიძემ „რადიო თავისუფლებას“.

თავმოყვარე და დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენი ეროვნული ვალუტა უნდა იყოს ჩვენი სიამაყე. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ სხვა ქვეყნის ვალუტაზე...

ეკონომისტების შეფასებით, ამერიკული დოლარი ისედაც მონაწილეობს ბრუნვაში იმ გაგებით, რომ კონტრაქტების გაფორმებისას ან ფასების განსაზღვრისას, როგორც წესი, ანგარიში კეთდება დოლარში და მხოლოდ ანგარიშსწორებისას ხდება შესაბამისი კურსით ლარში გადათვლა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ინიციატივა უდავაოდ პოზიტიურია, თუმცა აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი – ამ ეტაპზე ის არარეალურია:

„თუკი დოლარი იქნება ბრუნვაში, მაშინ ინფლაცია და დოლარის ყველა დადებითი მხარე გადმოვა ჩვენთან საქართველოში. ასე რომ, იდეა კარგია, მაგრამ საკითხავია, რამდენად რეალისტურია. ამისთვის საქართველო დღეს მზად არ არის. არც მთავრობა, არც საზოგადოების დიდი ნაწილი, არც იმ ეკონომისტების დიდი ნაწილი, რომელიც ამინდს ქმნის... ასეთი ვითარება იქნება, ალბათ, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაშიც. ჩვენს ქვეყანაში ბევრი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა არის სუვერენიტეტის ნაწილი. თავის დროზე, როცა ევროპის ქვეყნები გადადიოდნენ ერთიან ვალუტაზე, ევროზე, მაშინაც ძალიან დიდი დისკუსია მიდიოდა და გვახსოვს, როგორ რთულად დათმო ზოგიერთმა ქვეყანამ“, – განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ დაუშვებელია როგორც ეროვნული ბანკის გაუქმება, ასევე ეროვნული ვალუტის შეზღუდვა.

„თავმოყვარე და დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენი ეროვნული ვალუტა უნდა იყოს ჩვენი სიამაყე. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ სხვა ქვეყნის ვალუტაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი და გადახდის საშუალებაც უნდა იყოს მხოლოდ ლარი“,– უთხრა ზურაბ ტყემალაძემ „რადიო თავისუფლებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG