Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგი სამიტი საბერძნეთში პროტესტის ფონზე


შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ათენში.
შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ათენში.
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საყურადღებო განცხადება გააკეთა ამ ბლოკის ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნის, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა: მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირს უნდა შეეძლოს მისი წევრების ბიუჯეტების დაბლოკვა, თუ ისინი შედგენილი იქნება ბლოკის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

ჩვენი აზრია - და ამას ვამბობ გერმანიის მთელი ფედერალური მთავრობის სახელით, რომ შევძლებთ დიდი ნაბიჯის წინ გადადგმას, თუ ევროპას მივცემთ რეალურ ძალას, ჩაერიოს ეროვნულ ბიუჯეტებში, როცა გადაილახება სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ პაქტით შეთანხმებული ზღვრები, განაცხადა მერკელმა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში გამოსვლისას. მისი განმარტებით, ევროკომისარს ეკონომიკის საკითხებში უნდა შეეძლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიუჯეტის „გაუქმებულად“ გამოცხადება.

იქვე მერკელი გამოეხმაურა საფრანგეთისა და ესპანეთის ინიციატივას, ევროზონაში საბანკო კავშირის შექმნის შესახებ. კანცლერმა არარეალისტური უწოდა შეთავაზებულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ასეთი კავშირის ამოქმედებას მიმდინარე წელსვე.
მე შევუერთდი გაფიცვას და მჯერა, რომ ეს, მომჭირნეობის ზომები მეტისმეტად მძიმე ტვირთად აწევს ბერძენ ხალხს ...

საბანკო კავშირის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ადგილი უნდა დაეთმოს ევროკავშირის ორდღიან სამიტზე. ბრიუსელი აპირებს ბანკებზე მონიტორინგის დაწესებას და მეთვალყურის ფუნქციის მინიჭებას ევროპის ცენტრალური ბანკისათვის. მაგრამ ამ ინიციატივას ოპონენტები ჰყავს, მათ შორის ბრიტანეთი, რის გამოც ევროკავშირის სამიტზე რაიმე გარღვევას არ მოელიან.

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა დაიწყო საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე. ამ ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული უკმაყოფილება მომჭირნეობის მკაცრი ზომებით, რომელთა გარეშეც საბერძნეთი ვერ მიიღებს უზარმაზარი ვალების გასასტუმრებლად აუცილებელ ფინანსურ დახმარებას უცხოეთიდან.

გაფიცულებს შორის არის ათენის მკვიდრი პეტროსიც, საჯარო მოხელე: „მე შევუერთდი გაფიცვას და მჯერა, რომ ეს, მომჭირნეობის ზომები მეტისმეტად მძიმე ტვირთად აწევს ბერძენ ხალხს. ჩემი აზრით, ხალხსაც ეკუთვნის სიტყვა ამ საკითხებზე“.

ბერძნებმა თავიანთი პოზიცია ხუთშაბათს ისევ გამოხატეს ხმაურიან საპროტესტო. ათენში მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც: ახალგაზრდებმა აალებადი ყუმბარები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რომლებმაც ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების ამ ნაწილის დასაშლელად. რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი ჩაერთო გამოსვლებში ხელფასებისა და პენსიების მორიგი შემცირების გასაპროტესტებლად.

საბერძნეთის პრობლემას გვერდი ვერ აუარა ანგელა მერკელმა, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას: „ჩემი სურვილია, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს. ეს მარტო იმიტომ კი არ მინდა, რომ საბერძნეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია ევროკავშირსა და ნატოში, არამედ იმიტომაც, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, ეს შედის საბერძნეთის, ისევე როგორც ევროზონისა და მთლიანად, ევროკავშირის ინტერესებში“.

საბერძნეთი ემზადება 11,5 მილიარდი ევროს დასაზოგად, რასაც მისგან მოითხოვენ ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სამეულის ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე, საბერძნეთი ვერ მიიღებს მორიგ ტრანშს საერთაშორისო ფინანსური დახმარებიდან, რომელიც მოიცავს 130 მილიარდ ევროს.

ევროკავშირის ლიდერები უკვე 22-ე სამიტზე შეიკრიბნენ 2009 წლის ბოლოს საბერძნეთში კრიზისის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG