Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა რეფორმათა ფართომასშტაბიანი გეგმა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინას საშუალებას მისცემს ექვს წელიწადში შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

25 სექტემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ნიშნავს აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთთვიანი კონფლიქტის „ყველაზე სახიფათო“ ფაზის დამთავრებას.

„მეგობრებო, ბევრი კვირის და თვის განმავლობაში დღეს პირველი დღეა, როცა უკრაინელებს შორის არავინ მოუკლავთ და არც არავინ დაუჭრიათ. როგორც იქნა, ზავი ამუშავდა”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, პოროშენკოს განცხადებით, რეფორმათა მისი გეგმა, რომელსაც „სტრატეგია - 2020“ ეწოდება, მოიცავს 60-მდე სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმასა თუ პროგრამას:

„[სტრატეგია] ითვალისწინებს 60 ცალკეულ რეფორმას და საგანგებო პროგრამას, რომლებიც უკრაინა მოამზადებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესატანად ექვს წელიწადში“.

პოროშენკომ რეფორმებისთვის პრიორიტეტულ სფეროებზეც ისაუბრა - მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაზე და ძალაუფლების სტრუქტურების დეცენტრალიზაციაზე, საგადასახადო სისტემის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და უშიშროების უწყებების რეფორმასა და მუშაობაზე ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად:

„არ მაწუხებს ის, თუ ვინ არის ამ რეფორმების წინააღმდეგი. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობის ფაქტი ისაა, რომ მათ უკრაინის ხალხი უჭერს მხარს. ეს მარწმუნებს, რომ დაუმარცხებლები ვართ“.

პოროშენკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და დასავლეთმა მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინონ უკრაინას, რათა მან შეძლოს ეროვნული ვალუტის, გრივნის, სტაბილიზაციის მიღწევა. წლის დასაწყისიდან ფულის ეს ერთეული დოლართან მიმართებით 40 პროცენტით გაუფასურდა.

პოროშენკომ 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამოქმედებას და უფრო მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია 16 სექტემბერს მოახდინა.

თუმცა შეთანხმების სავაჭრო ნაწილის ამოქმედება 2016 წლის იანვრამდე გადაიდო რუსეთის დასაშოშმინებლად, რომელიც აცხადებს, რომ შეთანხმება მის ბაზრებს ზიანს მოუტანს.

პოროშენკომ 25 სექტემბერს განაცხადა, უკრაინისთვის ამ „ამბიციური რეფორმების“ გატარების ალტერნატივა „რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენააო“.

ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

სააგენტო „იტარ-ტასმა“ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე უკრაინამ მოსკოვთან ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.

ცოტა უფრო ადრე პოროშენკომ რუსეთთან საზღვრის დროებით დაკეტვის ბრძანება გასცა.

უკრაინის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიტყვებით, ეს ზომა „მალე“ ამოქმედდება და მიზნად ისახავს სეპარატისტულ აღმოსავლეთში იარაღის შედინების აღკვეთას.

პარალელურად, 25 სექტემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ქვეყნებს მოუწოდა რუსეთს არ მოუხსნან დაწესებული სანქციები, სანამ კიევი არ აღადგენს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე, ყირიმის ჩათვლით. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას იაცენიუკმა რუსეთს მოსთხოვა აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს „რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ტერორისტების“ მომარაგება და დაიწყოს „ჭეშმარიტად სამშვიდობო მოლაპარაკება“.

მოსკოვი უარყოფს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას.

ამავე დროს, 25 სექტემბერს, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ხელი მოაწერა ლუსტრაციის კანონს, რომელიც პარლამენტმა 16 სექტემბერს მიიღო.

ამ კანონის თანახმად, შემოწმება ჩაუტარდება ერთ მილიონამდე საჯარო მოხელეს, მათ შორის, მინისტრებს, რათა აღმოიფხვრას კორუფციული პრაქტიკები, რომლებიც წინა, პრორუსულად განწყობილი, პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდიდანაა შემორჩენილი.

კანონის ფარგლებში პოსტებიდან დაითხოვენ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც აღმოაჩნდებათ კავშირები უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ან რუსეთის სხვა სტრუქტურებთან, უშიშროების ჩათვლით.

ოფიციალურ პირებს, რომლებიც ვერ შეძლებენ თავიანთი შემოსავლისა თუ ქონების წყაროების დასახელებას, ხუთიდან 10 წლამდე აეკრძალებათ საჯარო მოხელის პოსტის დაკავება.

XS
SM
MD
LG