Accessibility links

logo-print

ესტონეთს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ხილვა სურს


თომას ჰენდრიკ ილვესი, გიორგი მარგველაშვილი

თომას ჰენდრიკ ილვესი, გიორგი მარგველაშვილი

ესტონეთი კვლავაც მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე – აცხადებს თბილისში სტუმრად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი და ურჩევს ქართველ ხალხს, რომ სკეპტიკოსებს ყოყმანის საფუძველი ბევრი შრომით, წინსვლითა და წარმატებით გაუქრონ. ესტონეთის გამოცდილებაზე თომას ჰენდრიკ ილვესმა 3 ივნისს, სასტუმრო „რუმსში“ ატლანტიკური საბჭოსა და ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა და, მაგალითად, განმარტა, თუ როგორ გააადვილა ევროკავშირის წევრობამ ნატოში გაწევრიანება. თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

თომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოში განსაკუთრებულ მეგობრად იცნობენ და დღემდე კარგად ახსოვთ, თუ როგორ ჩამოვიდა ის თბილისში, 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი ჯერ ისევ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას. მას შემდეგ ესტონეთმა საერთაშორისო სარბიელზე კიდევ ბევრჯერ დაადასტურა საქართველოსთან მეგობრობის სიმტკიცე და როგორც პრეზიდენტი ილვესი ამბობს, ეს ასევე იქნება მომავალშიც.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „სამაგალითოს“ უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც 3 ივნისს უმასპინძლა ესტონეთის პრეზიდენტს. როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი რუსეთის აგრესიასაც შეეხო:

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

„ცხადია, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ერთად გვაქვს ქართველ და ესტონელ ხალხს. ეს არის რუსული აგრესია, რუსეთის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა იმპერია და, ცხადია, რუსეთის ამ გეგმაში არის არა მხოლოდ საქართველო, არამედ კიდევ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას და ომის რაც შეიძლება მალე დამთავრებას. და ჩვენ მივიღეთ, კიდევ ერთხელ, ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციის პროცესში და ნატოში ინტეგრაციის პროცესში“.

ესტონეთის მზადყოფნაზე – მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში – პრეზიდენტმა ილვესმა 2 ივნისს პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ხოლო 3 ივნისს ასევე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, „საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს“. საგანგებოდ აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში – პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებებით.

ჩვენ არასოდეს დაგვრთავდნენ ნატოში შესვლის ნებას, ვიდრე არ გავწევრიანდებოდით ევროკავშირში. რადგანაც, თუკი ჩვენ არ ვიქნებოდით ევროკავშირში, ყოველთვის გამოიძებნებოდნენ ევროკავშირის დიდი ქვეყნები, რომლებიც ვეტოს დაადებდნენ ჩვენს გაწევრიანებას ნატოში...

რეფორმების განგრძობადობის, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისა და პოლიტიკური და საჯარო სამსახურების გამიჯვნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა თომას ჰენდრიკ ილვესმა 3 ივნისს ატლანტიკური საბჭოსა და ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სახელწოდებით „სვლა ევროპული გზით. სახელმწიფოს მშენებლობის გამოწვევები“. მისთვის სწორედ განვითარება და წინსვლა წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებელ პირობას და ამიტომ ურჩევს ქართველ ხალხს, რომ რიგის სამიტის შემდეგ გამოვლენილ იმედგაცრუებას შრომა დაუპირისპირონ და, ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, უვიზო მიმოსვლის ნებართვაც არ დააყოვნებს.

ესტონეთის პრეზიდენტი შეგვახსენებს, რომ, მართალია, ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების ბილეთი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტი არ გამორიცხავს ასეთ პერსპექტივას. 3 ივნისს გამართულ შეხვედრაზე თომას ჰენდრიკ ილვესმა ის დრო გაიხსენა, როცა ესტონეთის მთავარ მიზანს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენდა, მაგრამ მან, იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარშემომყოფთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, წამოაყენა წინადადება, რომ ნატოზე ადრე ქვეყანა ევროკავშირში უნდა გაწევრიანებულიყო. დასკვნა თომას ჰენდრიკ ილვესმა უცხოელი პარტნიორების შეფასებებისა და პოზიციების გათვალისწინებით გამოიტანა:

„ჩვენ არასოდეს დაგვრთავდნენ ნატოში შესვლის ნებას, ვიდრე არ გავწევრიანდებოდით ევროკავშირში. რადგანაც, თუკი ჩვენ არ ვიქნებოდით ევროკავშირში, ყოველთვის გამოიძებნებოდნენ ევროკავშირის დიდი ქვეყნები, რომლებიც ვეტოს დაადებდნენ ჩვენს გაწევრიანებას ნატოში. მაგრამ, თუკი ესტონეთი იქნებოდა ევროკავშირის წევრი, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ის ქვეყნები აღარ დაბლოკავდნენ ჩვენს წევრობას ნატოში, ეს შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, მე ვამბობდი, რომ ჯერ უნდა გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში და შემდეგ ნატოში. ევროკავშირის გარეშე არც ნატო იქნებოდა“.

ჩემი აზრით, ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოსავლეთევროპული ქვეყანაა, რომელმაც, ცივი ომის დასრულების შემდეგ, მოახერხა, ერთი მხრივ, დემოკრატიის კონსოლიდირება და, მეორე მხრივ, ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარება...

გეგმამ გაამართლა და ახლა ესტონეთის პრეზიდენტი ურჩევს საქართველოს, რომ ნატოში გაწევრიანების მისწრაფების პარალელურად, გულმოდგინედ შეასრულოს ევროკავშირთან დაახლოების საშინაო დავალება.

ესტონეთი მისაბაძი ქვეყანაა საქართველოსთვის – ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე, რომელიც ოთხშაბათს სასტუმრო „რუმსში“ გამართული შეხვედრის მოდერატორიც იყო:

„ჩემი აზრით, ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოსავლეთევროპული ქვეყანაა, რომელმაც, ცივი ომის დასრულების შემდეგ, მოახერხა, ერთი მხრივ, დემოკრატიის კონსოლიდირება და, მეორე მხრივ, ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარება. ამან ესტონეთს მოუტანა სტაბილურობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორედ შესაძლებელი გახდა ამ რეფორმების წარმატებით გატარების შედეგად“.

დავით სიხარულიძე ლაპარაკობს ესტონეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარ გზავნილზეც, კერძოდ,საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ სკეპტიკოსებს აღარ დარჩეთ არგუმენტები, რითაც ისინი მოახერხებენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შეჩერებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG