Accessibility links

logo-print

ევროკავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ გაძლიერებას ცდილობს


ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს „აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების“ წინააღმდეგ „რუსეთის სადამსჯელო ნაბიჯებს“ და მათ „კარგად კოორდინირებულ მოქმედებას“ დაუპირისპირებს, -ნათქვამია ევროკავშირის 13 ქვეყნის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტში, რომელზეც კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში იმსჯელებენ.

გასული წლის ნოემბერში საქართველომ და მოლდავეთმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებისა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებების პარაფირება მოახდინეს, ხოლო უკრაინამ ბოლო მომენტში შეაჩერა ასოცირების პროცესი, რაც ქვეყანაში მწვავე სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთმა მთელი რიგი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა მოლდავეთს, საქართველოს კონტროლიდან გასულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კი გამყოფი ზღუდეების ინსტალაცია განაახლა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ახალი სამოქმედო გეგმის პროექტის მე-18 მუხლის თანახმად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მზადყოფნა მასთან თანამშრომლობაში დაწინაურებული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ისეთი მოსალოდნელი საშინაო თუ საგარეო საფრთხეებზე რეაგირებისათვის, როგორიცაა სავაჭრო ემბარგო, შეზღუდვები შრომითი მიგრანტების მიმართ და, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოუგვარებელ შიდა კონფლიქტებში, საჭიროების შემთხვევაში კი „კარგად კოორდინირებული პასუხი დაუპირისპიროს მსგავს ქმედებებს“. ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც ადასტურებენ რუსეთთან „არსებითი, გულწრფელი და ღია დიალოგის რეჟიმში ურთიერთობის“ სურვილს. ამასთან, ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს „რუსეთის სადამსჯელო ნაბიჯებს „აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების“ წინააღმდეგ , - ნათქვამია ევროკავშირის 13 ქვეყნის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტში, რომელზეც კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალი კვირის დასაწყისში იმსჯელებენ ბრიუსელში. მანამდე კი, მსგავსი პოზიცია გაფართოების საკითხების ევროკომისარმა შტეფან ფიულემ გამოხატა.

„ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებზე რუსეთის ზეწოლა მიუღებელია. ჩვენს საერთო მეზობლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ, რომელი პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების თაობაზე სურთ ხელშეკრულების გაფორმება. ევროკავშირს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ რუსეთისგან მოელის ჩვენი პარტნიორების არჩევანის პატივისცემას და ჩაურევლობას მიმდინარე წელს საქართველოსა და მოლდავეთის რესპუბლიკასთან ასოცირების შეთანხმებების - მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების - გაფორმების პროცესში“.

ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებზე რუსეთის ზეწოლა მიუღებელია. ჩვენს საერთო მეზობლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ, რომელი პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების თაობაზე სურთ ხელშეკრულების გაფორმება...
ევროკავშირის 13 ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელსაც მხარს გერმანია და დიდი ბრიტანეთი უჭერენ, „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე ვილნიუსის შემდგომი 20 მოსაზრება“ ეწოდება.

ტექსტის თანახმად, „ევროპული პაკეტი“ ფოკუსირებული უნდა იყოს ევროკავშირის გაერთიანების პროგრამებსა და ორგანოებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, მობილურობასა და ვიზებზე, სტუდენტთა გაცვლასა და უფრო მეტ ერთობლივ პროგრამაზე.

განხილვის სტადიაში არსებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი ბრიუსელელი კოლეგა გაეცნო, არის მცდელობა პარტნიორი ქვეყნებისათვის ახალი „ევროპული პაკეტის“ შეთავაზებით აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რამაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში იჩინა თავი.

ევროკავშირის 13 სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში გაკვრით არის ნახსენები ევროკავშირის როლი უკრაინაში, თუმცა განცხადებულია, რომ „ფართო პოლიტიკური სპექტრის“ საკითხებზე ბრიუსელმა უნდა განაგრძოს ურთიერთობა კიევთან, ხოლო კავშირის პოლიტიკა „მოვლენათა განვითარების კვალობაზე“ უნდა განისაზღვროს.

როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ კიდევ აქტუალურია ქონების დაყადაღება და სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ უკრაინელი მოხელეების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციების დარბევის ორგანიზებაში არიან პასუხისმგებლები.

თუკი მოსაზრებები უკრაინის თაობაზე ერთობ მყიფეა, დოკუმენტში ბევრგან არის ნახსენები საქართველო და მოლდავეთი, რომელთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ევროკავშირი რაც შეიძლება მოკლე ხანში - არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოსთვის - გეგმავს.

ევროკავშირის სავარაუდო ახალ გეგმაში საუბარია გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე. არის კიდევ ერთი იდეა - მაღალი დონის ევროპელი მოხელეების ხშირი ვიზიტები თბილისსა და კიშინიოვში, რამაც ასოცირების ხელშეკრულებაზე დაჩქარებული ხელმოწერის წინ ხელი უნდა შეუწყოს შეთანხმებებით გათვალისწინებული ევროპული რეფორმების „ენერგიულ და სრულ“ განხორციელებას პარტნიორ ქვეყნებში.

მეორე მხრივ, ევროკავშირი აპირებს იმუშაოს ისეთი რელიეფური კვლევების ჩატარებასა და გამოქვეყნებაზე, რომლებშიც განმარტებული იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის გრძელვადიანი სარგებელი - მათ შორის, ნაჩვენები იქნება ‘შესაძლო გავლენა რუსეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ და საბაჟო კავშირებზე“’.

ევროკავშირის 13 სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში რამდენიმე ახალი იდეაა წამოყენებული „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ ჯერ კიდევ ჩართული სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიის მიმართ.

ევროკავშირი, ზოგადად, აპირებს, რომ განაახლოს სომხეთთან არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირ-სომხეთის არსებული ურთიერთობები რეგულირდება. რაც შეეხება ბელორუსიას, რომლის ხელისუფლებაც სანქციების ქვეშაა, ევროკავშირი შეეცდება არაფორმალური კონტაქტების გასაძლიერებლად გამოიყენოს ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც მაისში ბელორუსია უმასპინძლებს.

იგივე ითქმის აზერბაიჯანზე, რომელიც წლის ბოლოს ევროსაბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ევროკავშირი შეეცდება გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, რათა დაარწმუნოს ბაქო და მინსკი, „ევროკავშირისგან სარგებლის სანაცვლოდ, გადადგან პოზიტიური ნაბიჯები პოლიტიკური პატიმრების პრობლემის მოსაგვარებლად“.
XS
SM
MD
LG