Accessibility links

logo-print

ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა წელიწადის რამდენიმე თვეს ნიუ- იორკში ატარებს. ახალ ნახატებს იამაკის კუნძულზე ქმნის. წელიწადში რამდენიმე თვე კი - თბილისშია.

იგი მსოფლიოში ცნობილი სახელი და ერთ-ერთი ძვირად ღირებული ნამუშევრების ავტორია. საკუთარი სახლი არც იამაკის კუნძულზე აქვს, სადაც მისი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს, ძირითადად, და არც ნიუ-იორკში, სადაც ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. სახლი, სადაც ამჟამად არის გაჩერებული, მეგობარმა ათხოვა. აივნიდან მანჰეტენის ბოჰემური, "ისტ ვილიჯის" ხედი იშლება. საუბარი პრობლემებით იწყება. ვენეციაში ჯგუფურ გამოფენაზე გაგზავნილი მისი ნახატები საბაჟომ შეაჩერა. უცხოეთის ქვეყნებში გამოფენისთვის ნახატების გაგზავნა სირთულეებს, რისკს და საკმაოდ მაღალ ფასს უკავშირდება:

ეთერ ჭკადუა: დიდი გამოფენების დროს ვენეციის საბაჟო ისეთ კანონებს იშველიებს, როცა პატარა, უმნიშვნელო საკითხი პრობლემა ხდება, და შეასაბამისად, ისინი მეტი შემოსავლის მიღების მიზნით უამრავ მოთხოვნას გიყენებენ. ძალიან ძვირია დაზღვევა, ახალგაზრდა არტისტებს არ აქვთ ეს თანხები და ამიტომ ბევრი ვერც მონაწილეობს. საქართველოში თითქოს შეჩვეულია ყველა, რომ მხატვარი ფიროსმანივით უნდა მოკვდეს. ყველას ასეთი რომანტიული იმიჯი აქვს. თუმცა, სინამდვილეში დღეს არის კაპიტალისტური წყობა და ხელოვნება სხვა მასშტაბებით იზომება. დიდი ფინანსებია საჭირო რომ საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცეს ხელოვანი. შვედეთში ბოლო გამოფენის დროს 6 ნახატის გაგზავნა 30 ათასი დოლარი დაჯდა.

ეთერ ჭკადუა (შუაში)

ეთერ ჭკადუა (შუაში)

ამ გამოფენამდე იყო ნიუ-იორკის ეკოლოგიური პროექტი, სადაც ცნობილ თანამედროვე არტისტებთან ერთად ეთერ ჭკადუაც მონაწილეობდა. წყლის პროექტზე შექმნილი ორიგინალური ნახატის გაყიდვით მიღებული თანხა ინდონეზიას წყლის რეზერვუარების შენებისთვის გადაეცა. მანჰეტენზე, შენობებზე დამონტაჟებული წყლის რეზერვუარების კონკრეტული გზავნილის შემცვლელი აპლიკაციით შექმნაზე კი ნიუ-იორკში ცნობილ მხატვრებს შორის ეთერ ჭკადუამაც იმუშავა. მის მიერ შექმნილი რამდენიმე ვერსიიდან წყლის ბაქტერიების თემა შეარჩიეს, სადაც მხატვარმა დიზინტერიის და სხვადასხვა ინფექციების გამომწვევი წყლის ბაქტერიები, როგორც თავად ამბობს, მხიარულ ფერებში წარმოაჩინა.

ეთერ ჭკადუა: ამ პროექტზე მე ოთხი თვე დავხარჯე და არანაირი კომპენსაცია არ მიმიღია. თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ყველფერი რაღაცას ემსახურება. საქართველოში ყველაფერი დადის იქამდე, თუ როგორ გაიყიდება, ალბათ ეს ღარიბი ქვეყნის სიტუაციაა. ეს გასაგებია. მაგრამ როგორც კი ფინასნურ შედეგზე იწყებ ფიქრს შეიძლება სხვანაირად გადაწყვიტო, და მთელი სულით არ იყო განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, როგორ დაეხმაროს არტისტს. რადგან ჩვენ თუ ამაზე ვიფიქრებთ, ვეღარ გავაკეთებთ ისეთ ხელოვნებას, რაც საინტერესოა თავისთავად და ვიფიქრებთ როგორ ვიშოვოთ ფული.

"სიყვარულის ბომბები" ეთერის და მისი ძმის გოჩა ჭკადუას ერთობლივი პროექტია. ეს არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ღრუბლის მასალისგან დამზადებული ბომბის ფორმის ფერადი ყვავილები, სამკაულები, რომლებიც როგორც ავტორები თვლიან უფრო გაგამხიარულებს, ვიდრე აგრესიას მოგგვრის. ქუჩაში გადაყრილ სხვადასხვა პლასტმასის მასალას გოჩა ჭკადუა იმ მიზნით აგროვებს, რომ მისგან რაღაც ახალი შექმნას.

გოჩა ჭკადუა: პატარა საჭრელი ინსტურმენტებით ქუჩაში ყოველთვის დავდივარ. თუ განსაკუთრებით ლამაზი ბოთლი შეგვხვდა, ვიღებთ და სახლში მოგვაქვს, მერე გამოფენაზე გაგვაქვს. გასაყიდად არ გვემეტება. ზოგს ისე მოეწონა შუშის ეგონა.

მხატვარი ეთერ ჭკადუა თანამედროვე ქართველი მხატვრების მდგომარეობაზე და გალერეების დამოკიდებულებაზეც საუბრობს.

ეთერ ჭკადუა: უცხოელი როდესაც ჩადის საქართველოში და აქვს ძალიან ცოტა დრო და სურს ნახოს როგორი მსოფლმხედველობაა ქვეყანაში, ამისათვის სურს უცბად შევიდეს გალერეაში და თანამედროვე მხატვრების ნახატები იხილოს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არცერთი კარგად გარემონტებული სივრცე საქართველოში რუსთაველზე მთავარ ქუჩაზე, სადაც ზუსტად ეს უნდა ხდებოდეს, არ არის დაინტერესებული თანამედორვე ხელოვნების ასეთ აღიარებაზე. ბევრ ქართველ ხელოვანს საზღვარგარეთ კარგ მუზეუმში გამოფენა აქვს, და თავიანთ ქვეყანაში, ნაციონალურ გალერეაში არ ღირსებია მთავარ სართულზე სამთვიანი, თუნდაც ერთთვიანი გამოფენა.

ჯან-ენცო სპერონე ეთერ ჭკადუას დილერი და კოლექციონერია, რომელმაც დიდი ხნის წინ მის ნახატებში ინვესტიცია ჩადო, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ამ ნახატებს აღარ ყიდის. კერძო დილერების შეფასებით, მისი ნახატების ფასი ხშირად 50 ათას დოლარს აღემატება. დიდი შავთვალება გოგო, შავი ნაწნავებით, რომელსაც თავად ავტორს ბევრი ამსგავსებს, მის შემოქმედებაში მთავარი სახეა. ეს სახე მსოფლიოს შეძლებული ადამიანების ძვირადღირებულ კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

XS
SM
MD
LG