Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუმინეთის მთავრობას კანონების უგულებელყოფის გამო აკრიტიკებს


ევროკავშირის ლიდერები საყვედურობენ რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას იმ უჩვეულოდ უხეში მცდელობის გამო, რომლითაც მემარცხენე მთავრობა ესწრაფვის გადააყენოს პრეზიდენტი და შეკვეცოს სასამართლოს უფლებამოსილება. პონტა ბრიუსელში გამოიძახეს მას შემდეგ, რაც მემარცხენე პოლიტიკური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფმა რუმინეთის პარლამენტმა თანამდებობიდან გადააყენა მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, შეცვალა ომბუდსმენი და საგანგებო დეკრეტით სასამართლო ხელისუფლებაზე მაღლა დააყენა თავი.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან შეხვედრაზე ბაროზუმ „სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუმინეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო“.

იგივე მოკლე მესიჯი გაიმეორა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, რომელმაც მოუწოდა პონტას პასუხი გასცეს იმ კითხვებს, „რომელთაც კომისია პრობლემატურს უწოდებს.“

როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეგვეჩერებინა, მივმართეთ სახალხო გამოკითხვას იმისათვის, რომ გამოვიდეთ კოაბიტაციის [ურთიერთდაპირისპირება ხელისუფლებაში] ჩიხური ვითარებიდან ...
ვიქტორ პონტა

ევროკავშირის ლიდერების შეშფოთება კი გამოიწვია რუმინეთის მთავრობის მიერ კონსტიტუციის იგნორირებით გამოცემულმა დეკრეტმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ ბასესკუს იმპიჩმენტისათვის რეფერენდუმში მონაწილეთა უბრალო უმრავლესობაც კი საკმარისია, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებდა, რომ, კანონის თანახმად, რეფერენდუმი ჩატარებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც მასში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ბოლო დღეებში ცდილობდა უკან დაეხია და აცხადებდა, რომ მთლიანად იზიარებდა ევროკავშირის ლიდერების შეშფოთებას. თუმცა ხუთშაბათს პონტამ კვლავ დაჟინებით გაიმეორა, რომ რეფერენდუმი საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი:

„როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეგვეჩერებინა, მივმართეთ სახალხო გამოკითხვას იმისათვის, რომ გამოვიდეთ კოაბიტაციის [ურთიერთდაპირისპირება ხელისუფლებაში] ჩიხური ვითარებიდან, რადგან თუკი ხალხი 29 ივლისს მხარს დაუჭერს ბატონ ბასესკუს დარჩენას, ჩვენ დავეთანხმებით ამ არჩევანს და იძულებული გავხდებით ვცნოთ პრეზიდენტის ლეგიტიმურობა.“

რუმინეთში 29 ივლისის რეფერენდუმი, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტად ტრაიან ბასესკუ, პირველი არაა. 2007 წლის აპრილის ბოლოს რუმინეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბასესკუს იმპიჩმენტს. მაშინ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ასევე ინიცირებული იყო რუმინეთის მემარცხენე ოპოზიციის მიერ, რომელიც ბასესკუს ძალაუფლების გადამეტებაში, მთავრობის წევრთა სატელეფონო მოსმენებსა და კორუფციაში სდებდა ბრალს.

მე უკვე 8 წელია პრეზიდენტი ვარ. ასე რომ, ავიღებ პორტფელს და წავალ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. არ მინდა განვაგრძო მოღვაწეობა ვინმეს დისკვალიფიკაციის ფასად ...
ტრაიან ბასესკუ

5 წლის შემდეგ ბასესკუს კვლავ დაემუქრა იმპიჩმენტი. 6 ივლისს
მმართველი მემარცხენე პარტიის, ლიბერალურ-სოციალური კავშირის კანონმდებლებმა და მათმა მოკავშირეებმა ბასესკუს ბრალად წაუყენეს უფლებამოსილების გადაჭარბება 2010 წელს მომჭირნეობის მკაცრი ზომების გამოცხადების გამო. ბასესკუ, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, უარყოფს ბრალდებას, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის დაემორჩილოს რეფერენდუმის შედეგებს:

„დავუშვათ, რომ ეს რეფერენდუმი უკანონოდ ცნობს ჩემს მანდატს. კეთილი. მე უკვე 8 წელია პრეზიდენტი ვარ. ასე რომ, ავიღებ პორტფელს და წავალ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. არ მინდა განვაგრძო მოღვაწეობა ვინმეს დისკვალიფიკაციის ფასად, როგორც ფეხბურთშია ხოლმე, როდესაც ჩემპიონი ხდები სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე.“

ბასესკუ ხშირად იმეორებდა, რომ მისი იმპიჩმენტის მცდელობის საბოლოო მიზანი იყო იმ ანტიკორუფციული ძალისხმევის დასუსტება, რომელმაც რუმინეთში უკვე გამოიღო ნაყოფი. გასულ თვეში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ადრიან ნასტასეს, რომელიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ პონტას, პოლიტიკური აღმზრდელია.

პრეზიდენტის ხელისუფლების, მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ ვიქტორ პონტას მრავალმხრივ შეტევებს კრიტიკოსები ხელისუფლების დემოკრატიული ბალანსისა და კონტროლის სისტემისაკენ მიმართულ ბლიცკრიგს უწოდებენ. პონტას მოქმედებას აკრიტიკებენ აშშ და გერმანია, ხოლო ბრიუსელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ასეთი მოქმედებით რუმინეთი რისკავს აღმოჩნდეს შენგენის ზონის მიღმა, რომელში გაწევრიანებაც წელს იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG