Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერები 2014-20 წლების კომპრომისულ ბიუჯეტზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში წინა კვირის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები მომდევნო შვიდი წლის (2014-2020 წლების) ბიუჯეტზე შეთანხმდნენ. ეს ცნობა 8 თებერვალს გავრცელდა. შეთანხმებული ბიუჯეტი საგრძნობლად შეკვეცილია, წინა პერიოდთან შედარებით. ახლა შეთანხმებას დასამტკიცებლად წარუდგენენ ევროპის პარლამენტს. ეს პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს და საკმაოდ რთული იყოს.

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2014-2020 წლებში ბრიუსელის მაქსიმალური ბიუჯეტი 960 მილიარდი ევროთი განისაზღვროს. შეთანხმებით, რომელიც 24 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად პარასკევს ბრიუსელში იქნა მიღწეული, ბიუჯეტი, წინა პერიოდთან შედარებით, სამი პროცენტით მცირდება.

ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, პარასკევს გამოაცხადა, ეს კომპრომისი ევროპის ლიდერების კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობის დასტურიაო:

„ეს ბიუჯეტი, შესაძლოა, სრულყოფილი არავისთვის იყოს, თუმცა მასში ბევრ საინტერესოს ყველა იპოვის. ცხადია, საბოლოო შედეგს ბევრი, ბევრი სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია შევხედოთ. ზოგადი ევროპული პერსპექტივიდან, მინდა ხაზგასმით ვთქვა, ეს ბიუჯეტი მომავალზეა ორიენტირებული, რეალისტურია და მას მწვავე გამოწვევები ამოძრავებს“.

ჰერმან ვან რუმპე

ჰერმან ვან რუმპე

შეთანხმება ახლა ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს - არადა, პარლამენტის შიგნით მსხვილი საკანონმდებლო ჯგუფების ლიდერები უკვე აცხადებენ, რომ პროექტს, არსებული ფორმით, არ დაეთანხმებიან. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში კონსერვატორების, სოციალისტების, ლიბერალების და მწვანეების ფრაქციათა ლიდერები წერდნენ: „ეს შეთანხმება ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას კი არ გააძლიერებს, არამედ დაასუსტებს. ეს არ შედის ევროპის მოქალაქეების ძირითად ინტერესებშიო“. ამდენად, საპარლამენტო განხილვას, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.

თუმცა, ჰერმან ვან რუმპეს შეფასებით, მიღწეული კომპრომისი წარმოადგენს „ზომიერების ბიუჯეტს“. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების სამიტი ვერ უგულებელყოფდა „ევროპის მასშტაბით არსებულ ურთულეს ეკონომიკურ რეალობას“. სწორედ ამ მიზეზით, ევროკავშირის ბიუჯეტი პირველად შეიკვეცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, განაცხადა, შეთანხმებას გარკვეული იმედგაცრუება ახლავს თან, თუმცა მისი ლოგიკა გასაგებიაო:

ჟოზე მანუელ ბაროზუ

ჟოზე მანუელ ბაროზუ

„ეს ძალიან რთული მოლაპარაკება იყო. სამართლიანად თუ შევაფასებთ, უნდა ვთქვათ, რომ შეთანხმება სრულყოფილი არ არის, თუმცა ევროპის პარლამენტს მოლაპარაკების საფუძველს ნამდვილად სთავაზობს. იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება წარმატებული იქნება“.

ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გასული წლის ნოემბერშიც სცადეს, თუმცა ის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა იყო საერთო ბიუჯეტთან მიმართებით.

რამდენი და რა სფეროებში უნდა დახარჯოს ევროკავშირმა 2014-2020 წლებში, ეს გახლდათ მთავარი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრებზე განიხილავდნენ. ევროკავშირის ბიუჯეტის 85 პროცენტი წევრი ქვეყნებისგან ივსება ძირითადად იმ გადასახადებით, რომლებიც ამ ქვეყნების მთლიან ეროვნულ შემოსავალს აქვს დაწესებული. ბიუჯეტის ოთხი მეხუთედი იხარჯება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთობლივი პოლიტიკის გატარებასა და ე.წ. ერთიანობის პროგრამებზე, რომლებიც ბლოკის შედარებით ღარიბ მხარეებში აფინანსებს პროექტებს, ამ რეგიონებში განვითარების დაჩქარების მიზნით.

ბიუჯეტის საკითხთან მიმართებით ევროკავშირის წევრებს შორის ორი ძირითადი ჯგუფია.

პირველია „ერთიანობის მეგობრების“ სახელით ცნობილი ჯგუფი - მასში შემავალი ქვეყნები ევროკავშირის ბიუჯეტიდან უფრო მეტ თანხას იღებენ, ვიდრე შეაქვთ. ეს ჯგუფი, როგორც წესი, ხარჯვის მოცულობის შენარჩუნებას და გაზრდას უჭერს ხოლმე მხარს. მეორე ჯგუფი, რომელსაც პირობითად „უკეთესი ხარჯვის“ ჯგუფი ეწოდება, აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის ბიუჯეტში დიდი თანხები შეაქვთ და რომლებსაც ხარჯების შეკვეცა სურთ. განსხვავებები ამ მეორე ჯგუფის შიგნითაც იკვეთება: წინა კვირის
ამ შეთანხმების მიღწევას დიდი დრო დასჭირდა, რადგან საქმე გვქონდა ბევრი ცალკეული ქვეყნის ინტერესებთან. და ევროპული კონტექსტიც რთული იყო, რადგან პირველმა საბიუჯეტო სამიტმა ნოემბერში უშედეგოდ ჩაიარა - ხარჯების უფრო მაღალ დონეზე შეთანხმება შეუძლებელი აღმოჩნდა...

სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთი და შვეცია ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის 200 მილიარდი ევროთი შეკვეცას უჭერდნენ მხარს, რასაც გერმანია ძალიან დიდ თანხად მიიჩნევდა. ბიუჯეტის შეკვეცას საფრანგეთიც ემხრობოდა, თუმცა არა სოფლის მეურნეობის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. ამ თვალსაზრისით საფრანგეთი იმავე პოზიციაზე იდგა, რომელზეც პირველ ჯგუფში შემავალი პოლონეთი, ისევე როგორც საბერძნეთი და პორტუგალია, რომლებსაც, ბუნებრივია, დიდი ბიუჯეტის შენარჩუნება უნდათ თავიანთი კრიზისში არსებული ეკონომიკების გამოსაცოცხლებლად.

პარასკევის შეთანხმებას, რომელსაც 24-საათიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, ყველა ამ პოზიციას შორის ერთგვარ კომპრომისად მიიჩნევენ. შეთანხმებით დაკმაყოფილდა ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნების - მაგალითად ბრიტანეთის და ჰოლანდიის - მოთხოვნა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის გათვალისწინების თაობაზე, თუმცა სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურასთან მიმართებით ხარჯები დიდწილად შენარჩუნდა, რამაც საფრანგეთი და პოლონეთი დააკმაყოფილა.

სწორედ შეთანხმების კომპრომისულ ბუნებაზე დასვა აქცენტი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში:

„ჩემი აზრით, ეს კარგი კომპრომისი იყო, იმ პირობების და გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც ვართ და რომლებსაც ვაღიარებთ. ამ შეთანხმების მიღწევას დიდი დრო დასჭირდა, რადგან საქმე გვქონდა ბევრი ცალკეული ქვეყნის ინტერესებთან. და ევროპული კონტექსტიც რთული იყო, რადგან პირველმა საბიუჯეტო სამიტმა ნოემბერში უშედეგოდ ჩაიარა - ხარჯების უფრო მაღალ დონეზე შეთანხმება შეუძლებელი აღმოჩნდა“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, შეთანხმება ასე შეაფასა:

დევიდ კამერონი

დევიდ კამერონი

„ვფიქრობ, ხალხს ესმის, რომ ჩვენ წინ დიდი პრობლემა იდგა ევროკავშირისთვის განსაზღვრული საკრედიტო ბარათის მაღალი ზღვრის სახით. ამ ზღვარს მუდმივად ზრდიდნენ - მის გაზრდაში ბევრი იყო დაინტერესებული. ახლა კი, როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაც, ვინც თქვა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს - საკრედიტო ბარათზე დაწესებულმა ზღვარმა უნდა დაიწიოს. და ეს დაწევა ისეთი ფორმით მოხდა, რომ სამომავლო ხარჯებსაც სწორ მიმართულებას მისცემს. ევროკავშირს ახლა უფრო მეტი კონცენტრირება მოუწევს ხარჯვის ხარისხზე და არა რაოდენობაზე“.

ევროკავშირის ბიუჯეტის შეკვეცა რამდენიმე სფეროზე აისახება, მათ შორის ბიუროკრატიასა და სამეცნიერო სფეროს დაფინანსებაზე.

თუმცა, როგორც ვთქვით, საბიუჯეტო შეთანხმებას წინ ხანგრძლივი და, როგორც ჩანს, პრობლემური განხილვა ელოდება ევროპის პარლამენტში.
XS
SM
MD
LG