Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს საბერძნეთი არ ეთმობა


ევროკავშირის ლიდერები იმეორებენ, რომ სურთ საბერძნეთი დარჩეს ევროზონაში, თუმცა ვალებში ჩავარდნილმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი დაპირება რეფორმების თაობაზე. ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს დღის პირველ ნახევარში დასრულდა, ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა იმსჯელეს იმ მომჭირნეობის პროგრამებსა და ზომებზე, რომლებმაც ბიძგი უნდა მისცეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ევროპის ეკონომიკების ზრდას.

მიუხედავად ბრიუსელში გამართულ სამიტზე გამოთქმული მხარდაჭერისა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა მსჯელობას თან ახლდა შიში, ვაითუ საბერძნეთმა ვერ შეძლოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ევროზონის დატოვება მოუხდეს. კრიზისისა და გაურკვევლობის გამო ევროს კურსი 22 თვის განმავლობაში სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე - 1.25$ დოლარის ნიშნულზე -დაეცა, თუმცა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპემ კვლავ დადო პირობა, რომ ევროკავშირი დაეხმარება საბერძნეთს ღრმა ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში:

ვალების მდგრადი რესტრუქტურიზებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, რამაც უნდა დააჩქაროს კერძო ინვესტიციების მოზიდვა და საბერძნეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ...
ჰერმან ვან რომპე
„მტკიცედ გვაქვს განზრახული ევროპის სტრუქტურული ფონდებისა და ინსტრუმენტების მობილიზება, რათა საბერძნეთი დაადგეს ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის გზას.“

თუმცა ჰერმან ვან რომპემ კვლავაც გაიმეორა ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნა, რომ საბერძნეთმა უნდა შეასრულოს ფინანსური მომჭირნეობის პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები, თუკი ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სესხის შემდეგი ტრანშის მიღება სურს:

„ვალების მდგრადი რესტრუქტურიზებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, რამაც უნდა დააჩქაროს კერძო ინვესტიციების მოზიდვა და საბერძნეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ეს საუკეთესო გარანტიაა ევროზონის კიდევ უფრო წარმატებული მომავლისთვის. ჩვენ მოველით, რომ არჩევნების შემდეგ საბერძნეთის ახალი მთავრობა აუცილებლად გააკეთებს ასეთ არჩევანს.“

არჩევანი სტაბილურობის შენარჩუნებასა და ზრდას შორის სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. ჩვენ ორივე გვჭირდება ...
ჟოზე მანუელ ბაროზუ

საბერძნეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტს, რათა მიიღოს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული 240 მილიარდი ევროს ღირებულების სესხი. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს გარიგება ჩაიშალოს, თუკი მომდევნო თვეში დანიშნულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში ფინანსური მომჭირნეობის პოლიტიკის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ. როდესაც მთელი ევროკავშირის მასშტაბით ეკონომიკის შენელებაზე საუბრობდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ კავშირის ეკონომიკური კრიზისის შესაჩერებლად საჭიროა როგორც მომჭირნეობის, ისე ზრდისაკენ მიმართული ზომების მიღება:

„არჩევანი სტაბილურობის შენარჩუნებასა და ზრდას შორის სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. ჩვენ ორივე გვჭირდება. ამის თაობაზე აქ, მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, აშკარა კონსენსუსს მივაღწიეთ.“

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მომხრეა ბიძგი მიეცეს ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რითაც გერმანიის მიერ მოთხოვნილი მკაცრი მომჭირნეობის ზომები უნდა დაბალანსდეს. ოლანდს, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ პირველად ესწრებოდა ევროკაშირის სამიტს, სურდა დღის წესრიგში შეეტანათ „ევრობონდის გამოშვების საკითხი.“ თუმცა ევრობონდის გამოშვებას ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევრობონდი სესხს გააიაფებს ეკონომიკური სიძნელეების წინაშე მდგარი ქვეყნებისათვის, ძლიერი ეკონომიკის მქონე გერმანიისათვის კი უფრო გააძვირებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG