Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები გაუხანგრძლივა რუსეთს


რუსეთის რუკა
რუსეთის რუკა

მიუხედავად ევროპის კავშირის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, კავშირის წევრი 28 ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ, კიდევ ექვსი თვით გაუგრძელონ ვადა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს. შეგახსენებთ: ეს სანქციები მოსკოვის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო იქნა შემოღებული.

...მაშ ასე, ელჩები სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ახლა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც სულ მალე, 24 ივნისს შეიკრიბებიან ბრიუსელში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ დღევანდელი გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმებას წინ აღარაფერი დაუდგება.

სანქციებს, რომლებიც მოიცავს რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკის, საფინანსო და სამხედრო სექტორებს, ვადა ივლისის ბოლოს ეწურება, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით, მათი მოქმედება, სულ ცოტა, 2017 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

სანქცია პირველად 2014 წლის ივნის-ივლისში დაწესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.

ჩვენ გვსურს ვიხილოთ ევროპა ძლიერი და გაერთიანებული. ეს გარანტიაა, რომ ევროკავშირი იქნება წარმატებული. ეს შეესაბამება ჩვენს მისწრაფებებს, უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ...
პეტრო პოროშენკო

გასულ კვირაში ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა სანქციების პაკეტს, რომელიც, ძირითადად, მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში ინვესტიციების აკრძალვას უკავშირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა სავიზო აკრძალვები დაუწესა და აქტივები გაუყინა იმ რუს და უკრაინელ პირებს, რომლებიც 2014 წელს სეპარატისტებს უჭერდნენ მხარს. ეს სანქციები სექტემბრამდე გაგრძელდება.

სანქციების გაგრძელებას აქტიურად უჭერდა მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც იმთავითვე აცხადებდა, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის ოკუპაციის, ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. გავრცელებული ცნობების თანახმად, სწორედ მერკელმა დაარწმუნა სლოვაკეთის, უნგრეთისა და იტალიის წარმომადგენლები, გვერდზე გადაედოთ თავიანთი განსხვავებული დამოკიდებულება და სანქციების გახანგრძლივებისათვის დაეჭირათ მხარი.

როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი იუწყება, 21 ივნისის გადაწყვეტილება გამარჯვების ტოლფასია ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მოსკოვის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობიან, მათ შორის პოლონეთისა და ლიტვისთვის; ისევე, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისთვის, რომელიც ცდილობდა, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიღებულიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კმაყოფილება გამოთქვა სანქციების გახანგრძლივების გამო და განაცხადა, რომ არ არსებობს ევროკავშირის სანქციების ალტერნატივა რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად, რათა კრემლმა განახორციელოს 2015 წლის თებერვალში მინსკში დადებული საზავო ხელშეკრულება.

„სანქციები ერთადერთი ინსტრუმენტია, რაც დარჩა, ალტერნატივა არ არსებობს“, თქვა პოროშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ ევროპა ძლიერი და გაერთიანებული. ეს გარანტიაა, რომ ევროკავშირი იქნება წარმატებული. ეს შეესაბამება ჩვენს მისწრაფებებს, უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.“

არადა, სოლიდარობა, პეტრო პოროშენკომ რომ ახსენა, იოლი მისაღწევი არ არის. ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა თავად მერკელის მთავრობაშიც. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოთქვა წინადადება, ევროკავშირმა თანდათან გააუქმოს სანქციები.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

„სანქციები დასასრული არ არის. მათ უნდა წაახალისონ ქცევის ცვლილება,“ თქვა შტაინმაიერმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან საუბრისას. სანქციების თანდათანობით გაუქმებას უჭერს მხარს საფრანგეთის პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილიც. თუმცა, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ განაცხადა 20 ივნისს, სანქციები ჯერჯერობით შენარჩუნებულ იქნება.

ეროს თქმით, დროა, ევროკავშირის ლიდერებმა აჩვენონ „რეალური, კონკრეტული, მნიშვნელოვანი პროგრესი“ მინსკის შეთანხმების შესასრულებლად, რომლის ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ არსებული დაპირისპირების მოგვარება.

ეროს თქმით, „როგორი სიმპათიითაც უნდა ვიყოთ გამსჭვალულები რუსი ხალხისა და რუსეთის მიმართ, ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: მინსკის შეთანხმება უნდა შესრულდეს.“

გასული კვირაში სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც, სხვებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ. არადა, ჯერ კიდევ შარშან ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა. კონფერენციის დაწყებამდე იუნკერმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს, მაგრამ ფორუმში მონაწილეობს, რათა შეინარჩუნოს კომუნიკაცია მოსკოვთან.

სლოვაკეთი, რომელიც რუსეთისათვის სანქციის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს და მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება იანვარში, სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელების განხილვისას.

მასალა მოამზადა თეონა გოდერძიშვილმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG