Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში კიდევ ერთი წელი დარჩება


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წევრები. ახალგორი, 2008 წელი
ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წევრები. ახალგორი, 2008 წელი
12 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატის ერთი წლით - 2012 წლის 14 სექტემბრამდე - გაგრძელების შესახებ. როგორ აფასებს თბილისი მისიის სამწლიან მოღვაწეობას საქართველოში - რამდენად ეფექტური იყო ევროკავშირის მიერ საქართველოში გამოგზავნილი 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მუშაობა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან?
იქ რომ დღეს არ იყვნენ დამკვირვებლები, არაფერი დააკავებდა არც რუს სამხედროებს, არც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს...

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე უკვე შეაფასა როგორც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება. ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ”ევროპა საქართველოში კვლავაც აგრძელებს უსაფრთხოების გარანტის როლის შესრულებას". იმისათვის, რომ მისიის სამწლიანი მოღვაწეობა შეფასდეს, საჭიროა იმ მიზნების და ამოცანების გადახედვა, რაც ამ მისიას ეკისრება, - ფიქრობენ საერთაშორისო პოლიტიკისა და კავკასიის საკითხების ექსპერტები. ვითარების სტაბილიზაცია, ნდობის აღდგენა, შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილება, ინციდენტების პრევენცია, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება - შესაძლოა, არასრულად, მაგრამ დიდწილად მისია ამ ამოცანებს ასრულებდა, ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი:
კახა გოგოლაშვილი

”მიუხედავად იმისა, რომ მისიის მანდატი ბოლომდე ვერ ხორციელდება, სიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით გარკვეული გარანტიები მაინც შექმნილია - მაგალითად, ის, რომ ომი არ განახლდება. ფაქტია, რომ სამხედრო დაპირისპირება არ არის კონფლიქტის ზონის გამყოფ ზოლში, სამხედრო დაჯგუფებები არ გადადიან და გადმოდიან საზღვარზე, თავდასხმები, აფეთქებები, ტერორისტული აქტები თითქმის არ არის. თუ გავიხსენებთ ოკუპაციის პირველ თვეებს, მაშინ ამ თვალსაზრისით ვითარება ძალიან არასტაბილური იყო. მე მჯერა, რომ ეს არის სწორედ ამ მისიის დამსახურება. იქ რომ დღეს არ იყვნენ დამკვირვებლები, არაფერი დააკავებდა არც რუს სამხედროებს, არც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს და იქნებოდა მხოლოდ საქართველოს მხრიდან განცხადებები, რომლის დამტკიცების საშუალება საქართველოს, უბრალოდ, არ ექნებოდა.”

შესაბამისად, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დარჩება როგორც ერთგვარი შემაკავებელი ძალა, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი. მეტიც, ევროკავშირი უნდა ეცადოს მისიის გაძლიერებას, რათა მან შეძლოს მანდატის სრულად განხორციელება, ანუ საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც:
ევროკავშირმა უნდა იბრძოლოს, რომ სრულად მოხდეს ამ მანდატის რეალიზება და არ დარჩეს მხოლოდ ნახევარი საქმე გაკეთებული...

”ჩვენ ძალიან დიდი რისკის წინაშე დავდგებით, თუ მისია საქართველოს დატოვებს. აი, მაგალითად, პანკისის ხეობაში, სადაც არ დგანან ევროკავშირის დამკვირვებლები, რუსები იქ ხშირად არღვევენ საჰაერო სივრცეს და შესაძლოა მოხდეს რაიმე ინციდენტი, მაგალითად, ქართულმა მხარემ ჩამოაგდოს მათი საფრენი აპარატი. ვერ დაუმტკიცებს რუსეთს, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ის. რუსებს შეუძლიათ მარტივად თქვან, რომ საზღვართან ახლოს დაფრინავდნენ და რომ ქართველებმა საზღვრიდან ესროლეს... ამიტომ ვფიქრობ, რომ მისია უნდა გაძლიერდეს, რადგან მან თავისი მანდატი სრულად ვერ ამოწურა - ფაქტია, რომ ის მანდატის მიერ განსაზღვრულ სივრცეშიც ვერ მოქმედებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე. ევროკავშირმა უნდა იბრძოლოს, რომ სრულად მოხდეს ამ მანდატის რეალიზება და არ დარჩეს მხოლოდ ნახევარი საქმე გაკეთებული.”

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე შენიშნავს, რომ საზოგადოება ხშირად უფრო დიდ იმედს ამყარებს მისიაზე, ვიდრე ეს მას მისი მანდატით ევალება. სამეთვალყურეო მისიის საქმიანობის მთავარი ნაკლი, არეშიძის შეფასებით, მისიის შეზღუდული მანდატია - მათ არ შეუძლიათ მწვავედ რეაგირება:
ცხადია, რომ საფრთხის ხარისხი გაიზრდება დამკვირვებლების იქ აღარყოფნის შემთხვევაში...

”რასაკვირველია, მისიის ადგილზე ყოფნა დაპირისპირებულ მხარეებს ამუხრუჭებს, დამატებითი თვალი მდგომარეობას უფრო კორექტულს ხდის, მაგრამ მანდატის შეზღუდულობის გამო დამკვირვებლები მოვლენებზე ზემოქმედებას ვერ ახერხებენ. ანუ თუ რამე მოხდა, მათ შეუძლიათ ამის მხოლოდ დაფიქსირება, მაგრამ არა მწავედ რეაგირება. მაგალითად, ადამიანებმა გადაკვეთეს საზღვარი, ისინი დააკავეს - მისიას არ შეუძლია ზემოქმედება მეორე მხარეზე, რომ ეს ადამიანი გათავსუფლდეს. ჩემი აზრით, ეს არის მისიის მთავარი მინუსი.”

მამუკა არეშიძე შენიშნავს იმასაც, რომ მისიის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენილი ანგარიშები კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების და, კონკრეტულად, რუსეთის მხრიდან დარღვევების შესახებ რუსეთისათვის არც ისე ხელსაყრელია. მისიის მუშაობაში მამუკა არეშიძე მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც არ ელის განსაკუთრებულ ცვლილებას, თუმცა ამბობს, არის პროცესები, რომლებსაც მყისიერი შედეგი არ მოაქვს და არსებობს იმისთვის, რომ როდისმე სავარაუდო შედეგი მოიტანოსო. ხოლო იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, ცნობილია რუსეთის ამოცანა და ეს ამოცანა სამხრეთ კავკასიის სრულ გაკონტროლებას გულისხმობს, ნათელია დამკვირვებლების გაწვევა ქვეყნიდან ვის მიზანსაც წაადგება:
მამუკა არეშიძე

”რადგანაც ვიცით ჩვენი მოწინააღმდეგის სტრატეგიული ამოცანა, თავისუფლად შეიძლება გავთვალოთ, რომ დამკვირვებლების კონფლიქტის ზონასთან არყოფნის შემთხვევაში ამ სტრატეგიის განხორციელებაზე დაიწყება მუშაობა. ანუ ცხადია, რომ საფრთხის ხარისხი გაიზრდება დამკვირვებლების იქ აღარყოფნის შემთხვევაში.”

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა 28 ივლისს სოფელ დვანში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მისიის მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში. თუმცა მან ისიც თქვა, რომ პრობლემების საბოლოო გადაწყვეტას დრო დასჭირდება.

ცნობილია, რომ მისიისთვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირი დამატებით 23, 9 მილიონ ევროს გამოყოფს.
საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოში შექმნილ ვითარებას მონიტორინგს 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი უწევდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG