Accessibility links

logo-print

„ერთი მსოფლიო“ - 2015: გაარღვიე შენი გარსი!​


"ერთი მსოფლიო - 2015"-ის პლაკატი

"ერთი მსოფლიო - 2015"-ის პლაკატი

ამ ორიოდე დღის წინ პრაღაში დაიხურა ადამიანის უფლებების თემატიკისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი - „ერთი მსოფლიო“. ეს კინოფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ასამდე დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს, აგერ უკვე თითქმის ოცი წელია, ყოველწლიურად იმართება ჩეხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანი გასაჭირში“, თაოსნობით. კინოფესტივალი 11 მარტს დაიხურა პრაღაში, მაგრამ ახლა ის ჩეხეთის სხვა 33 ქალაქში განაგრძობს მოგზაურობას. ფილმების ჩვენებების შემდეგ ხშირად იმართება დისკუსიები და კითხვა-პასუხი რეჟისორებთან, ექსპერტებთან და აქტივისტებთან. უკვე გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები სხვადასხვა კატეგორიაში. მაგრამ ამჯერად გიამბობთ არა ფესტივალის მთავარ ლაურეატზე - ჯოშუა ოპენჰაიმერის ფილმზე „სიჩუმის გამოხედვა“, არამედ მოგიყვებით იმ ფილმებზე, რომლებიც, შეიძლება, სულაც არ გამოირჩევა კინემატოგრაფიული ღირსებებით, ან განსაკუთრებული ხელწერით, მაგრამ, სამაგიეროდ, ეხება თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებს. მათი უმრავლესობის ოფიციალურ ჩვენებას დიდად არ მიესალმებიან მწარმოებელი ქვეყნების მესვეურები. მეტიც, ხშირად მათი ჩვენება აკრძალულიც კია. ეს „ერთი მსოფლიოს“ მეამბოხე ფილმებია.

კინოფესტივალ „ერთი მსოფლიოს“ ყოველი სეანსი ამ ვიდეორგოლით იხსნება. ბოლოსკენ მას ფონად ადევს ბუშტუკების გასკდომის ხმა. მანამდე კი, გვესმის ნაწყვეტი ახალი ამბებიდან ისლამურ ტერორიზმთან დაკავშირებით და ვხედავთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ტელეფონის ეკრანზე რაღაცას კითხულობს; გოგოს, რომელიც სავარჯიშო დარბაზშია და ხანშიშესულ მამაკაცს, რომელიც ძილის წინ ტელევიზორს რთავს. ყველა მათგანი ცალ-ცალკეა გახვეული შესაფუთ ბუშტუკებიან ცელოფანში. ვიდეოს ბოლოს სწორედ ამ ბუშტუკების გახეთქვის ხმა გვესმის.

„წინასწარგანწყობების, აპათიისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა ჩეხეთის საზოგადოებაში - ეს არის „ერთი მსოფლიოს“ მე-17კინოფესტივალის მიზანი“ - ვკითხულობთ კინოფორუმის პრესრელიზში. მისი დევიზია „გახეთქე შენი ბუშტუკი“, ანუ „გაარღვიე შენი გარსი“.

აი, როგორ განმარტავს ამ დევიზს ონდჟეი მორავეცი, ფესტივალისთვის ფილმების შემრჩევი კომისიის წევრი:

„ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი ერთგვარ გარსში ცხოვრობს. ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური სახის გარსი; აზრებიც, რომლებიცგვაქვს რაღაც საკითხებზე და გვგონია, რომ მათზე ყველაფერი ვიცით. ამ დროს, ეს ასე არ არის. ამიტომ, ჩვენ თავად გვინდა ეს გარსი გავხეთქოთ, გვინდა, სხვებსაც დავეხმაროთ მათს გახეთქვაში, რათა გაიგონ, რა არის სიმართლე, მაგალითად, მუსლიმების, ბოშების ან უკრაინის ომის შესახებ.“

იმის მიუხედავად, რომ „გაარღვიე შენი გარსი“ მთლიანად კინოფესტივალის დევიზია, ის განსაკუთრებით ეხმიანება ფილმების ერთ კატეგორიას სახელწოდებით „ცოდნის უფლება“. ამ კატეგორიაში სულ 11 ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალ "ერთი მოსლიოფ - 2015"-ის ფილმების შემრჩევი კომისიის წევრი ონდჟეი მორავეცი

ფესტივალ "ერთი მოსლიოფ - 2015"-ის ფილმების შემრჩევი კომისიის წევრი ონდჟეი მორავეცი

„ცოდნის უფლება “ერთი მსოფლიოს” კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი კატეგორიაა, რადგან ის ეხება მსოფლიოს გარშემო განვითარებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ კატეგორიის ფილმები ზოგჯერ არ გამოირჩევა მაღალი კინემატოგრაფიული ხარისხით, მაგრამ გამოირჩევა პრობლემების წამოჭრის თვალსაზრისით“ - ამბობს ონდჟეი მორავეცი.

„ცოდნის უფლებაში“ შემავალი ფილმები ეხება როგორც დღევანდელობის ყველაზე მწვავე და გახმაურებულ პრობლემებს - აშშ-ის მიერ ათასობით სამოქალაქო პირის მკვლელობას უპილოტო საფრენი აპარატებით, უკრაინაში „ევრომაიდნისა“ და მის მონაწილეთა ისტორიას, ქაშმირის პოლიტიკურ სტატუსსა და ისტორიას, დასავლეთის ქვეყნებში გაზრდილ პირველი თაობის იმიგრანტებს, რომლებიც ერთიანდებიან ტერორისტულ დაჯგუფებებში, - ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებში ნაკლებად განხილულ, თუმცა არანაკლებ მწვავე საკითხებს, როგორებიცაა გუანტანამოს საპატიმროს უდანაშაულო მსხვერპლები, რელიგიური მოღვაწე ქალები, რომლებიც სხვა ქალების მხარდაჭერა-გაძლიერებით არიან დაკავებული, მდგომარეობა რუანდაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი გენოციდიდან 20 წლის შემდეგ, რუსეთის ტინეიჯერი ჰომოსექსუალების პრობლემები, ნიკარაგუის კანონი აბორტის შესახებ თუ 1980-იან წლებში ირანში მარქსისტების წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი რეპრესიები, რომელთა მსხვერპლნი დღემდე იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის.

ამ ფილმებიდან სამს ის აერთიანებს, რომ მათი საჯარო, ოფიციალური ჩვენება მწარმოებელ ქვეყნებში აკრძალულია. ამასთან, სამივე ძალადობის იმ მსხვერპლებზეა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ჩვენგან ძალიან შორს, ხშირ შემთხვევაში, საერთოდაც შეუმჩნეველი არიან.

ფილმი „ჩუმი გამოძიება“ გინეკოლოგ კლარაზეა, რომელიც ყოველდღიურად დგას ეთიკური დილემის წინაშე: სიკვდილს გადაარჩინოს თავისი პაციენტი, თუ დაელოდოს მის სასწაულებრივ გადარჩენას. 2006 წელს, ხელისუფლებაში დანიელ ორტეგას დაბრუნების შემდეგ, ნიკარაგუაში გააუქმეს თერაპიული აბორტი - უწინ მხოლოდ ეს უკანასკნელი იყო დაშვებული - რომელიც გულისხმობს ჩანასახის მოშორებას, როცა ორსულობისა თუ უშუალოდ ნაყოფის გამო ქალის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. კამერა ყოველდღიურად დაყვება კლარას სამსახურში და გვაცნობს მის პაციენტებს. ყველა, ვისაც ეკრანზე ვუყურებთ, წინასწარ დათანხმდა გადაღებას. ვხედავთ 13 წლის ორ გოგონას - ერთი მშობიარობს, მეორე კი ორსულობის ტესტს იკეთებს. ვუყურებთ 16 წლის გოგონას, რომელსაც უკვე ჰყავს ერთი შვილი და კლარასთან შიდსის ტესტის გასაკეთებლად მივიდა. მას მამინაცვალი 7 წლიდან აუპატიურებდა. გვესმის შუახნის ქალის ტირილი, რომელიც ექიმებს ევედრება, გადაურჩინონ ფეხმძიმე შვილი - ჯერ კიდევ ცოცხალი ნაყოფის გადარჩენა უკვე შეუძლებელია, მაგრამ, რაც უფრო მეტ ხანს დარჩება ის ქალის მუცელში, მით მეტი შანსია, ქალს ინფექცია შეეყაროს და საბოლოოდ დაიღუპოს. ექიმები უძლური არიან, რადგან კანონი კრძალავს ყოველგვარ ჩარევას მანამ, სანამ ემბრიონს ჯერ კიდევ აქვს სიცოცხლის ნიშნები. ჩვეულებისამებრ ენერგიული, მებრძოლი და საქმიანი კლარა, ახლა სასოწარკვეთილი ხმით საუბრობს შეუსაბამობაზე ექიმის ფიცსა და მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს შორის -შეუსაბამობაზე, რომელსაც ექიმი ყოველდღიურად აწყდება.

ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და ნიკარაგუაში გახმაურებულია ამელიას ამბავი - 28 წლის ქალისა, რომელსაც ერთდროულად დაუდგინეს გვიანი სტადიის კიბო და სამი კვირის ფეხმძიმობა. მთელი სამი თვის განმავლობაში ექიმები მას უარს ეუბნებოდნენ მკურნალობაზე, რადგან ქიმიოთერაპია ემბრიონს დააზიანებდა. ბოლოს მაინც დაიწყეს მკურნალობა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო: ამელიამ შვიდთვიანი მკვდარი ბავშვი დაბადა, შემდეგ კი თვითონაც გარდაიცვალა.

