Accessibility links

logo-print

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს არ შეარყიოს მისი სანქციების პოლიტიკა


მევლუდ ჩავუშოღლუ და ფედერიკა მოგერინი

მევლუდ ჩავუშოღლუ და ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების თაობაზე. ბრიუსელი ცდილობს დაარწმუნოს თურქეთის ხელისუფლება არ შეარყიოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი იყო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვრცელი ინტერვიუს თემაც.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის გამო, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობას ესწრაფვიან ევროკავშირთან.

გერმანიის გაზეთ „დი ველტთან“ ინტერვიუში მერკელი აღნიშნავს, რომ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას - ამ სამ სახელმწიფოს - რუსეთი უქმნის პრობლემას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხელი მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმებისათვის. მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ზეგავლენის გაძლიერებაში იმით, რომ მათ ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დამოკიდებულს ხდის რუსეთზე.

რუსეთს ყირიმის ანექსია და მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ორშაბათს თურქეთიდან შეახსენა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ:

„თქვენ ვალდებულება იკისრეთ მოახდინოთ ვითარების განმუხტვა აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ არ ვივიწყებთ ყირიმის ანექსიას, როგორც საერთაშორისო პრინციპების მნიშვნელოვან დარღვევას, მაგრამ რაც ივალდებულეთ მინსკის შეთანხმებით, მას პატივი უნდა სცეთ და შეასრულოთ. და ჩვენ ამას მოველით ქვეყნისაგან, რომელიც შესაძლოა გახდეს რელევანტური საერთაშორისო მოთამაშე, თუ გადაწყვეტს იმგვარად განახორციელოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, როგორც ამას დიდი სახელმწიფოები აკეთებენ“.

ცნობილია, რომ ანკარა არ უერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ევროკავშირი შეაშფოთა დეკემბრის დასაწყისში, პუტინ-ერდოანის შეხვედრის დროს, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი და აშშ, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო, რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მოგერინის უნდა დაეთანხმებინა თურქეთის ხელისუფლება, რომ შეარყიოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ ჯავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს:

„რაც შეეხება კონკრეტულად თურქეთის როლს, ამაზე ჩვენ მოკლედ ვიმსჯელეთ, მაგრამ შევიტანეთ იმ მომავალი შეხვედრების დღის წესრიგში, რომელზეც „სამხრეთ დერეფნის“ საკითხში კოორდინირება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარშრუტების, არამედ ძირითადად ჩვენი ენერგომატარებლების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებისათვის, რასაც,დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპისთვის, ისე თურქეთისათვის. ეს იქნება სამომავლო მოლაპარაკებათა დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თურქეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების თაობაზეც ისაუბრა:

„ჩვენ ვიმსჯელეთ საერთო ინტერესის საგანზე, უცხოელ მებრძოლებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, დაქირავებულთა ნაკადზე, რომლის შესაჩერებლადაც კარგი კოორდინაცია და კარგი სტრატეგია გვჭირდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტექნიკურ დონეზე წარმოებს მუშაობა, რასაც კარგი შედეგი აქვს ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის თვალსაზრისით. და იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს უკვე მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავინახავთ“.

ევროკავშირს სურს იხილოს მეტი დახმარება თურქეთისაგან იმ დაქირავებული მებრძოლების იდენტიფიცირების საქმეში, რომლებიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში იბრძვიან სირიასა და ერაყში. თავის მხრივ, ანკარა მოუწოდებს ევროკავშირს შეაჩეროს რეგიონში პოტენციური დაქირავებული მებრძოლების გადაადგილება და აცხადებს, რომ დიდი მსხვერპლი უკვე გაიღო იმით, რომ სირიიდან დევნილი ათასობით ადამიანი შეიფარა.

XS
SM
MD
LG