Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის სანქციებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას დაუკავშირებს


ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაგრძელება გასულ თვეში მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებას დაუკავშირა. გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის 19 მარტის სამიტმა წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, რომლის თანახმად კავშირის ცალკეული ქვეყნები ეწინააღმდეგობდნენ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაგრძელებას. როგორც სამიტის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციების საკითხი დაუკავშირონ მინსკის სამშვიდობო შეთახმებების ყველა პუნქტის შესრულებას, რომლისთვისაც მხარეებს დრო დეკემბრის ბოლომდე აქვთ მიცემული.

“ამ საღამოს ჩვენ ვიმსჯელეთ უკრაინისა და რუსეთის თაობაზე. ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები კანცლერ მერკელისა და პრეზიდენტ ოლანდის შუამავლობით ხელმოწერილ მინსკის შეთანხმების შესრულებას დაუკავშირდეს. ევროკავშირის საბჭო თანხმდება, რომ სანქციების მოქმედების ვადა აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს მინსკის შეთანხმებათა შესრულებას. მხედველობაში გვაქვს ის, რომ სანქციები მხოლო 2015 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული. თუმცა ევროკავშირის საბჭო მზად არის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გადაწყვეტილებებიც მიიღოს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა19 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური, თავდაცვითი თუ ენერგეტიკული სანქციების ვადა 2015 წლის ივლისში იწურება, მინსკის შეთანხმების შესრულების ბოლო ვადა კი დეკემბერია. შესაბამისად, თავად რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებზეა დამოკიდებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება.

როგორც ჩვენი კოლეგა რიკარდ იოზვიაკი იუწყება ბრიუსელიდან, 19 მარტის გადაწყვეტილება არის ევროპის ქვეყნებს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგი. პოლონეთი და ლიტვა რუსეთისათვის სანქციების დეკემბრამდე გაგრძელებას ემხრობოდნენ, უნგრეთსა და საბერძნეთს კი სურდათ გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობა ივლისამდე, ანუ მოქმედი ზომების ვადის ამოწურვამდე, გადაედოთ.

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ბრიუსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მინსკის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო შესრულებასთან სანქციების გაგრძელების დაკავშირება:

„ჩვენი დღის წესრიგი უკრაინასთან დაკავშირებით ამჯერად ძალიან მარტივია - ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება მინსკის შეთანხმების სრულ განხორციელებამდე. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მინსკის შეთანხმების ბოლოში არის ყველაზე რთული ვალდებულებები, რაც რუსეთმა უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები არ შერბილდება, ვიდრე ეს ვალდებულებები არ შესრულდება“.

ევროკავშირის ლიდერებს ამჯერად არ დაუწესებიათ ახალი სანქციები რუსეთის მიმართ, რაც ნაწილობრივ იმითაც არის განპირობებული, რომ 15 თებერვალს მინსკში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა მკვეთრად იკლო დონბასში.

თუმცა, როგორც 20 მარტს განაცხადა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობამ, განვლილი 24 საათის განმავლობაში სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, სეპარატისტები კი თავიანთი სამი მებრძოლის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

„აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 19 მარტს გამოვიდა ინიციატივით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG