Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება“ პარლამენტის თავმჯდომარესაც ეხება


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე
საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიის ”ეს შენ გეხებას” ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას იმ ძირითად მოთხოვნებს შეახსენებენ, რომლებმაც საარჩევნო გარემო თვისებრივად უნდა გააუმჯობესონ. მოძრაობის წევრებს არ აკმაყოფილებთ პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება, რომლის მიხედვითაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები არ შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ საერთაშორისო ფონდების ლეგიტიმურ აქტივობას, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მოშაობენ. რას ითხოვენ მოძრაობის აქტივისტები და რა არგუმენტებით უპირისპირდება მათ საპარლამენტო უმრავლესობა?

საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიის ”ეს შენ გეხებას” წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს უკანასკნელ სხდომაზე გამოეხმაურა. დავით ბაქრაძემ იურიდიულ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს კანონის ტექსტის რედაქტირება და მესამე სექტორთან აქტიური კონსულტაციების წარმოება დაავალა:

„შესაძლებელია ტექსტის შეცვლა ისე, რომ, ერთი მხრივ, არ დაზიანდეს კანონის მიზანი და ამოცანა და, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ ლეგიტიმურ აქტივობებს ეს კანონი არანაირად არ შეზღუდავს.“

თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა პირობებსაც შეახსენებენ. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, პარტიებისათვის თანაბარი საარჩევნო პირობებისა და მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი წინადადებების გათვალისწინება:

„გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს.

დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისათვის დადგენილ შეზღუდვებს, შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც განცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გასწევენ ხარჯებს.

განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფალი მანიპულირების საშუალება.“

ქეთი ხუციშვილის თქმით, ასევე დეტალურად გასაწერია ყადაღის წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, ისევე როგორც განსასაზღვრია სასამართლოს როლი იმისათვის, რომ ქონებისათვის ყადაღის დადება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე.

ქეთი ხუციშვილის თქმით, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად სხვა არაერთი ცვლილების მიღებაა საჭირო. მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილიც ამბობს, რომ მოქმედი კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კონტროლის პალატას თავისუფალი მანიპულირების საშუალებას აძლევს:

„მაშინ, როცა არ არის გაწერილი, ვის ეხება შეზღუდვა და როგორ უნდა მოხდეს შეზღუდვის გამოყენება, მის სამართლიან გამოყენებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში კონტროლის პალატამ გაშიფრა გარკვეული გადარიცხვები. თუკი ამ მიდგომას იყენებს, მაშინ ის უნდა გამოიყენოს თანაბრად ყველა სუბიექტისა და ყველა ინდივიდუალური შემომწირველის მიმართ. ყველა შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოს კონტროლის პალატა, რომ ამ გადარიცხვების უკან არ დგას უკანონო გარიგებები.“

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების თქმით, პარტიებისა და სხვა პირებისათვის დაწესებული სანქციებიც, მათი არაგონივრულობის გამო, დროულ შეცვლას საჭიროებს. ასე ფიქრობს ირაკლი მელაშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „არჩევნების თავისუფლებისათვის“:

„ერთმა და იმავე პირმა სამ პარტიას 40-40 ათასი ლარი რომ გადაურიცხოს, ანუ გაიღოს 60 ათასზე მეტი, მეორე და მესამე პარტია ვერ მიხვდება, რომ კანონს არღვევს, ჯარიმის სახით კი ათმაგი თანხა - 400 ათასამდე - დაერიცხებათ.“

თუმცა ოპონენტთა არგუმენტების დიდ ნაწილს არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბალავაძის თქმით, მოსყიდვის შემთხვევაში ლოგიკურია როგორც ქრთამის მიმცემის, ისე ამღების დასჯა. ბალავაძეს განსხვავებული პოზიცია აქვს საჯარიმო სანქციების მოცულობასთან დაკავშირებითაც:

„პრევენციაა: არ უნდა დააშაო და არც გადაიხდი! 40 ლარი რომ იყოს ჯარიმა, ცხადია, გადაიხდის დამრღვევი და 400 ათას ლარს გაათეთრებს. ერთია, თუ საქმე გვაქვს ტექნიკურ გადაცდომასთან და ამაზეა სანქცია არაადეკვატური. ასეთ შემთხვევაში არგუმენტი მისაღები იქნებოდა, მაგრამ როცა მიზანმიმართულად მოქმედებს, მაშინ, ცხადია, მკაცრად უნდა დაისაჯოს. ასევე, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, მაგრამ ის, ვინც ამაში მონაწილეობს, ისიც პასუხისმგებელია“, უთხრა ვახტანგ ბალავაძემ რადიო თავისუფლებას.

საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საჭიროებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაარწმუნოს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვთ მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ წევრებსაც, რომლებიც, საარჩევნო გარემოს შეფასება-მონიტორინგის მიზნით, საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევას მოითხოვენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, შესაბამისი შინაარსის წერილს მთავრობას 9 მარტს გადასცემენ:

„ასევე ჩვენ მივმართავთ ევროკავშირსა და ეუთოს იმისათვის, რომ დღის წესრიგში ჩასვან ეს საკითხი და თავისი მხრიდან გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მათ მოიწვიონ საერთაშორისო დამკვირვებლები.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG