Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს სხდომა უპრემიეროდ


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე
5 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა არ მიიღო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში და მიზეზად დატვირთული სამუშაო განრიგი დაასახელა. იმის გამო, რომ ხანგრძლივი უმოქმედობის კვალდაკვალ საგანგებო სხდომის გამართვის საფუძველი ვერ დაინახა, ბიძინა ივანიშვილმა დღის გეგმები არ შეცვალა და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ”ნაციონალური მოძრაობა”. როდის და რატომ იქცა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების საგნად?

ეროვნული უშიშროების საჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 5 ივნისისთვის რომ მოიწვია, ამის შესახებ 4 ივნისს საღამოს გახდა ცნობილი. როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, სხდომაში მონაწილეობა უნდა მიეღო პრემიერ-მინისტრსაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ის გეგმებს არ შეცვლის ხელოვნურად დაჩქარებული პროცესების გამო:

”მიზეზი მარტივია ძალიან: გუშინ საღამოს, 7 საათის შემდეგ, თათბირზე შემომიტანეს მე ეს სასწრაფო განცხადება, რომ იკრიბებიან დღეს. მე როგორც ვიცი, ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული გუშინ და გუშინწინ. თუ ბოლო მოვლენებს გავითვალისწინებთ, არაფერი სიახლე არ იყო. მე ჩემი გრაფიკი მქონდა გაწერილი და არ ჩანს იმის აუცილებლობა, თუ რატომ ნიშნავენ (სხდომას) ერთ დღეში და რამდენიმე საათით ადრე
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
გაცნობებენ შეკრების შესახებ, მაშინ როცა 7 თვე არ იკრიბებიან. ეს სტრუქტურა ხელფასებს ღებულობს ბიუჯეტიდან და გაუგებარია, ამდენ ხანს რატომ ვერ ახერხებდნენ შეკრებას. ჩვეულებრივი სტილია წინა ხელისუფლების: ჯერ არაფერს არ აკეთებდნენ და მერე რატომღაც სასწრაფოდ მოისურვეს და რამდენიმე საათით ადრე შეგვატყობინეს ამის შესახებ”.

პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც მისი გუნდის წევრებმა, ეროვნული უშიშროების საბჭო და მისი მდივანი გიგა ბოკერია უმოქმედობაში მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს. მაგალითად, 4 ივნისს ”პალიტრა TV”-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საქმეს არ აკეთებს, ხელფასს არაფერში იღებს და მხოლოდ ლობისტებთან ურთიერთობით არის დაკავებული. რა მნიშვნელობა აქვს, მე რა დამოკიდებულება მაქვს უშიშროების საბჭოს სხდომების მოწვევის მიმართ, ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებს - დაახლოებით ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ აქტიურობა მასაც მოეთხოვებოდა:
გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

”ბატონ პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, არ მიაწოდეს ინფორმაცია და მან თავადაც არ იცის, რომ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო წევრი თითონ არის და მისი პოლიტიკური გუნდი არის მთავარი წევრი უშიშროების საბჭოსი... ამიტომ მათთან შეთანხმების გარეშე როგორ და რატომ უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეს ყოველთვის იყო გაუგებარი...”

თუმცა ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ბევრისთვის ლოგიკურია, რომ მას ამის გაკეთება - 5 ივნისის მსგავსად - წინა თვეებშიც შეეძლო. სხდომების თავმჯდომარე ასევე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო სხდომებს ამზადებს პრეზიდენტის თანაშემწე, ანუ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ის ასევე ”უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას”.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის ყურადღების ცენტრშიც ექცევა ქვეყნის თავდაცვასა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მე-3 მუხლი გვამცნობს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ამასთან, სხდომების მუშაობაში უშუალოდ
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოიწვიონ სხვა პირებიც.

მუდმივმოქმედი 2 წევრი, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი არ იმყოფებიან საქართველოში. ვაშინგტონში მყოფმა მაია ფანჯიკიძემ და ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ სხდომის გადადება მოითხოვეს. თუმცა ეს წინადადება არ გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმა და სხდომა არ გადაიტანა ორშაბათისთვის. ხსენებული მინისტრები 5 ივნისის სხდომაზე მოადგილეებმა შეცვალეს. დანარჩენებმა კი სხდომაში მონაწილეობის ნება მისი დანიშვნიდან მალევე გამოხატეს და 5 ივნისს, 16 საათზე, გამოცხადდნენ კიდეც პრეზიდენტის სასახლეში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების მოწვევის თემა გასულ კვირაში - და, კერძოდ, შაბათს - პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაააქტიურა. 1 ივნისს მან ახალ მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა და ურჩია, გაეგრძელებინათ უშიშროების საბჭოს სხდომები. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, პრეზიდენტმა ეს შეთავაზება უშიშროების საბჭოს უმოქმედობასთან დაკავშირებული საყვედურების კვალდაკვალ გაახმაურა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG