Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს ერგო


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი წელს ევროკავშირი გახდა - კონტინენტის მშვიდობიანი გაერთიანების გამო.

შესაბამისი განცხადებით ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელი, თორბიორნ იაგლანდი, ოსლოში გამოვიდა:

„კავშირის და მისი წინამორბედების ნაბიჯები უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში უწყობს ხელს ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გამყარებას.“

ნობელის პრემიის მიღება ემთხვევა პერიოდს, როცა ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშეა. კავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში რეცესიაა.

ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ პრემიის გადაცემას უწოდა „იმ უნიკალური პროექტის მართებული დაფასება, რომელიც თავისი მოქალაქეებისა და მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ მუშაობს.“

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროპის კომისიის პრესმდივანმა პია აჰრენკილდე ჰენსენმა თქვა, პრემიის გადმოცემით გაგვამხნევეს - ზურგზე ხელი მოგვიტყაპუნესო:

„ეს ფანტასტიკური მომენტია იმ პერიოდში, როცა ევროკავშირი დიდი გამოწვევების წინაშეა. ეს არის დაფასება და აღიარება, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სამშვიდობო პროექტს, რომელიც მსოფლიოს შთააგონებს და რომელსაც ძალუძს მსოფლიოს იმედის მესიჯი გაუგზავნოს.“

ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, განაცხადა, ნობელის პრემიის მინიჭებით აღიარეს ბლოკის, როგორც „ისტორიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამამკვიდრებლის“, როლიო.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა კი, მარტინ შულცმა, თქვა, „ბალკანეთიდან კავკასიამდე ევროკავშირი დემოკრატიისა და შერიგების შუქურად გვევლინებაო“.

თუმცა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ აღმატებული სიტყვებით არ შეხვედრიან და მას სკეფსისიც მოჰყვა. მაგალითად, მოსკოვში ვეტერანმა უფლებადამცველმა, ლიუდმილა ალექსეევამ, პრემიის ევროკავშრისთვის გადაცემის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი აზრით, პრემია, პოლიტიკური ბლოკის ნაცვლად, უნდა გადაეცათ პოლიტპატიმრებისთვის ირანში ან უფლებადამცველებისთვის რუსეთში.
„ჩვენი მოძრაობა თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის. ის ძალიან რთულ პირობებში განვითარდა. ევროპარლამენტისგან ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღება კოლოსალური მორალური მხარდაჭერა იყო. ასეთივე როლის შესრულება შეეძლო ნორვეგიის ნობელის კომიტეტს, თუმცა, სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა,“ - განაცხადა ალექსეევამ.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაყოფა დიდწილად დასრულდა. დემოკრატია გამყარდა. ეთნიკურ მოტივებზე დამყარებული ბევრი ეროვნული კონფლიქტი გადაიჭრა ...

გავრცელებულ განცხადებაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ამბობს, რომ სურდა იმ „სტაბილურობის მომტან“ როლზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს „მასშტაბური ეკონომიკური სირთულეების და საკმაოდ ხშირი სოციალური მღელვარების“ ფონზე.

კომიტეტის აზრით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის გარდაქმნაში ომის კონტინენტიდან - მშვიდობის კონტინენტად.

კერძოდ, კომიტეტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ გაწეულ სამუშაოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგების საქმეში. „ეს ამტკიცებს, რომ სწორად გამიზნული ნაბიჯებით და ურთიერთნდობის განმტკიცებით ისტორიული მტრები შეიძლება ახლო მოკავშირეებად გადაიქცნენო“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირმა კომიტეტის ქება იმის გამოც დაიმსახურა, რომ 1980-იან წლებში წარმატებით მოახდინა ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის შემოერთება - მას შემედეგ, რაც ამ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმები დაინგრა.

კომიტეტი იმ როლსაც აღნიშნავს, რომელიც ევროკავშირმა შეასრულა, 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში სტაბილურობის დამყარების საქმეში.

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაყოფა დიდწილად დასრულდა. დემოკრატია გამყარდა. ეთნიკურ მოტივებზე დამყარებული ბევრი ეროვნული კონფლიქტი გადაიჭრა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნობელის კომიტეტი შენიშნავს, რომ ევროკავშირი თავისი პოზიტიური როლის თუ ფუნქციის შესრულებას ამჟამად ბალკანეთში განაგრძობს.
XS
SM
MD
LG