Accessibility links

logo-print

ლაფანყურის სპეცოპერაციის უშედეგო წლისთავი


ლაფანყური, 2012 წლის 29 აგვისტო

ლაფანყური, 2012 წლის 29 აგვისტო

ლაფანყურის სპეცოპერაციის წლისთავზე უშედეგო საგამოძიებო პროცესით უკმაყოფილო სახალხო დამცველი ალტერნატიული გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ამ ინიციატივას ინტერესით შეხვდნენ სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ნათესავებიც, რომლებიც ამჟამად მიმდინარე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურებას უჩივიან და რომელთათვისაც სიმართლის დადგენა კვლავაც უმთავრეს ამოცანად რჩება. რა მდგომარეობაა ამჟამად და წარმატების რა შანსი აქვს სახალხო დამცველის ინიციატივას?

ლაფანყურის სპეცოპერაცია სახალხო დამცველის საგანგებო ყურადღებას რომ იმსახურებს, ამის დასტურად მის მიერ პარლამენტისთვის 30 ივლისს წარდგენილი ბოლო ანგარიშიც გამოდგება. 2012 წლის 29 აგვისტოს დაწყებულ სპეცოპერაციას, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, სამი სამართალდამცველისა და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრის სიცოცხლე შეიწირა, ომბუდსმენის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა და მასში ვკითხულობთ, რომ ”კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ საქართველოში”.

ანგარიშში ასახული არაერთი საეჭვო ინფორმაციის გამო (რაც, სხვათა შორის, უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ პირთა შეიარაღებასა თუ დაკვალიანებაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანთა აქტიურობასაც გულისხმობს), ომბუდსმენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციას ის აუცილებლად გამოსაძიებელ მძიმე ფაქტად მიიჩნევს და რადგანაც პარლამენტმა არ გაიზიარა მისი რეკომენდაცია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, უჩა ნანუაშვილის იმედები ამჯერად საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება:
უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი


”კითხვები, რომლებიც დაისვა ერთი წლის წინ, კვლავ ძალაშია და, პირიქით, კიდევ უფრო მეტი კითხვა არსებობს დღეს და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო პასუხი გაეცა ამ კითხვებზე. ჩვენ ვიწყებთ სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მზადებას”.

ეს განცხადება სახალხო დამცველმა 29 აგვისტოს გააკეთა - მანამდე, ვიდრე ის პანკისის ხეობაში უხუცესებთან შესახვედრად ჩავიდოდა. უჩა ნანუაშვილს იქ დიდი იმედით ელოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომელთათვისაც სიმართლის დადგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, მუსლიმანური რელიგიის აკრძალვის მიუხედავად, გამოძიებას ექსპერტიზისთვის თავიანთი მიცვალებულების ექსჰუმაციის უფლებაც კი მისცეს. მართალია, ეს ყველაფერი მაისის შუა რიცხვებში მოხდა და მას შემდეგ არცთუ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ გარდაცვლილთა ნათესავები ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმში გრძნობენ თავს. როგორც სოფელ
ეს არის როგორც ჩვენი კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული საკითხი, ასევე საერთაშორისო სტანდარტი, რომ ერთი უწყების სავარაუდო დარღვევები არ შეიძლება იმავე უწყებამ გამოიძიოს...
დუისის მკვიდრმა, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 21 წლის ასლან მარგოშვილის მამიდამ - თამარ მარგოშვილმა - უთხრა რადიო თავისუფლებას, სიმართლის დადგენის იმედი თანდათან ქრება:

”უკვე დაბნეულები ვართ, მე პირადად დაბნეული ვარ. მართლა გაჭიანურდა (გამოძიება), ნუთუ არ შეიძლება ამის ახსნა?! ძალიან გაჭიანურდა და წელავენ... რატომ წელავენ, აზრზე არ ვარ. ისევ წინასაარჩევნო პიარი იქნება თუ აზრზე არა ვარ, რაზე იწელება”.

სახალხო დამცველის ინიციატივამ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე თამარ მარგოშვილიც ოპტიმისტურად განაწყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერჯერობით არაფერი იცის ომბუდსმენის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ. ამ გეგმის დეტალები ჯერჯერობით არც თავად უჩა ნანუაშვილს დაუკონკრეტებია, ხოლო იმის გამო, რომ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია საქართველოს რეალობაში არაფექტიან მექანიზმად წარმოუდგენია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უჩა ნანუაშვილის ახალი ინიციატივის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აჟღავნებს მისი წინამორბედი - გიორგი ტუღუში:
გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში


”აქ საუბარია იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს. მე მახსოვს, რომ იყო ბრალდებები და ასევე იყო ამ ბრალდებების უარყოფაც გარკვეული პირების მხრიდან, რომლებიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იყვნენ ჩართული ამ სპეცოპერაციაში. თუ სახალხო დამცველს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია, მან იგი უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს”.

საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს შს სამინისტრო. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მერამდენედ იმეორებს მოთხოვნას, რომ საქმე გამოსაძიებლად სრულად გადაეცეს მთავარ პროკურატურას. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ეს არის როგორც ჩვენი კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული საკითხი, ასევე საერთაშორისო სტანდარტი, რომ ერთი უწყების სავარაუდო დარღვევები არ შეიძლება იმავე უწყებამ გამოიძიოს”.

გავიხსენოთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციას შს სამინისტრო ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა.

დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებამდე კახა კოჟორიძეს უჭირს იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს სახალხო დამცველის ახალი ინიციატივა საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე პროცესს, მისი თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არ გააჩნია საკმარისი ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რომ გამოძიება შეგნებულად, მავანთა ინტერესების შესაბამისად, ჭიანურდება. თუმცა თუკი სიმართლე საქართველოში ვერ დადგინდა, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეებს საია სტრასბურგის სასამართლოსკენ გაუკვლევს გზას.
XS
SM
MD
LG