Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე - თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე შენობა, თუმცა საკანონმდებლო ორგანო, რომლის ადგილსამყოფლად კონსტიტუციაში ქალაქი ქუთაისია მითითებული, თბილისში მხოლოდ ბიუროს სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს გამართავს. პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ გადასვლას ეწინააღმდეგება ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში მდებარე საქართველოს პარლამენტის ყოფილმა შენობამ ტრადიციული ფუნქცია ორი წლის შემდეგ დაიბრუნა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, რუსთაველის 8 ნომერში პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომების გამართვა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა მისამართი შეიცვალა:

„საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად რჩება ქალაქი ქუთაისი, ისე როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მაგრამ ისევე როგორც დღემდე, ორი წლის განმავლობაში, პარლამენტის საქმიანობის ცალკეული კომპონენტები ხორციელდებოდა არა ქუთაისში მდებარე შენობაში, არამედ, მაგალითად, აქვე, სანაპიროზე, იუსტიციის სახლში, რომელშიც იმართებოდა ბიუროსა და კომიტეტის სხდომები, ზუსტად ამავე რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრულია კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლით, რომელშიც ვკითხულობთ:

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

კონსტიტუციის, ანუ ამ შემთხვევაში პარლამენტის ადგილსამყოფლის, შესაცვლელად დეპუტატთა ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის, მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისის საკრებულოს წევრი ამირან ძოწენიძე მიიჩნევს, რომ ასევე კონსტიტუციის დარღვევაა საკანონმდებლო ორგანოსათვის ახალი სამუშაო სივრცის განსაზღვრა პარლამენტის გვერდის ავლით.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული სხვაგან, გარდა ქუთაისისა, იქნება კონსტიტუციის დარღვევა. კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ საპარლამენტო მუშაობა გაყოფილია პლენარულ და საკომიტეტო მუშაობებად“, უთხრა ამირან ძოწენიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ამირან ძოწენიძის ამ აზრს არ იზიარებენ პოლიტიკური ოპენენტები. მეტიც, კონსტიტუციონილსტთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს 2 სექტემბერს თბილისში ბიუროს სხდომის გამართვით კანონი არ დაურღვევია. ასე ფიქრობს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ავთანდილ დემეტრაშვილიც:

„მე ვერ ვხედავ აქ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ თუ „ნაციონალები“ ასე ფიქრობენ, მაშინ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს... საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ უნდა იყოს კონსტიტუციური ნორმა. ჩემი აზრით, მოსამზადებელი სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, კანონის მიღება, ანუ კენჭისყრა, რომელიც არ შეიძლება ჩატარდეს გარდა ქალაქ ქუთაისისა“.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებში, პირველ რიგში, საკომიტეტო მოსმენები და ბიუროს სხდომები იგულისხმება. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსთაველის 8 ნომერში მდებარე შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება პირველი ნაბიჯია გადადგმული ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანის გზაზე, რაც ქუთაისის საკრებულოს წევრის ამირან ძოწენიძის თქმით, დიდად დააზარალებს ქუთაისს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით, რაც, საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნისთვისაც საზიანო იქნება:

„თავის დროზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ერთი მხრივ, თბილისის განსატვირთავად და, მეორე მხრივ, ქუთაისისთვის პოლიტიკური ცენტრის ფუნქციის დასაბრუნებლად. როგორც კი გაჩნდა იდეა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა გადმოვიდეს და ამ იდეის რეალიზება, იმ წუთიდან ქალაქმა დაიწყო მატება და ამჟამად 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მოსახლეობამ თითქმის 20%-ით მომატა, რადგან გაჩნდა ინტერესი ადგილზე დარჩენისა და საკუთარ ქალაქში რეალიზებისა. და კიდევ: ქალაქის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარია, პარლამენტის ბიუჯეტი კი - 54 მილიონი ლარი. წარმოგიდგენიათ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით ქალაქისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მასშტაბის საბიუჯეტო ორგანიზაციის არსებობას, რომ არაფერი ვთქვათ მორალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ანდა სიამაყეზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია?“

სულ სხვა გათვლებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება, რომელიც ქუთაისში პარლამენტის გადატანას ხარჯების გაზრდასა და დეპუტატთა მუშაობის არაეფექტიანობას უკავშირებს. რაც შეეხება პარლამენტის ბალანსზე რიცხული რუსთაველის რვა ნომერში მდებარე შენობის სათანადო კონდიციამდე მიყვანას, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის შოთა გოშაძის თქმით, შენობის რემონტი და აპარატურის მონტაჟი, ჯამში, 22 მილიონი ლარი დაჯდა.

„კაპიტალურად აღვადგინეთ დანგრეული დარბაზები: პლენარული სხდომის, პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის, კინოდარბაზი, რომლებიც კატაკომბებს ჰგავდა. დანარჩენ შენობაში ძირითადად კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა, თუმცა შევიძინეთ ავეჯი, დავამონტაჟეთ სატელევიზიო სისტემები, აუდიო, კენჭისყრისა და გახმოვანების სისტემა. განვაახლეთ კომპიუტერული ქსელი, რომელიც აღიჭურვა მეშვიდე კატეგორიის კაბელით და მოვაწყვეთ სასერვეროები“, უთხრა შოთა გოშაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ამგვარი კომფორტული სამუშაო სივრცის მიუხედავად, ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არ დაარღვევენ ქვეყნის უმთავრეს კანონს და იმუშავებენ მხოლოდ პარლამენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ადგილზე, ანუ ქუთაისში.

XS
SM
MD
LG