ნიკარაგუელი აქტივისტი, რომელიც პრაღაში გამართულ ჩვენებას ესწრებოდა, აბორტის შესახებ კანონის მოკლე ისტორიას გვიყვება:

კლარა კამერას თვალს უსწორებს და ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა უკანონობა ჩაუდენია და პაციენტი გადაურჩენია. ჩვენთვის, მაყურებლებისთვის, ცხადი ხდება, რომ ნიკარაგუაში ამ ფილმს ვერ აჩვენებენ. მაშ რა ფუნქცია ეკისრება ამ ფილმს? მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა? ამ კითხვაზე ნიკარაგუელ აქტივისტს ასეთი პასუხი აქვს:

„ჩვენი ქვეყანა ძალიან რელიგიური და ტრადიციების მიმდევარია. მისი მოქალაქეები მორწმუნე კათოლიკეები არიან. როცა 2007 წელს ხელისუფლებაში დანიელ ორტეგა მოვიდა, იმედი გვქონდა, რომ ვითარება შეიცვლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ალიანსი შეეკრა კათოლიკურ ეკლესიასთან. ამით მას ამომრჩევლების გულის მოგება სურდა. მთავრობასა და ეკლესიას შორის არსებობს შეთანხმება, და ის ამ შეთანხმებას არ ცვლის.“

ჰეტეროსექსუალი ქალების გარდა, ძალადობის ობიექტად ხშირად გვევლინებიან ლგბტ თემის წევრები, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდა ნაწილი. 2013 წელს რუსეთში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ახალგაზრდებისთვის ჰომოსექსუალობის პროპაგანდის მიწოდებას.

გეი და ლესბოსელი ტინეიჯერები რუსეთის ხელისუფლების მიერ ბუნებისა თუ სისტემის შეცდომად მოიაზრებიან და ეს კანონი მათს დასაჩაგრად სანქციის გაცემის ტოლფასია. სწორედ ამიტომ შექმნა ელენა კლიმოვამ ვებსაიტი სახელწოდებით „ბავშვები 404“, რომელიც ერთგვარი ფორუმია ჰომოსექსუალი ახალგაზრდებისთვის. ამავე სათაურის ფილმი მართლაც გამორჩეულია, პირველ რიგში იმით, რომ ის ერთ-ერთია იმ იშვიათ ფილმთაგან, რომლებიც უშუალოდ ტინეიჯერების ჰომოსექსუალობას ეხება. მეორეც, ფილმს ოთხი ხაზი აქვს - აქედან ორი თითო გმირის ამბავზეა აგებული, თავად ელენა კლიმოვასა და სკოლადამთავრებულ სერგეიზე, რომელიც ფილმის ბოლოს კანადაში გადადის საცხოვრებლად. ფილმის მესამე ხაზი სხვადასხვა გმირებს ერთჯერადად უთმობს დროს. მეოთხე კი, თავად მოსწავლეების მიერ გადაღებული კადრებია სახლებსა თუ სკოლებში. ეს უკანასკნელიძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის კამერის ჩაბარებით, რეჟისორმა ამ ახალგაზრდებს დაუბრუნა ხმა, რომელიც მათ საჯარო სივრცეში წართმეული აქვთ.

ფილმში მოთხრობილი ამბების მოსმენისას ჰომოსექსუალობის ყველაზე თავგადაკლულ მოძულესაც კი შეიძლება აუჩუყდეს გული. ჩვენებას ესწრებოდა კინოფესტივალის ორგანიზატორი ორგანიზაციის, „ადამიანი გასაჭირში“, დირექტორი შიმონ პანეკი. ის იზიარებს აზრს, რომ რთულია რუსეთში ჰომოსექსუალების დისკრიმინაციის თემისადმი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, როცა მთელი გულისყური მიმართულია უკრაინის კრიზისისა თუ ბორის ნემცოვის მკვლელობისკენ.

„სწორად გამიგეთ, საერთოდ პესიმისტი არა ვარ, ოპტიმისტი უფრო მეთქმის. მაგრამ თუ ვითარებას რეალისტურად შევაფასებთ, ამჟამინდელი სიტუაცია დიდად სახარბიელო ვერ არის ასეთ თემებზე სალაპარაკოდ. ახლა უნდა ვეცადოთ, მხარი დავუჭიროთ იმას, რაც რუსეთში უკვე არსებობს და მუშაობს: ახალგაზრდების არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავისუფალ თეატრებს, თავისუფალ მუსიკალურ მოძრაობას. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა არ ღირს მეტისმეტად ამბიციური პროექტების განხორციელებაზე ფიქრი. უმჯობესია ცოტა დავიცადოთ და მხარში ამოვუდგეთ იმას, რაც უკვე ფეხზე დგას და მუშაობს.“

შიმონ პანეკი იმედოვნებს, რომ რუსეთის მაყურებელი ფილმს მცირემასშტაბიან არაოფიციალურ ჩვენებებზე ან, თუნდაც, ინტერნეტის საშუალებით მაინც იხილავს. ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთის ვითარებაში გასარკვევად აუცილებელია, ფილმმა უცხოელებამდეც მიაღწიოს.

ირანულ ფილმს სახელწოდებით „ისინი, ვინც თქვა არა“, ამ ქვეყნის მაყურებელი კინოთეატრებში ნამდვილად ვერ ნახავს. ფილმი ასახავს 1980-იან წლებში ირანში მემარცხენეთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და წამების შესახებ ჩატარებულ სამდღიან სასამართლო პროცესს ჰააგაში. ამ დანაშაულების დამკვეთები და შემსრულებლები დღეს უკვე დაწინაურებული, ირანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები არიან: მთავარი მოსამართლეები, მინისტრები, ომბუცმენები. თავად ფილმში ვიზუალურად შთამბეჭდავი არაფერია - ძირითადად სასამართლო მოსმენების კადრებს ვხედავთ. მაგრამ თავზარდამცემია ხმა - მოწმეების, მათ შორის ქალების, მიერ მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების დეტალური აღწერები.

ფილმის ჩვენებისას მისი მთავარი გმირი, ერთ-ერთი ნაწამები და სასამართლო მოსმენის ინიციატორი, ირაჯ მესდაღი, დარბაზში იჯდა. ჩვენების შემდეგ ის დინჯად, ხმადაბლა და ღიმილით უპასუხებდა მაყურებლების კითხვებს.

1979 წელს მესდაღი, როგორც თავად ამბობს, ავტორიტარული და კორუმპირებული შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა მეგობრებთან ერთად, მაგრამ მოგვიანებით რევოლუციონერებმა აღმოაჩინეს, რომ ბევრად უფრო უარესი შედეგი მიიღეს ისლამური რესპუბლიკის სახით.

2012 წელს ჰააგის სასამართლომ საქმე გადასცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და თან დაურთო თავისი გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ. ამ საბჭოს შეუძლია ქვეყნებს კონკრეტული ვალდებულებები დააკისროს, მაგრამ ირაჯ მესდაღის იმის ილუზია არ აქვს, რომ ეს მალე მოხდება:

ირაჯ მესდაღი (შუაში) კინოჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიისას

ირაჯ მესდაღი (შუაში) კინოჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიისას

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაერო ასეთ დოკუმენტს იღებს. ბოლო 33 წლის განმავლობაში ამგვარი დოკუმენტი გაეროში მრავლად გვინახავს. არაერთხელ შევხვედრილვარ და მისაუბრია ხალხთან, ვისაც ამ პროცესების წარმართვა ევალება. საერთაშორისო თანამეგობრობაში ჯერ კიდევ ბევრ სირთულეს ვაწყდებით, როცა საქმე ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის თემას ეხება. გვინახავს არაერთი ისეთი დოკუმენტური ფილმიც, რომელიც ირანის ნამდვილ სახეს არ გვიჩვენებს. პრობლემა ეს არის.“

მესდაღი, რომელიც 30 წელზე მეტია, შვედეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ სიზმრებს დღემდე სპარსულ ენაზე ხედავს და ყველაზე მეტად ბაბუის სახლის ნახვა ენატრება.

სამივე ფილმზე დარბაზები თითქმის სავსე იყო. ვუყურეთ, გულთან ახლოს მივიტანეთ გმირების გასაჭირი, განვიხილეთ კიდეც ფილმები და ქვეყნების პოლიტიკური მდგომარეობა. და მერე? რას ცვლის ყველაფერი ეს ნიკარაგუაში, რუსეთსა თუ ირანში?

აი, რას მეუბნება ამ კითხვაზე ონდჟეი მორავეცი:

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, იმ ფილმების ჩვენებაა, რომლებიც მაყურებელს მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე დაფიქრებისკენ უბიძგებს. იმედი გვაქვს, - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფესტივალის სტუმართა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რომ დედამიწაზე არსებული პრობლემები სულ უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს.“

მართალია, რომ ყველაფერი გარსის გარღვევის იდეით დაიწყო. ამას ადასტურებს ერთ-ერთი მაყურებელი, რომელსაც ჩემთან საუბრის მომენტისთვის უკვე ექვსი ფილმი ჰქონდა ნანახი კინოფესტივალზე:

„ეს ფესტივალი იმით არის კარგი, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად შეგიძლია იმოგზაურო მთელს მსოფლიოში და გაეცნო პრობლემებს, რომლებიც ხალხს აწუხებს.“

XS
SM
MD
LG