Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ევროკავშირ-შვეიცარიის ურთიერთობას სადავო რეფერენდუმის შემდეგ?


შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა
შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე გამოტანილ შეკითხვას დადებითად მხოლოდ 50.3% -მა უპასუხა, თუმცა რეფერენდუმის შედეგები სავალდებულოა და ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ნება სამი წლის განმავლობაში კანონმდებლობაში ასახოს. ეს კი ნიშნავს ცხოვრების უფლების გამკაცრებას უცხოელებისათვის და შეზღუდვების დაწესებას საზღვრის გადაკვეთისა და თავშესაფრის მაძიებელთათვის.

მარტინ შულცმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება, თავის მხრივ, ევროკავშირსაც მოუხდება.

„მეორე მხრივ, ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ეს შედეგები. ევროკავშირს გაფორმებული აქვს შეთანხმებები შვეიცარიასთან. ამ შეთანხმებებით გარანტირებულია ევროკავშირის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება. ახლა, ამ რეფერენდუმის კვალობაზე, შვეიცარიას მოუწევს შეცვალოს კანონმდებლობა და შეზღუდოს თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებისათვის. შემდეგ ჩვენ მოგვიწევს რეაგირება - იძულებული გავხდებით ვიმსჯელოთ და, სავარაუდოდ, გადავსინჯოთ შვეიცარიასთან დადებული შეთანხმება“.

ბევრმა შვეიცარიელმა ახალგაზრდამ გაიარა სამუშაო პრაქტიკა, მაგრამ არ აქვს სამსახური, რადგან მათი ადგილი ახალგაზრდა ფრანგებმა დაიკავეს. მე მესმის მათი, მაგრამ მაინც წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ჩვენ ევროპის შუაგულში ვართ. თანაც, შვეიცარიამ შეიძლება ევროპის ლაბორატორიის როლი შეასრულოს...
ჯერემი საიტი
შეზღუდვები შეეხება აგრეთვე ევროკავშირიდან სამუშაო ძალის შემოდინებას, რადგან სხვა ქვეყნებიდან უცხოელ სპეციალისტებზე კვოტა შვეიცარიაში დღესაც მოქმედებს. რეფერენდუმის შედეგები არის ანტიიმიგრაციული განწყობების გამოხატულება, რაც აგრეთვე აისახება ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარულობის ზრდაში. ულტრამემარჯვენეები აცხადებდნენ, რომ შვეიცარიას არ შეუძლია ყოველწლიურად 80 ათასი უცხოელის მიღება.

რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც შიშობენ, რომ იმიგრაციის ზრდის კვალობაზე და ევროპის მრავალ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მათაც ემუქრებათ უმუშევრობა. ამ ფაქტორს მნიშვნელოვანს უწოდებს ერთ-ერთი ამომრჩეველი, ჯერემი საიტი, თუმცა, მან მხარი არ დაუჭირა იმიგრაციის შეზღუდვას:

„ბევრმა შვეიცარიელმა ახალგაზრდამ გაიარა სამუშაო პრაქტიკა, მაგრამ არ აქვს სამსახური, რადგან მათი ადგილი ახალგაზრდა ფრანგებმა დაიკავეს. მე მესმის მათი, მაგრამ მაინც წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ჩვენ ევროპის შუაგულში ვართ. თანაც, შვეიცარიამ შეიძლება ევროპის ლაბორატორიის როლი შეასრულოს და რაც აქ მოხდება, ის განმეორდება ევროპაში გაისად და მომავალი ხუთი წლის განმავლობაში“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმს შვეიცარიის იზოლაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა:

„ჩემი აზრით, ეს ცუდი ამბავია როგორც ევროპისათვის, ასევე შვეიცარიელებისათვის, რადგან თუკი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება, ის ეკონომიკურად იზარალებს“.

ევროკავშირი შვეიცარიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „როიტერის“ თანახმად, შვეიცარიამ 2013 წელს ევროკავშირის ბაზარზე 120 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. თუკი შვეიცარია, რეფერენდუმის კვალობაზე, გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას ევროკავშირის მოქალაქეებისათვის, მაშინ ბრიუსელი შვეიცარიასთან გაფორმებულ შეღავათიან სავაჭრო და ეკონომიკურ შეთანხმებებს გადახედავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG