Accessibility links

1,8 მილიარდი ევრო - უკრაინას


უკრაინის დელეგაციის წევრები ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ

უკრაინის დელეგაციის წევრები ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ

დღეს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე, ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს 1,8-მილიარდევროიან შეთანხმებას, რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღებაში უნდა დაეხმაროს უკრაინას.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე ევროპის კავშირის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს უკრაინასთან შეთანხმებას ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში. 1,8-მილიარდევროიანი დახმარება უკრაინას ავალდებულებს, განახორციელოს რეფორმები, გაატაროს ანტიკორუფციული ღონისძიებები, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება ექვს მილიარდ ევროს აღწევს.

როგორც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, ნატალია იარესკომ უთხრა ჟურნალისტებს, ევროკავშირის მხარდაჭერა მისი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „ჩემი მთავრობისა და უკრაინელი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ევროკავშირს მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ეს მესამე მაკროსაფინანსო დახმარების პაკეტი ყველაზე დიდი მოცულობისაა. და, როგორც ვიცეპრეზიდენტმა დომბროვსკისმაც თქვა, ის ადასტურებს ევროკავშირის რწმენას, რომ უკრაინას შეუძლია და შეძლებს კიდეც, გადალახოს ეს სირთულეებით აღსავსე დრო და წარმატებით გააგრძელებს რეფორმებისა და გარდაქმნის გზას“.

ერთწლიანი შეირაღებული კონფლიქტის ფონზე, 2015 წლის პირველ სამ თვეში უკრაინის ეკონომიკა 18%-ით შემცირდა. მკვეთრად დაეცა ეროვნული ვალუტის, ჰრივნის კურსი, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი და მკვეთრად შემცირდა უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ეს ყველაფერი კიევს კიდევ უფრო ურთულებს საგარეო ვალის გასტუმრებას - ვალისა, რომელიც 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ამ კვირაში უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას ანიჭებს, უცხოელი კრედიტორებისთვის ვალების გასტუმრებაზე გამოაცხადოს მორატორიუმი მანამ, სანამ მიმდინარეობს მოლაპარაკება ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხზე. ამას უმალ მოჰყვა მოსკოვისა და სხვა მსხვილი კრედიტორების მწვავე უარყოფითი რეაქცია, რადგან, მაგალითად, რუსეთს უკრაინისგან სამი მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციები აქვს ნაყიდი და არ სურს რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკების გამართვა მანამ, სანამ ვალს არ დაუბრუნებენ.

რიგის სამიტზე ყოფნისას, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებს უთხრა: „უკრაინა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ევროკავშირმა მას უკვე ექვს მილიარდ ევროზე მეტი მისცა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ქვეყნები, ვინც ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, კიდევ 200 მილიონ ევროს მიიღებენ. გრანტები დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს და ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ბიზნესებისთვის დამატებითი სესხების ასაღებად, ორი მილიარდი ევროს ფარგლებში“.

ჰანის მიერ დაპირებული 200-მილიონევროიანი გრანტები გაიცემა საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ამ დაფინანსებასთან ერთად, მიიღებს 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რათა შეძლოს თავისი სავალუტო რეზერვის შევსება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG