Accessibility links

logo-print

ევროკავშირი აუქმებს ემბარგოს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები ბრიუსელში, სირიის საკითხზე გამართული შეხვედრის წინ (27 მაისი)

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები ბრიუსელში, სირიის საკითხზე გამართული შეხვედრის წინ (27 მაისი)

ევროკავშირმა გადაწყვიტა, გააუქმოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო. თუმცა, როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განმარტა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მართლაც მოამარაგებს თუ არა ევროკავშირი იარაღით მეამბოხეებს, ჯერჯერობით მიღებული არ არის. ევროკაშირის ემბარგოს ვადა ოფიციალურად მაისის ბოლოს ეწურება. მოუსმინეთ ლუკა კალანდარიშვილს.

სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შემსუბუქება ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალისხმევით მოხერხდა.
ამასთანავე, ევროკაშირმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს ვადა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ფინანსურსა და ეკონომიკურ სანქციას.

ევროკავშირის ბრიუსელის შტაბ-ბინაში, საგარეო საქმეთა მინისტრების თორმეტსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ევროკავშირი შეთანხმდა, გააუქმოს სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო და შეინარჩუნოს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ყველა არსებული სანქცია. დიდ ბრიტანეთს სწორედ ამგვარი შედეგის ხილვა უნდოდა. რა თქმა უნდა, ბევრი ქვეყნისთვის ეს რთული აღმოჩნდა და ამიტომაც გვქონდა ასეთი გრძელი დისკუსია დღეს, უკანასკნელი 12 თუ 13 საათის განმავლობაში. მაგრამ ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.“
უილიამ ჰეიგი: ევროკავშირი შეთანხმდა, გააუქმოს სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო.

უილიამ ჰეიგის თქმით, იარაღის ემბარგოს მიწოდებაზე დასრულებამ „ძლიერი სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს ასადის რეჟიმს, რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს მოლაპარაკებები ორწლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჰეიგმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი „უახლოეს მომავალში არ აპირებს სირიაში იარაღის გაგზავნას“, მაგრამ სამომავლოდ, თუ საჭირო იქნა, „უფრო მოქნილად“ შეძლებს პასუხის გაცემას.

ავსტრია და ევროკავშირის არაერთი სხვა წევრი ემბარგოს დასრულების წინააღმდეგ იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ამგვარი ნაბიჯი უფრო მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს. გარდა ამისა, გამოითქვა შეშფოთება, რომ იარაღი შეიძლება ხელში ჩაუვარდეთ ანტი-დასავლელ ექსტრემისტებს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაელ შპინდელეგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეშფოთებულია ასეთი „გამალებული შეიარაღებით“. მისი აზრით, ასეთი ვითარება შეაფერხებს მოგვარებას კონფლიქტისა, რომელმაც უკვე 80 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ჩვენ არ გვსურს სირიაში გამალებული შეიარაღების ხილვა“, თქვა შპინდელეგერმა. „ოპოზიციის ხელში მეტი იარაღი შეიარაღების კიდევ უფრო მეტ გამალებას მოიტანს. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მე პატივს ვცემ მათს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამან სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანოს.“
მიხაელ შპინდელეგერი: ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამან სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანოს.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ემბარგოს საკითხს კავშირის ლიდერები 1 აგვისტომდე კიდევ ერთხელ განიხილავენ. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, მანამდე ევროკავშირი არ აპირებს მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას. მათივე თქმით, ეს დაყოვნება ოპოზიციისთვის ერთგვარი ბერკეტი იქნება მთავრობასთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთისა და აშშ-ის შუამავლობით უნდა გაიმართოს. ამ მოლაპარაკებების ჩატარების ვადად ერთი თვე გამოცხადდა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

ამ საკითხზე ორშაბათს პარიზში ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მოსკოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სირიაში დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან შეკრება ურთულესი ამოცანა იქნება.

ამასობაში ლავროვის მოადგილე სერგეი რიაბკოვი გამოეხმაურა სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს დასრულებას და განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ ამ გადაწყვეტილებით. რიაბკოვმა ევროპის კავშირი „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენებაში დაადანაშაულა და არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ევროკავშირმა პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ მოქმედი ყველა სანქცია შეინარჩუნა.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG