Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი თბილისში და საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე


ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.
ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.
28 თებერვალს თბილისს ეწვია ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტი. მისი ვიზიტის მთავარ მიზნად სახელდება მოლაპარაკებების დაწყება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. სამომავლო შეთანხმებისთვის აუცილებელი ძირითადი პარამეტრების დასაზუსტებლად დაიგეგმა ევროკომისრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან.

”საქართველო დგას ისტორიული შანსის წინაშე - განახორციელოს სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის რეფორმა. ეს მას დააახლოებს ევროკავშირის ბაზართან და კიდევ უფრო სტაბილურს გახდის მის რეპუტაციას, როგორც ინვესტირებისთვის სანდო ქვეყნისას”, - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, კარელ დე ჰუხტმა, 28 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ და საქართველოს მიულოცა მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო.

ჯამში 60-კაციანი მომლაპარაკებლების ჯგუფია საქართველოდან გამოყოფილი და დაახლოებით ალბათ იგივე იქნება ევროკავშირის მხრიდან ...
ნიკა გილაური
თუკი ბრიუსელიდან 27 თებერვალს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, მოლდავეთიდან საქართველოში ჩამოსული კარელ დე ჰუხტი მიზნად ისახავდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის იმ პარამეტრების დაზუსტებას, ”რომლის ფარგლებშიც მთავარი მომლაპარაკებლები იმუშავებენ“. აქვე გავიხსენოთ, რომ შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ განიხილება მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად ასოცირების შესახებ შეთანხმებისა, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირმა 2010 წლის ივლისში დაიწყო.

კარელ დე ჰუხტმა ნიკა გილაურის განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკომისარმა საქართველოს მისამართით გამოხატა მოლაპარაკებების დაწყებამდე მიმდინარე რამდენიმეთვიან ”არამარტივ” პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში იგეგმება მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი და რომ საქართველო ამ პროცესში რამდენიმე ათეული ადამიანით ჩაერთვება:

”ჩვენ შევქმენით 13 ჯგუფი, ჯამში, რომლებიც ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა საკითხზე. ჯამში 60-კაციანი მომლაპარაკებლების ჯგუფია საქართველოდან გამოყოფილი და დაახლოებით ალბათ იგივე იქნება ევროკავშირის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებები.”

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ეს პროცესი ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერების შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესაძლოა მეტად მძიმე ტვირთად დააწვეს საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვთ ევროკავშირშიც და განსხვავებული აზრი აქვს კარელ დე ჰუხტსაც. როგორც ის თბილისში ჩამოსვლამდე რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა არა შეზღუდვების დაწესებას, არამედ მეტი შესაძლებლობების მოტანას ისახავს მიზნად.

როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის მასშტაბურ სამომხმარებლო ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დაინტერესდა, რა პროდუქციის ექსპორტი იქნება შესაძლებელი საქართველოდან ევროკავშირში.

შეთანხმებაზე მუშაობა ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენ ასევე დაგვჭირდება დრო, რათა ყველაფერი იმგვარად შევასრულოთ, როგორც დაგეგმილი გვაქვს ...
კარელ დე ჰუხტი
კარელ დე ჰუხტი პასუხობს, რომ ბოლო ხანს საქართველომ ეკონომიკის სფეროში საკმაო წარმატებას მიაღწია და ”შეძლო მისთვის ჩვეული რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სხვა ბაზრებით - უწინარესად, ევროკავშირის ბაზრებით.” მისი თქმით, საუბარი კვლავ იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, თუმცა განიხილება წარმოებული საქონელიც - მაგალითად, ღვინო. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ”ევროპელებს მრავალფეროვანი გემოვნება აქვთ” და რომ ”ევროკავშირის ბაზარი მიიღებს ყველა კარგ ღვინოს, საიდანაც უნდა იყოს ის.”

ამავე ინტერვიუში ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი, სავარაუდოდ, 4 წელიწადზე ნაკლებ დროს, ანუ იმაზე ნაკლებ დროს მოითხოვს, რაც ამ პროცესს უკრაინის შემთხვევაში დასჭირდა. თბილისში კი, 28 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისარმა თავი შეიკავა სავარაუდო ვადების დასახელებისგან და აქცენტი, ასე ვთქვათ, წინდახედულ სიჩქარეზე გააკეთა:

”ჩვენი მიზანია, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ასე ვთქვათ, შესაძლებელზე მეტი სიჩქარით არ უნდა დავაზარალოთ შეთანხმების ხარისხი. ჩვენ ვაპირებთ მუშაობას, შეთანხმებაზე მუშაობა ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენ ასევე დაგვჭირდება დრო, რათა ყველაფერი იმგვარად შევასრულოთ, როგორც დაგეგმილი გვაქვს.”

საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 27 თებერვალს სამხრეთ კავკასიის შესახებ მიღებულ განცხადებაში მინისტრები მიესალმებიან ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებებში არსებულ წინსვლას და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკომისრის აპარატის მიერ 27 თებერვალს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო 26-30 მარტს გაიმართება. თუმცა პირველი ე.წ. მოსამზადებელი ტექნიკური შეხვედრა მხარეებმა უკვე გამართეს 31 იანვარს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG