Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეისწავლის


წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით, 24-25 სექტემბერს თბილისში შეხვედრებს მართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 6-კაციანი დელეგაცია, რომელიც, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. რა ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა და რა მთავარი აქცენტები გამოიკვეთა 24 სექტემბერს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში ” გამართულ შეხვედრებზე?

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გამორჩეულად დაინტერესდა მუსლიმთა მდგომარეობითა და ისლამოფობიის შესაძლო არსებობით საქართველოში, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა არნოლდ სტეპანიანმა და იქვე დასძინა, რომ, სამწუხაროდ, შეხვედრის ერთსაათიანი ფორმატი კონკრეტული თემების დეტალურად განხილვის საშუალებას არ იძლეოდა. პირადად მას მიაჩნია და ეს შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ, მაგალითად, მინარეთის აღების ხმაურიანი ფაქტის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას, ხოლო ხელისუფლებამ შექმნილი რთული სიტუაციის მართვის უუნარობა გამოამჟღავნა.

ზედა საფეხური, ანუ პოლიტიკური ელიტა, შეიცვალა, მაგრამ დანარჩენი დარჩა იგივე. თუ ეს ასე დარჩა, ეს აბსოლუტურად გამორიცხავს პოზიტიურ ნაბიჯებს ინტეგრაციის მხრივ და დემოკრატიის მხრივ, საერთოდ...
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, არნოლდ სტეპანიანი მას საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცალსახად გაუმჯობესებულად მიიჩნევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რეგიონებში ხელს არავინ უშლის. ამასთან, მისი თქმით, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ არაქართულენოვანმა მოქალაქეებმა რეგიონებში ამჯერად დროულად მიიღეს მათთვის გასაგებ ენებზე თარგმნილი - ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი -მასალები. მაგრამ, სტეპანიანის დასკვნით, ბევრი არაფერი შეცვლილა კონტროლის ბერკეტების თვალსაზრისით:

”არის 4 საფეხური ამ კონტროლში: 1. პოლიტიკური ელიტა - ასე ვთქვათ, მმართველობა; 2. შსს-ს კონკრეტული სტრუქტურა; 3. ლოკალური კლანები და 4. ამ რეგიონების მოსახლეობა. ზედა საფეხური, ანუ პოლიტიკური ელიტა, შეიცვალა, მაგრამ დანარჩენი დარჩა იგივე. თუ ეს ასე დარჩა, ეს აბსოლუტურად გამორიცხავს პოზიტიურ ნაბიჯებს ინტეგრაციის მხრივ და დემოკრატიის მხრივ, საერთოდ”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კარგად არის ინფორმირებული, თუ რა და როგორ ხდება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში, მიაჩნია შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს, ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელ ნინო ჯანაშიას. თუმცა იყო გარკვეული დეტალები, რომელთა დაზუსტებაც აშკარად აინტერესებდათ სტუმრებს.

ეს პროცესი უფრო 2013 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც ამ სატელევიზიო არხებმა დაიწყეს ცენტრისკენული მოძრაობა - ყველამ დაიწყო ყურება მთავრობისკენ, ყველამ დაიწყო რაღაც მისასვლელი გზების ძიება. ბუნებრივია, მთავრობას ჩვენი ტიპის არამდგრადი დემოკრატიის პირობებში ყოველთვის აქვს სურვილი, რომ მოიპოვოს ძალაუფლება მედიაზე...
”საკითხები შეეხებოდა, მაგალითად: ორმაგი მოქალაქეობის თემას, რაც ძალიან აქტუალური იყო წინასაარჩევნო პერიოდში; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემას; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს. ვფიქრობ, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის საინტერესო იქნება მომავალი შეხვედრებისთვის და მათი დაკვირვებისთვის, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოზე”, - უთხრა ნინო ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა მდგომარეობაშია მედია - წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ სტუმრებს აუწყა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი პოლიტიკური თოქშოუ - ძველები დაიხურა, ახალი კი ჯერ არაფერი დაწყებულა. გოგუაძე, წინასაარჩევნო გარემოს ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის დაჩქარებას მოითხოვს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სტუმრებთან შეხვედრაზე ყოფილი თუ მომავალი წამყვანების გვარები არ დაკონკრეტებულა.

24 სექტემბერს გამართული შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ზვიად ქორიძემ, სტუმრებს აუწყა, რომ ამჟამინდელ წინასაარჩევნო გარემოში მედია უფრო თავისუფლად მუშაობს და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა არ ვლინდება, მაგრამ, მედიაექსპერტის დაკვირვებით, ამჟამინდელი წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა ერთი არასახარბიელო სიახლით - მედიასაშუალებები ერთმანეთს ემსგავსებიან:

”ეს პროცესი უფრო 2013 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც ამ სატელევიზიო არხებმა დაიწყეს ცენტრისკენული მოძრაობა - ყველამ დაიწყო ყურება მთავრობისკენ, ყველამ დაიწყო რაღაც მისასვლელი გზების ძიება. ბუნებრივია, მთავრობას ჩვენი ტიპის არამდგრადი დემოკრატიის პირობებში ყოველთვის აქვს სურვილი, რომ მოიპოვოს ძალაუფლება მედიაზე და მეორეა, როდესაც ამას მედია ნებაყოფლობით სთავაზობს, მთავრობა ამაზე უარს ვერ იტყვის”.

ზვიად ქორიძისთვის ძნელი სათქმელია და შეხვედრაზეც პრაქტიკულად უპასუხოდ დარჩა შეკითხვები, რა დგას ამ პროცესების მიღმა და არის თუ არა ეს ტენდენციები წახალისებული ხელისუფლების მიერ.
XS
SM
MD
LG