Accessibility links

logo-print
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს თანაბარი პირობები 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის. მათ მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი ცხადყოფს, რომ შეშფოთების საფუძველი ძირითადად კოალიცია ”ქართული ოცნების” შევიწროებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსამართლო ქმედებებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს უკავშირდება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეცდომაში არიან შეყვანილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ”შერჩევით მიდგომებზე” არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობს.

ვიდრე 11-12 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში ეწვევიან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - დანიელი დეპუტატი მიკაელ იენსენი და ლატვიელი დეპუტატი ბორის ცილევიჩი - შეშფოთებით ეხმაურებიან გავრცელებულ ცნობებს კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით, ”რითაც ხელი ეშლება” კოალიციის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას”, - ვკითხულობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვეა გამოკვეთილი ხელისუფლების სამომავლო პასუხისმგებლობაც:

”საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა და არა საარჩევნო რბოლიდან რომელიმე პარტიის განდევნა. მომავალ არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ყველა პარტიის - მათ შორის, კოალიცია ”ქართული ოცნების” - სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში.”

განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეშფოთებას იწვევს არაერთგზის გავრცელებული ბრალდებები ”აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ” და ”სანდო ორგანიზაციების” მიერ გავრცელებული ინფორმაციები. ერთ-ერთ ასეთ სანდო ორგანიზაციად განცხადებაში სახელდება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც, ტექსტის მიხედვით, ”ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას”.
ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოსთან და ჩვენს არჩევნებთან შეხება აქვს (სხვათა შორის, დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა), ფაქტობრივად, იბომბება უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციით - და ხშირად დღეში რამდენჯერმე - ივანიშვილის მიერ ...

საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ განცხადებას თუ ანგარიშს ეყრდნობიან ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, მაგრამ ის სრულად იზიარებს 21 აგვისტოს განცხადებაში ასახულ მოსაზრებებს. ჩუგოშვილი თანამომხსენებლების მიმართვას ჯერჯერობით კვლავაც დროულად მიიჩნევს:

”მართალია, უკვე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა და საკმაოდ მძიმედ წარიმართა ეს საარჩევნო პროცესები, მაგრამ ოფიციალური კამპანია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არის ჯერ კიდევ დრო და მნიშვნელოვანია, თუ ამ მიმართვას პოზიტიური გავლენა ექნება პროცესებზე. მგონი, ეს ძალიან წაადგებოდა წინასაარჩევნო კამპანიას.”

ჩუგოშვილის ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ხელისუფლება რეაგირებას სულ სხვა მიმართულებით გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თანამომხსენებლები, სხვა არაერთ ადამიანთან ერთად, შეცდომაში არიან შეყვანილი:

”ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოსთან და ჩვენს არჩევნებთან შეხება აქვს (სხვათა შორის, დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა), ფაქტობრივად, იბომბება უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციით - და ხშირად დღეში რამდენჯერმე - ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებსა და სხვადასხვა ადამიანებს (ვისაც შეხება აქვს საქართველოს არჩევნებთან), რომლებსაც ეს ლობისტები ტყუილებსა და არასწორ ინფორმაციას აწვდიან, მივაწოდოთ სიმართლე.”

ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. მათ შორის 21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა ...

თუმცა მესამე სექტორის არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ხშირად გამოხატავს წუხილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ”შერჩევით მიდგომებთან” დაკავშირებით. საიას მსგავსად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც” თვლის, რომ ყოფილი კონტროლის პალატა -აწ უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური - განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან (და განსაკუთრებით კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან”) დაკავშირებული დარღვევების აღმოსაჩენად თუ შესასწავლად, მაშინ როცა იგივე არ კეთდება მმართველი პარტიის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - შემთხვევაში.

ასეთი ეჭვები ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზეც გამოხატა. ორგანიზაცია კანონდარღვევის მანიშნებლად მიიჩნევს ფილმში ასახულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულების სახით დაახლოებით 650 ათასი ლარი გადაურიცხა 27-მა ფიზიკურმა პირმა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებული; ხოლო დაახლოებით 280 ათასი ლარის შემოწირულება ამავე პარტიის სასარგებლოდ განახორციელა 7-მა ფიზიკურმა პირმა, რომელთა ქონებაც დაყადაღებული იყო. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა ფილმში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ასევე 21 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ ”ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. მათ შორის 21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6-მა პირმა თანხები „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შესწირა, 2-მა პირმა - „თავისუფალ საქართველოს“, 3 პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".

ამ მოკვლევის შედეგებს მოუთმენლად დაელოდება არასამთავრობო სექტორი. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ეს ერთგვარი ტესტი იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG