Accessibility links

გასულ კვირას ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013“ ოთხ ჟურნალისტს გადაეცა, სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი „მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ კი რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტს ერგო.

მარი ოთარაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი, წლებია კონფლიქტისპირა სოფლებსა და ახალგორში არსებულ სიტუაციაზე სისტემატურად წერს. ის თავადაც ახალგორელია და საკუთარი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. მარი ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელმაც 14 დეკემბერს ჟურნალისტიკაში საუკეთესო სტატიისთვის ევროკავშირის პრიზი მიიღო. „ომის შემდეგ პირველი რეპორტაჟი ცხინვალიდან“ - ასე ჰქვია მის პუბლიკაციას, რომელიც „რეზონანსში“ 2012 წლის 29 ოქტომბერს დაიბეჭდა. პუბლიკაცია ერთ-ერთი ცხინვალელი რესპონდენტის სიტყვებით იწყება: "ცხინვალი მკვდარი, ნაცრისფერი ქალაქია, სადაც მარტო მოხუცებიღა ცხოვრობენ" - ასეთი ხმები თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალზე დღემდე დადის, თუმცა რეალური სურათი სრულიად საპირისპიროა. "ომის შემდეგვე დაიწყო ცხინვალში დანგრეული ობიექტების მშენებლობა. მაშინდელი, კერძოდ კი, კოკოითის მთავრობის კორუმპირებულობის ბრალი იყო ეს თუ ბიუჯეტში თანხის უკმარისობისა, მშენებლობები ნელი ტემპით მიდიოდა. ახლა ასე აღარ არის", - უთხრა მაშინ მარის ცხინვალის მკვიდრმა. მოულოდნელი აღმოჩნდა მარისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზის მიღება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ნამდვილად ღირსეული კონკურენტები მყავდნენო, მეუბნება ის. თუმცა ფიქრობს, რომ თემის სიმძაფრემ და ინტერესმა თავისი საქმე გააკეთა:
„ეს იყო ომის შემდეგ პირველი რეპორტაჟი ცხინვალიდან. საკმაოდ ემოციური რეპორტაჟი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ აქ იყო პირველი ამბები ცხინვალიდან ომის შემდეგ. რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორია დღევანდელი ცხინვალი, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი“...

მომავალ წელს ჩვენ გვექნება პანელი, ჟიურის წევრებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გააკეთებს მედიის წინასწარ მონიტორინგს, შეარჩევს ნომინანტებს და შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულებს...
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში პირველად შარშან, 2012 წელს, სამ ნომინაციაში გაიცა. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის კოორდინატორი მაია ჩიტაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრიზი, რომელსაც ევროკავშირი საუკეთესო სტატიის, ტელე/რადიო სიუჟეტის, ბლოგის და ონლაინგაზეთისთვის გასცემს, ჟურნალისტებისათვის საუკეთესო სტიმულია იმისათვის, რომ შექმნან მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჟურნალისტური მასალები. პრიზი ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებშიც პროფესიული ჟურნალისტური ეთიკა და პრინციპებია გაზიარებული. წელს ნომინაციებში გამარჯვებულები ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა შვიდკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. როგორც მაია ჩიტაია ამბობს, მომავალი წლისთვის კონკურსი, სავარაუდოდ, ფორმატს შეიცვლის. თუკი წელს და შარშან საკონკურსო ნამუშევრებს თავად ჟურნალისტები წარადგენდნენ, 2014 წელს ნამუშევრებს უკვე ჟიური შეარჩევს:

სტანდარტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ დასაცავად ნეტგაზეთელები ძალიან დიდ დროს, შრომას და ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, როცა ვიღაც სხვაც ამბობს, რომ რაღაცებს სწორად ვაკეთებთ...
„მომავალ წელს ჩვენ გვექნება პანელი, ჟიურის წევრებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გააკეთებს მედიის წინასწარ მონიტორინგს, შეარჩევს ნომინანტებს და შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულებს“.

ყველაზე ინფორმატიული ონლაინგაზეთის ნომინაციაში წელს საუკეთესოდ „ნეტგაზეთი“ დასახელდა. ონლაინგაზეთი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში როგორც პოპულარობა, ისე საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ნდობის მოპოვება შეძლო. „ნეტგაზეთის“ ოპერატიულობასა და ობიექტურობაზე ყოველდღიურად ათამდე ჟურნალისტი ზრუნავს. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ წელს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ჩვენ გადმოგვეცა, მეუბნება ონლაინგაზეთის მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე:

„შეიძლება ჩვენ ჩვენით ვფიქრობთ, რომ რაღაცებს ვაკეთებთ, ვიცავთ პროფესიულ სტანდარტებს და ეს სტანდარტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ დასაცავად ნეტგაზეთელები ძალიან დიდ დროს, შრომას და ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, როცა ვიღაც სხვაც ამბობს, რომ რაღაცებს სწორად ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ საბედისწერო შეცდომებს - არა, და ამიტომ ეს პრიზი ჩვენთვის სამომავლოდაც დიდი სტიმული იქნება“.

ოლესია ვართანიანი პრიზის გადაცემის ცერემონიალზე

ოლესია ვართანიანი პრიზის გადაცემის ცერემონიალზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, წელს პირველად, სპეციალური პრიზი დააწესა მშვიდობის ჟურნალისტიკაში. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, პრიზის მიზანია აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. ამ პრიზის ერთადერთი გამარჯვებული, ოლესია ვართანიანი, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტია. ის ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს „კავკასიის პროგრამაში“, რომელიც ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში ჩატარდება. ოლესიას რადიოსიუჟეტი, სათაურით „იმედი აძლებინებს ნათესავებს“, „ეხო კავკაზას“ ეთერში 30 ივლისს გავიდა და ის აფხაზეთის ომის დროს დაკარგულ ადამიანებს ეძღვნება.

პირველად მთელი ჩემი მუშაობის პერიოდში მოხდა ისე, რომ რესპონდენტმა ჩემთან საუბრისას იტირა. ეს მართლა ძალიან რთული გამოდგა - რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რადგან ვცდილობდი ამომექექა ამ ადამიანის გრძნობები და მწარე ემოციები...
ოლესია უკვე 10 წელია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე წერს. მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ომით დაზარალებულ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ, როგორც ის მეუბნება, ინტერვიუები, რომლებიც მან ქართველ და აფხაზ დაკარგულებზე სოხუმსა და თბილისში ჩაწერა, მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა:

„პირველად მთელი ჩემი მუშაობის პერიოდში მოხდა ისე, რომ რესპონდენტმა ჩემთან საუბრისას იტირა. ეს მართლა ძალიან რთული გამოდგა - რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რადგან ვცდილობდი ამომექექა ამ ადამიანის გრძნობები და მწარე ემოციები. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ეს ქალები, დედები, რომლებმაც შვილები ომში დაკარგეს, მადლობას მიხდიდნენ იმისთვის, რომ მე მათ მოვუსმინე და ამ დანაშაულის შეგრძნებამაც გამიარა. და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში ჩაწერილი დედების ემოციები და მონათხრობი აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა მეორე მხარეს ჩაწერილი ემოციებისა“.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს კიდევ ორმა ჟურნალისტმა მიიღო. პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო ტელე და რადიორეპორტაჟი“ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტს გიორგი მგელაძეს ერგო სიუჟტისთვის „აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში“, საუკეთესო ბლოგის ავტორად კი, შარშანდელის მსგავსად, კვლავაც გიორგი კიკონიშვილი დასახელდა, ბლოგით „ადამიანი, შე, ჩემა“.
XS
SM
MD
LG