Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, ესტონ კოჰვერს, რომელსაც დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 20-ზე მეტი წლით პატიმრობა ემუქრება. კოჰვერის საქმე ცხარე დავის საგანია მოსკოვსა და ტალინს შორის.

ესტონეთი აცხადებს, რომ მისი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ესტონ კოჰვერი, ესტონეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებით შეიპყრეს რუსეთის აგენტებმა და აიძულეს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა. მაშინ, როცა მოსკოვი ირწმუნება, რომ ესტონ კოჰვერი რუსეთის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული საიდუმლო ოპერაციის განხორციელებისას, რომ მას აღმოუჩინეს ნაღდი ფული, იარაღი, ჩასაწერი მოწყობილობები და რომ ის ცდილობდა რუსი ოფიციალური პირის მოსყიდვას.

ინციდენტი შარშან, 5 სექტემბერს მოხდა – ორიოდე დღეში მას შემდეგ, რაც ესტონეთს ეწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბალტიისპირელ პარტნიორს, ნატოს წევრ ესტონეთს დაუდასტურა უშიშროების გარანტიები, რუსეთთან გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.

ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში მდებარე ფსკოვის საოლქო სასამართლომ, 2 ივნისის გადაწყვეტილებით, 4 აგვისტომდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ესტონ კოჰვერს. მისი სასამართლო პროცესი 8 ივნისს უნდა დაიწყოს და, სასამართლოს წარმომადგენლის განმარტებით, ყველა მომდევნო სხდომა დახურული იქნება. მათზე დასწრების უფლებას არ აძლევენ არც მოსკოვში ესტონეთის კონსულს.

კოჰვერისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული რუსი ადვოკატი, ევგენი აქსიონოვი როგორც განმარტავს, ესტონეთის კონსულს შეუძლია ფსკოვის სასამართლოს სთხოვოს ნებართვა, თუ სურს, სასამართლოს შენობაში დაკავებულთათვის განკუთვნილ ადგილზე შეხვდეს ბრალდებულ კოჰვერს.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს, რომელიც 10 წუთით შეუშვეს ფსკოვის საოლქო სასამართლოს დარბაზში 2 ივნისის სხდომის დაწყებამდე, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კოჰვერი ჯანმრთელადაა.ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ასევე ცნობას, რომ 2 ივნისს რუსმა პროკურორებმა ახალი ბრალდება დაუმატეს ესტონ კოჰვერს: იარაღის უკანონო ფლობა, რის შედეგადაც პატიმრობის ხანგრძლივობა შესაძლოა სამი წლით გაგრძელდეს, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.

მანამდე კოჰვერს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა ჯაშუშობის, იარაღის უკანონო ტარებისა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებების საფუძველზე. ესტონ კოჰვერი არის ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ. KaPo-ს ოფიცერი. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებულ ამ უწყებას ევალება კონტრდაზვერვა, კონტრტერორისტული საქმიანობა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, იარაღისა და რადიოაქტიური მასალების ტრეფიკინგის აღკვეთა.

ტალინი ამტკიცებს, რომ რუსმა აგენტებმა ესტონეთის ტერიტორიაზე კვამლის ყუმბარა გამოიყენეს კოჰვერის მოსატაცებლად და, მოგვიანებით, თავდასხმის ადგილას აღმოჩენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ესტონელი ოფიცერი იძულებით გადაიყვანეს, ფაქტიურად, გადაათრიეს რუსეთის ტერიტორიაზე. ფსკოვის სასამართლოში ესტონეთიდან არც ერთი მოწმე არ მიუწვევიათ. ცნობების თანახმად, ესტონ კოჰვერი ცდილობდა, შეხვედროდა რუს ინფორმატორს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ემსახურებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რუსების დანაშაულებრივ ჯგუფებსა და ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე კონტრბანდას შორის კავშირის დადგენას.

ესტონეთი „ძალიან შემაშფოთებელს“ უწოდებს კოჰვერის საქმეს. შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირიც, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთს ესტონეთის მოქალაქის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ“. ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის მოქმედება – უშიშროების სამსახურის მიერ ესტონეთის ტერიტორიიდან კოჰვერის მოტაცება – მიმართულია საერთაშორისო სამართლისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის წინააღმდეგ. რუსეთისაგან ესტონ კოჰვერის ესტონეთისათვის „დაუყოვნებლივ“ დაბრუნებას მოითხოვს შეერთებული შტატებიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG