Accessibility links

logo-print

თბილისში ხშირად შეხვდებით ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე გაჩერებულ მანქანებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი აწუხებთ, ამ თემაზე ხშირად გამოთქვამენ პროტესტს, თუმცა უშედეგოდ. ამ ამბის წინ წამოსაწევად 21 ნოემბერს თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

თბილისში, რუსთაველის მეტროსთან ახლოს, 21 ნოემბერს, დილიდან, უჩვეულო სანახაობას შეხვდებოდით. გზაზე, სადაც, ჩვეულებრივ, მანქანების პარკირების ადგილია, ეტლები რამდენიმე რიგადაა ჩამოლაგებული. თავისუფალი მხოლოდ ერთი ზოლია - ის, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანების პარკირებისთვისაა განკუთვნილი.

ამ აქცია-პერფორმანსის იდეის ავტორი სანდრო ციცქიშვილია. როგორც ამბობს, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ქართველმა მძღოლებმა ცოტა ხნით მაინც იგრძნონ ის დისკომფორტი, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს ქუჩაში უქმნიან:

„სარეკლამო სააგენტო JWT Metro და საქველმოქმედო ორგანიზაცია „სიცოცხლის ხე“ გაერთიანდნენ, რომ გააკეთონ პატარა ქეის ვიდეო - აქცია, რომელიც ეხება 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს. პარკინგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას, ყოველთვის დგას სხვისი მანქანა, ამიტომაც ისინი, ფაქტობრივად, ვერასდროს აყენებენ იქ თავიანთ მანქანებს.

დაახლოებით თორმეტი საათისათვის ეტლებთან უკვე მოგროვდნენ დაინტერესებული გამვლელები. უჩვეულო სანახაობას ჯერ აკვირდებოდნენ, ამბის გარკვევას ცდილობდნენ, შემდეგ კი თავიანთ შთაბეჭდილებებზე საუბრობდნენ:

გამვლელი 1: კარგია, იმიტომ რომ მანქანები არ უნდა ჩერდებოდნენ იქ, სადაც ეტლით მოსარგებლეები უნდა გაჩერდნენ.

გამვლელი 2: აქამდე მათზე არავინ ფიქრობდა, ამ ზაფხულს დაიწყეს ტროტუარებზე ასასვლელების გაკეთება, მაგრამ ტრანსპორტში ასვლა უჭირთ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არახელსაყრელ გარემოზე ლაპარაკობს სალომე მიქაძეც - ის წევრია არასამთავრობო ორგანიზაციისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებებს იცავს. სალომე მიქაძე 8 წლიდან თავადაც ეტლით გადაადგილდება. ამიტომაც, როგორც ამბობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანს შეიძლება შეექმნას:

„ჩვენთვის ტროტუარი, ფაქტობრივად, მიუწვდომელია. ჯერ ერთი, ამ ტროტუარზე ასასვლელი არ არის; მეორეც, გამუდმებით ვიღაცის მანქანა აყენია ან შუა ტროტუარზე, ან პირდაპირ ასასვლელთან. გვიხერგავს გზას და ვერ ავდივართ“.

კანონით კი, ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება ზუსტად ისევე ჯარიმდება, როგორც პარკირების სხვა ნებისმიერი წესების დარღვევა. ჯარიმა ყველა შემთხვევაში 10 ლარია. როგორც კომპანია „სითი-პარკის“ მედია კომუნიკაციების მენეჯერი ლევან ტაბიძე ამბობს, პარკირებისათვის ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე სპეციალური საშვი გაიცემა, საშვის უქონლობის შემთხვევაში კი, დაჯარიმებასთან ერთად, მანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე გადაჰყავთ.

სალომე მიქაძე დასძენს, რომ სწორედ ამიტომაც, ეტლით მოსარგებლეებისათვის მხოლოდ გზის განაპირას გადაადგილებაა მეტ-ნაკლებად მოსახერხებელი. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ტროტუარების სიმაღლეც:

„ელემენტარული რამ მაინც უნდა გაითვალისწინონ. ბოლოს და ბოლოს, დაბალი იყოს ტროტუარი. არის უზარმაზარი. იქ გინდა პანდუსი დააყენე და რაც გინდა ქენი, იქ ასვლა უკვე ძნელია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ შეზღუდული ადამიანების უფლებებზე უკვე ოთხი წელია მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, გია ჯვარშეიშვილი, ამბობს, რომ, უბრალოდ, ხელმისაწვდომი გარემო არაფერს ნიშნავს, თუ ჯერ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები არ გაქრა, შემდეგ კი კანონმდებლობა არ გამოსწორდა:

„თუ საზოგადოება გვერდში დაუდგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ქვეყანა იძულებული გახდება მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისი კანონმდებლობა მოგვიტანს ხელმისაწვდომ გარემოს“.

როგორც გია ჯვარშეიშვილი ამბობს, ეს საკმაოდ რთული პროცესია. ქვეყანა უნდა მიჰყვეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კონვენციის მითითებებს, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყანა საქართველოცაა.

XS
SM
MD
LG