Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველო რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის გვერდით მოიხსენიეს


38 მომხრე და 28 წინააღმდეგი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების როლსა და მათი დაცვის გაძლიერების თაობაზე. საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომლის თანახმად,ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, უფლებადამცველების დაცვის კუთხით ვითარების გაუარესების ნიშნები შეიმჩნევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ტექსტში სხვა ქვეყნების გვერდით არ ჩაწერილიყო საქართველო, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

„ზოგიერთ წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც, შეინიშნება ვითარების გაუარესების შემაშფოთებელი ნიშნები. კერძოდ, ეს არის საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების მუქარა, ფიზიკური თავდასხმა, იმ ადვოკატებზე ზეწოლა და დაშინება, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - ვკითხულობთ 28 იანვარს მიღებულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებადამცველების როლსა და მათი დაცვის გაძლიერების თაობაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში. რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში საქართველო საერთოდ არ იყო მოხსენიებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სახელით განაცხადა, რომ მათ ექმნებათ სერიოზული პრობლემები მუშაობისას და რომ ეს რეზოლუციაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო:

„52 უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ საჯაროდ ესხმიან თავს და ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლების მამხილებელ მასალას გამოაქვეყნებენ. უნდა ვახსენოთ ადვოკატებიც, რომლებსაც ასევე თავს ესხმიან, განსაკუთრებით კი მათ, ვინც იცავს იმ მსხვერპლთა უფლებებს, რომლებიც ფიგურირებენ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე ის ადვოკატები, რომლებიც თავდასხმების მსხვერპლნი არიან სწორედ იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ პოლიტიკურად სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეებზე...
ჩიორა თაქთაქიშვილი

საქართველოს დელეგაციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დებატების დროს მოითხოვა ამოეღოთ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ირღვევა უფლებადამცველების უფლებები და განაცხადა, რომ რეზოლუციაში უფლებადამცველებზე ზეწოლის არც ერთი კონკრეტული ფაქტი მოყვანილი არ არის. მანამდე, სიტყვით გამოსვლისას, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველებს ყველა პირობა აქვთ მუშაობისათვის, ხელისუფლება კი მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან:

„მათ აქვთ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი კანონპროექტებზე, ისინი ესწრებიან საკომიტეტო მოსმენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არიან როგორც სასამართლო რეფორმის პროცესში, ისე ოჯახში ძალადობისა თუ ქალთა უფლებების შესახებ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“.

საბოლოოდ, ასამბლეამ მხარი რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს დაუჭირა, სადაც საქართველოცაა ნახსენები.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლას "საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება" უწოდა:

„ძალიან ხელოვნური იყო ეს გამოსვლა. ვფიქრობ, ეს იყო ჩიორა თაქთაქიშვილის და მისი გუნდის გალაშქრება საქართველოს წინააღმდეგ, რადგან, მიუხედავად საქართველოს შესახებ ძალიან კარგი ანგარიშის და დადებითი შეფასებებისა, რაც იყო ჩანაწერში, მან მოითხოვა საქართველოც დაემატებინათ სხვა ქვეყნების გვერდით, სადაც პრობლემები არსებობს“.

ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, - ასე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებას ჩიორა თაქთაქიშვილი და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე ის ადვოკატები, რომლებიც თავდასხმების მსხვერპლნი არიან სწორედ იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ პოლიტიკურად სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო ასამბლეის პოზიცია ამ თვალსაზრისით არის ცალსახა, რომ დაუშვებელია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ისე უფლებადამცველებსა და ადვოკატებზე ამ სახის თავდასხმები“.

გიორგი გოგია
გიორგი გოგია

რადიო თავისუფლება შეფასებისათვის სტრასბურგში დაუკავშირდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - "ჰიუმან რაიტს უოჩის"​ - დირექტორს სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას, რომელიც არ იზიარებს ასამბლეის გადაწყვეტილებას რეზოლუციაში საქართველოს ჩაწერის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველებს საქართველოში არ აქვთ ისეთი პრობლემები, როგორიც, მაგალითად, რუსეთსა თუ აზერბაიჯანში:

„ამ რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის მხრივ სამი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა იყო ნახსენები - რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, სადაც ამ მხრივ, მართლაც, უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველოს დამატება მათ გვერდით ამ რეზოლუციაში უფრო მეტად ჩვენი - საქართველოს - დელეგაციის აქტიური წევრების მონდომებიდან გამომდინარეობს, ვიდრე არსებული საფრთხეებიდან, რადგან მე ნამდვილად არ შემიძლია დავასახელო უფლებადამცველებზე ზეწოლის ისეთი შემთხვევები, რაც ასეთი შეშფოთების საფუძველი შეიძლება გახდეს“.

თუმცა გიორგი გოგია იმასაც აცხადებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებისათვის უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ თუ კიდევ არსებობს პრობლემა ამ სფეროში, გადაჭრას ის და საერთაშორისო საზოგადოებას ეჭვის საფუძველი აღარ დაუტოვოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG