Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი არ დაწყებულა, დაპირისპირება უკვე მწვავდება


ჯერ იყო და, ბრიტანეთში გაისმა ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშის საჯარო მოწოდება ფეხბურთის გულშემატკივრების მიმართ, ნუ წავლენ ევროპის ჩემპიონატის საყურებლად უკრაინაში, დარჩნენ შინ, რადგან უკრაინა რასისტული ქვეყანაა და შავკანიანებს იქ საფრთხე ემუქრებათ. უკრაინის ბავშვთა უფლებების დამცველი, თავის მხრივ, ურჩევს უკრაინელ მშობლებს, ჩემპიონატის პერიოდში პედოფილებისგან დაიცვან ბავშვები.

დარჩით შინ, ტელევიზორს უყურეთ, არ გაბედოთ წასვლა. შეიძლება ცუდად დაამთავროთ და კუბოთი დაგაბრუნონ უკან ...
სოლ კემპბელი
უკრაინამ, რომელიც პოლონეთთან ერთად მასპინძლობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს და რომელსაც უკვე არაერთხელ მოუწია თავი დაეცვა ამ ჩემპიონატის კონტექსტში, ახლა ბრიტანეთის მედიას შეუტია. ჯერ იყო და, ყოფილი პრემიერის, ტიმოშენკოს მიმართ საპატიმროში ძალადობრივი მოპყრობის გამო, ევროპის კავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეიძლება პროტესტის ნიშნად უკრაინაში თამაშებზე არ წავიდნენ. თუმცა ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა, ვინც ფიქრობდა, რომ ბოიკოტი საქმეს არ შველის. ახლა უკრაინა მიიჩნევს, რომ ბრიტანეთში ამ ქვეყნის დისკრედიტაცია ხდება სწორედ ჩემპიონატის დაწყების წინ. შეგახსენებთ: 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საფინალო ტურნირი 8 ივნისს იწყება. პირველი მატჩი გაიმართება ვარშავაში, სადაც მასპინძელი პოლონეთის გუნდი ეთამაშება საბერძნეთს. პირველი მატჩი დანიისა და ნიდერლანდის ნაკრებებს შორის დანიშნულია უკრაინაში, ხარკოვში. ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაპირისპირება მწვავდება. „ბი-ბი-სის“ პროგრამა „პანორამაში“ ორშაბათს ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, სოლ კემპბელმა, რომელიც შავკანიანია, ინგლისელი გულშემატკივრები გააფრხილა, ნუ წახვალთ თამაშებზე, რადგან დიდი საფრთხეა რასიზმის და არათეთრკანიანების მიმართ ძალადობის თვალსაზრისითო. უჩვენეს დოკუმენტური ფილმი პოლონეთსა და უკრაინაში ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე. მასში იხილავდით კადრებს, როგორ ესალმებიან ისინი ერთმანეთს ნაცისტურ ყაიდაზე და როგორ გამოაჯავრებენ შავკანიან მოთამაშეებს მაიმუნზე მიმანიშნებელი ჟესტებით. „ბი-ბი-სის“ გადაცემაში კემპბელი აღშფოთებას ვერ მალავს:

„დაუჯერებელია, ცუდად ვხდები, რაღაცნაირად ვცარიელდები, რომ ვუყურებ. და კარგად ვხვდები, რას განიცდიან იმ მომენტში ეს ბიჭები.“

მას ეკუთვნის ასევე მოწოდება, რომლითაც მიმართა ინგლისელ გულშემატკივრებს:

„დარჩით შინ, ტელევიზორს უყურეთ, არ გაბედოთ წასვლა. შეიძლება ცუდად დაამთავროთ და კუბოთი დაგაბრუნონ უკან.“

ამას ამბობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის გულშემატკივრებიც ცნობილი არიან თავიანთი აგრესიულობით არამარტო საკუთარ ქვეყანაში.

„ბი-ბი-სის“ გადაცემა „პანორამაში“ ნაჩვენები იყო აზიის რომელიღაც ქვეყნის სტუდენტების ამბავი, როცა მათ თავს დაესხნენ ხარკოვის სტადიონზე. ხარკოვი, როგორც გითხარით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, სადაც ჯგუფებში მატჩები გაიმართება. ინგლისის ნაკრების ორი შავკანიანი მოთამაშის ნათესავებმა განაცხადეს, რომ არ წავლენ უკრაინაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რასიზმის ბრალდება გამოგონილად მიაჩნია. სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეჰ ვოლოშინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამ მხრივ ბევრად მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე უკრაინას. ის არ უარყოფს, რომ უკრაინას აქვს სირთულეები, მაგრამ ამ მხრივ, თვლის ვოლოშინი, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უკრაინას არ ჩამორჩება.
ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თანახელმძღვანელმა უკრაინის მხრიდან, მარკიან ლუბკივსკიმ, განაცხადა, რომ რასიზმის ბრალდებები ინგლისელი ფეხბურთელის პირადი მოსაზრებებია და უკრაინაში საფრთხე არავის ემუქრება:

მშობლებს რჩევა მიეცათ, რომ გაიყვანონ ბავშვები ქალაქებიდან, სადაც თამაშები ეწყობა. უკრაინა მზად უნდა იყოს ...
იური პავლენკო

„მართალი გითხრათ, უკრაინაში ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთათვის ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს. ჩვენ ყველას სტუმრობა გვახარებს. ვემზადებით დიდი საფეხბურთო ზეიმისთვის. ხიფათი არ არსებობს.“

უკრაინის ბავშვთა უფლებების სახალხო დამცველმა მშობლებს რჩევა მისცა, ბავშვები ევროპის ჩემპიონატს მოარიდონ, რათა დაიცვან პედოფილებისგან. უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, იური პავლენკომ, კიევში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეულათასობით სტუმარს შორის, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩავლენ ჩემპიონატის დღეებში, იქნებიან სექსტურისტები, პედოფილების ჩათვლით:

„პრეზიდენტის მითითებები ეხება ბავშვთა უსაფრთხოებას ევროპის ჩემპიონატის დღეებში. სკოლების შენობებში მოეწყობა 16 ათასი ბანაკი. მშობლებს რჩევა მიეცათ, რომ გაიყვანონ ბავშვები ქალაქებიდან, სადაც თამაშები ეწყობა. უკრაინა მზად უნდა იყოს. ქვეყანაში ბევრი ისეთი ვინმე ჩამოვა, ვინც მხოლოდ ფეხბურთით არ არის დაინტერესებული.“

იური პავლენკოს თანახმად, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა პოლიციას დაავალა მიიღოს განსაკუთრებული ზომები ბავშვთა დასაცავად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დღეებში. პირველი მატჩი, როგორც ზემოთ ითქვა, პოლონეთში გაიმართება 8 ივნისს, შემდეგ, 9-ში, უკვე - ხარკოვში, ხოლო ფინალი დანიშნულია კიევში 1 ივლისს. გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია იუწყება, რომ უკრაინა, სექსუალური ექსპლუატაციისა და ადამიანის ტრეფიკინგის მხრივ, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG