Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ


31 წლის ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშებიდან. ის საუკეთესო რვა ეტლით მოფარიკავეთა შორის მოხვდა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. არაერთი მედლის მფლობელი და ტურნირის გამარჯვებული ახალ წარმატებებს გეგმავს. მისი იმედი აქვს ირმას მწვრთნელსაც.

რვა წელი დიდი დროა იმისთვის, რომ იჯდე ეტლში და ელოდო დროს, როცა ისევ შეძლებ გავლას ზუსტად ისე, როგორც მთელი 18 წელი დადიოდი, და არაფერი აკეთო გარდა რუტინული, ყოველდღიური ვარჯიშისა, ვარჯიშის, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ხელახლა ისწავლო სიარული. ეს მიზანი აქვს შენს მშობლებსაც, მეგობრებსაც და შენც და, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ასრულებ ყველა დავალებას, რომლის დაძლევაც შენი ვალია. რვა წლის თავზე კი ხვდები, რომ ცხოვრებაში სხვა, უკეთესი მიზნებიც არსებობს, ვიდრე, უბრალოდ, სიარულია, ტოვებ მშობლების სახლს და სხვა ქალაქში მიდიხარ საცხოვრებლად. ეს ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანის ამბავია, რომელმაც უარი თქვა ჰქონოდა ერთადერთი მიზანი - ხელახლა ესწავლა სიარული და აღმოაჩინა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისკენ ეტლის ბორბლებსაც შეეძლო წაეყვანა. ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა და პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფის-მენეჯერად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე ხანში კი მეგობრებისგან, მისი თქმით, ერთი უცნაური შეთავაზება მიიღო - ხომ არ სცდიდა ბედს ფარიკაობაში. ამბავი 2013 წელს დაიწყო, ანუ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში პირველად ჩაეყარა საფუძველი ეტლით ფარიკაობას, როგორც სპორტის სახეობას:

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ
please wait

No media source currently available

0:00 0:09:40 0:00
გადმოწერა

„თავიდან ცოტა განცდა მქონდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი შეთავაზებას. ეს სიახლე იყო ჩემთვის და მიყვარს სიახლეები. ჩემს გონებაში და ქვეცნობიერში ვფიქრობდი, რომ, ალბათ, უფრო მოყვარულის დონეზე დავიწყებდი ვარჯიშს, რადგან ვერაფრით წარმომედგინა, რომ შშმ პირებისთვის სპორტს მაღალი მიღწევები შეიძლებოდა მოეტანა. მაშინ, სამწუხაროდ, პარაცენტრი არ არსებობდა და ვაკეში, ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, ვვარჯიშობდით და ვვარჯიშობდით ჩვენი მანევრირებადი ეტლებით, რაზეც ვარჯიში, ფაქტიურად, წარმოუდგენელია. თუმცა პირველივე ჯერზე რომ იარაღი დავიჭირე ხელში, გვყავდა ფრანგი მწვრთნელი, რომელიც არაჩვეულებრივად ერკვეოდა შშმ პირებთან ურთიერთობებში. ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე გაკვეთილი იქცა ჩემი მომავალი მიღწევების საფუძვლად“.

პირველი და დაუვიწყარი მედალი მივიღე კანადის გრანპრიზე, სადაც ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი მოვიპოვე - და ეს ყველაფერი, სულ რაღაც ორი თვის დაწყებული მქონდა ვარჯიში და სპეციალური ეტლები შეჯიბრებამდე ორი კვირით ადრე ჩამოგვივიდა...
ირმა ხეცურიანი

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ამ სამ წელში ირმა არაერთი პრესტიჟული ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული გახდა. სპორტული მიღწევებისათვის ის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2015 წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ტიტულით დააჯილდოვა. წარმატებებიდან გამორჩეულად რამდენიმე და მათ შორის, ცხადია, პირველი წარმატება ახსოვს, წარმატება, რომელიც ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მოვიდა:

„პირველი და დაუვიწყარი მედალი მივიღე კანადის გრანპრიზე, სადაც ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი მოვიპოვე - და ეს ყველაფერი, სულ რაღაც ორი თვის დაწყებული მქონდა ვარჯიში და სპეციალური ეტლები შეჯიბრებამდე ორი კვირით ადრე ჩამოგვივიდა. იმდენად წარმოუდგენელი შედეგი იყო ეს, რომ ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ გამიმართლა და იღბალი ჩემ მხარეზე იყო-მეთქი. ამ წარმატებამ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ შემდეგ უკვე მეტი შემართებით მეფარიკავა და იმ ფიქრით, რომ ეს ჩემი მომავალი კარიერაა და მე ამ კარიერაში თავი უნდა დავიმკვიდრო“.

ირმა ორი სახის იარაღით ფარიკაობს - რაპირა და ხმალი. ხმლით ფარიკაობა ირმას ძლიერი მხარეა. მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს ის სწორედ ხმლით ფარიკაობაში იკავებს, სწორედ ხმლით ფარიკაობამ მოუტანა ირმას ოქროსა და ვერცხლის მედლები:

„რაპირით ფარიკაობაში, სამწუხაროდ, მედლები ვერ, მაგრამ ხმლით ფარიკაობაში უკვე გვაქვს ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ა.შ. რომ მოვკიდებ ხოლმე ჩემს მედლებს ხელს, ზოგი მავიწყდება კიდეც სად ავიღე და ვიხსენებ წარწერებით. ყველაზე მთავარი იყო მაინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ხმლით ფარიკაობაში. ორივე პირველობაზე ვერცხლის პრიზიორი გავხდი, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მარტივად შემეძლო ოქროს მოპოვებაც“.

ერთ-ერთი მთავარი გამოცდა ირმა ხეცურიანმა სულ ცოტა ხნის წინ რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე ჩააბარა. ირმამ თამაშებზე მეშვიდე ადგილი დაიკავა და რვა საუკეთესო ეტლით მოფარიკავეს შორის მოხვდა. მისი მწვრთნელი მალხაზ მესხი ამბობს, რომ ეს ირმასთვის კარგი შედეგია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ფარიკაობა სულ სამი წლის წინ დაიწყო:

„რვა საუკეთესო რაპირისტს შორის დღესდღეობით ირმას ადგილი არის და, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი სურვილი და იმედიც, რომ ძალიან მოკლე დროში ირმა ოთხ საუკეთესო ეტლით მოფარიკავე რაპირისტს შორის უნდა მოიაზრებოდეს. პრაქტიკულად დღე და ღამე ვიშრომეთ. არ დაგვიტოვებია არც ერთი სარეიტინგო შეჯიბრი, არც ერთი საერთაშორისო მასშტაბის, მაღალი ხარისხის შეკრება, მსოფლიოს წამყვან მოფარიკავეებთან ერთად გავიარეთ შეკრებები და იმიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. ხანდახან მეშინოდა, რომ ვერ შეძლებდა ფიზიკურად ამდენ დატვირთვას, დიდი შრომა მოუწია ირმას ამ სამი წლის განმავლობაში და საფუძველი ისეთია ჩაყრილი, რაზეც ძალიან თავისუფლად შეიძლება დაშენება“.

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:38 0:00

მალხაზი და ირმა ახლა ერთმანეთის პირისპირ სპეციალურ, ფიქსირებულ ეტლებში სხედან და ერთმანეთს რაპირებით ეფარიკავებიან. ისინი ახლა, უბრალოდ, ვარჯიშობენ, ან, სხვანაირად თუ ვიტყვით, ერთმანეთის დამარცხებაზე ფიქრობენ. ჩვენ ერთმანეთს ვატყუებთო, მეუბნება ირმა და თან მეტოქეს ებრძვის. ეს ასეთი სპორტის სახეობაა, მატყუარა უნდა იყოო, ამბობს ირმა:

„ერთადერთი სურვილი და ერთადერთი ფიქრი რაც მაქვს, ის არის, თუ როგორ დავამარცხო მეტოქე. შევხედო, როგორ ფარიკაობს. თუ გონებრივად და ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, არაფერი გამოვა. ეს სპორტი მთლიანად გონებაზეა აგებული. თუ რამდენად შეგიძლია მოატყუო შენი მოწინააღმდეგე, რამდენად შეგიძლია გამოიცნო მისი დაგეგმილი ქმედება“.

დიღომში, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, მალხაზ მესხის თქმით, დღეს ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ეტლით მოფარიკავეებმა სრულყოფილი მომზადება შეძლონ. ყველაფერი კი სამი წლის წინ ნულიდან დაიწყეს, მაშინ, როდესაც მას და მის კოლეგას, მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ეტლით ფარიკაობის, როგორც სპორტის სახეობის, განვითარების იდეა გაუჩნდათ. იდეა კი ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე ყოფნისას დაიბადა, სადაც ჯანსაღ მოფარიკავეთა პირველობის პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი ეტლით მოფარიკავეთა შორის. დღეს საქართველოში სულ შვიდი ეტლით მოფარიკავეა, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ პარასპორტის განვითარების ცენტრში.

ყოველდღიურ ვარჯიშს აგრძელებს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ირმა ხეცურიანიც, რადგან მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს არც ის და არც მისი მწვრთნელი. მომდევნო შეჯიბრებებზე ირმას წარმატების იმედი აქვს მის მწვრთნელ მალხაზ მესხსაც. ამის იმედს ირმას, როგორც მოფარიკავის, რამდენიმე თვისება აძლევს:

როდესაც საუკეთესო რვაში ხარ, ეს ნიშნავს, რომ პოტენციური გამარჯვებული ხარ და უკვე უნდა დავიმკვიდრო თავი საუკეთესო ოთხში. ყოველთვის უნდა ვიყო საპრიზო ადგილებზე, რაც, რა თქმა უნდა, დიდი ამბიციაა, თუმცა შესაძლებელია და არ არის წარმოუდგენელი...
ირმა ხეცურიანი

„პირველ რიგში, ინტელექტი. ფარიკაობა არ არის ძალისმიერი სპორტი, აქ საჭიროა გონებრივი შრომა. ირმას შედეგები არის მოწმე მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და, ასევე, შრომისმოყვარეობა. ირმას უყვარს შრომა“.

კარგია, რომ მივხვდი, რომ სპორტსმენი ვარ, ამბობს ირმა, რომელიც თვლის, რომ სწორედ სპორტმა დაუბრუნა მას საკუთარი თავის რწმენა, აპოვნინა საკუთარი თავი და სრულფასოვანი ადგილი საზოგადოებაში:

„იმდენად ჩვეულებრივ რეჟიმად მექცა ყოველდღიური ვარჯიში, ყოველდღიური ურთიერთობა ადამიანებთან და კონტაქტი საზოგადებასთან, რომ ჩემთვის დღეს კითხვას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სოციუმს თქვენთან, უკვე აღარ ვიცი, რა პასუხი გავცე, რადგან ჩემთან ადამიანებს იდეალური დამოკიდებულება აქვთ - არა იმიტომ, რომ სხვა ადამიანებში მოხდა გარდატეხა, არა, ეს გარდატეხა ჩემში მოხდა და მე თვითონ შევიქმენი ის გარემო ჩემი გუნდის დახმარებით, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და ყოფითი პრობლემები მეასეხარისხოვანია და ძირითადად ვფიქრობ, საქმე ვაკეთო, დავამტკიცო ის, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ მაღალი მიღწევების სპორტის წარმომადგენლები“.

ოქტომბრის დასაწყისში ირმა ჩრდილოეთ ამერიკის ღია პირველობაზე დეტროიტში მიემგზავრება, რასაც მოჰყვება მსოფლიო თასის ბოლო ეტაპი იტალიაში, ქალაქ პიზაში, და, რაც მთავარია, ოთხი წლის შემდეგ, ისევ პარაოლიმპიადა, ამჯერად ტოკიოში:

„წინ კიდევ ოთხი წელი გვაქვს ტოკიოს პარაოლიმპიადისთვის, სადაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო რაპირის შედეგი. როდესაც საუკეთესო რვაში ხარ, ეს ნიშნავს, რომ პოტენციური გამარჯვებული ხარ და უკვე უნდა დავიმკვიდრო თავი საუკეთესო ოთხში. ყოველთვის უნდა ვიყო საპრიზო ადგილებზე, რაც, რა თქმა უნდა, დიდი ამბიციაა, თუმცა შესაძლებელია და არ არის წარმოუდგენელი. ხმლით ფარიკაობაში იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და აუცილებლად იქნება ხმლით ფარიკაობა ოლიმპიური სახეობა პარაოლიმპიადაზე, სადაც უკვე ოქროს ვგეგმავ და აუცილებლად ოქროს ავიღებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG