Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლის მარტიდან, იგი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ტოივო კლაარი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და მისიის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების მოწყობის საკითხს გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიუკერძოებლად და ეფექტურად მუშაობს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და მხარს უჭერს თანამშორლობას ადგილობრივ დონეზეც, მუშაობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და იმაზე, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოში ტოივო კლაარმა. ამ პოსტზე მან ანჟეი ტიშკევიჩი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ მისიას 2011 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით საზღვრის მოწყობის პროცესს, რომელიც ბოლო ხანებში გაძლიერდა. ჩვენ ამ პროცესს 5 წლის განმავლობაში ვაკვირდებით. ამ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქვს ზეგავლენა. ჩვენ ვთანამშრომლობთ და უზრუნველვყოფთ კარგ კომუნიკაციას უსაფრთხოების ყველა სტრუქტურასთან ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ეს ხდება ცხელი ხაზის გამოყენებით, რათა უზრუნველვყოთ ყოველდღიური თანამშრომლობა მხარეეს შორის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციის გადაწყვეტა, საბოლოოდ, პოლიტიკოსთა ხელშია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება მხარეებს შორის პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ“.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში განვაახლოთ, პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შეხვედრები გალში, თუ ამისათვის იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება. ვიმედოვნებ, რომ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები...
ტოივო კლაარმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდინარე მავთულხლართების გავლების საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ ერთია ის, თუ რას აკეთებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შეუძლია თუ არა მას გააკეთოს ეს უკეთესად, მაგრამ ის თავის ფუნქციებს ასრულებს აბსოლუტურად მიუკერძოებლად. კლაარის სიტყვებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. საზღვრის მოწყობის გამო, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს პროცესი არ არის ახალი, ის 2008 წელს დაიწყო, თუმცა ახლა ინტენსიური გახდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში სულ 2 დღის ჩამოსულია, იმედი გამოთქვა, რომ განახლდება, პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში შეხვედრები, რომელიც 2012 წლის მარტის შემდეგ არ ჩატარებულა - მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი ქართული მხარის სასარგებლო მიკერძოებაში დაადანაშაულა და არასასურველ პირად გამოაცხადა:

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში განვაახლოთ, პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შეხვედრები გალში, თუ ამისათვის იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება. ვიმედოვნებ, რომ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები. იყო გარკვეული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერ შევძელით ამ შეხვედრების ჩატარება და იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება მზად არიან განაახლონ ეს შეხვედრები“.

როგორც ტოივო კლაარმა აღნიშნა, გალში შეხვედრების აღდგენის საკითხზე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებიც მუშაობენ და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ, პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შეხვედრები გალში განახლდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან სრული შესაბამისობის მიღწევაზეა ორიენტირებული. დაძაბულობის შესამცირებლად მისია ამყარებს კავშირებს, ხელს უწყობს მხარეებს შორის კონტაქტს და ახორციელებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ სხვა ღონისძიებებს.

მისიამ საქმიანობა 2008 წლის ოქტომბერში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გასვლაზე დაკვირვებით დაიწყო. ამჟამად მისიაში ევროკავშირის წევრი 25 სახელმწიფოდან დაახლოებით 260 თანამშრომელი მუშაობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG