Accessibility links

logo-print

ევროკავშირის 60 მილიონი და წინასაარჩევნო სოფლის მეურნეობა


ევროკავშირი საქართველოს 60 მილიონ ევროს გამოუყოფს და ამ საგანგებო დახმარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ზრუნვა იქნება. ხელისუფლების განმარტებით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ეხმიანება მთავრობის ახალ პროგრამას, რომელიც დიდწილად სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული. აგრარულ სექტორთან დაკავშირებული თემები უდიდეს ადგილს იკავებს ძირითადი კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიაში. რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობაზე?

ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტის ფარგლებში დაპირებული 60 მილიონი ევრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზებასა და აგრეთვე იმ ინსტიტუციების განვითარებას მოხმარდება, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ანუ საუბარი ამ შემთხვევაში შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მომზადების პროცესს.

ამ ეტაპზე ბევრი რამ კვლავაც უცნობია, მაგრამ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობაზეა საუბარი, განსაკუთრებული აქცენტი მცირე ფერმერულ ასოციაციების დახმარებაზე კეთდება. ასეთი დახმარებაა, მაგალითად, თანამშრომლობის გაძლიერება და სურსათის უსაფრთხოების გაზრდა სწავლებისა და ტექნიკური რჩევების გზით.
პოლიტიკური მხარდაჭერა არის, განაცხადიც გაკეთდა და შემდგომი ეტაპია, რომ ჩვენ უკვე ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან უნდა ვიმუშაოთ, რომ გაიწეროს დეტალურად და რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს. ეს არის ევროკომისიის პროცედურა და, შესაბამისად, მყისიერად ნამდვილად არ ხდება - გარკვეული ეტაპებია გასავლელი...

ევროკავშირის დახმარების 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც მალე დაიწყებს მოქმედებას, ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის კომპონენტს, - განუმარტავს რადიო თავისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი; თუმცა, მისი თქმით, ამ ბოლო 60 მილიონიანი ”დამატებითი რესურსის” გამოყოფის დაპირებით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თუ როდის უნდა ელოდოს საქართველო დასახელებული თანხის მიღებას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

”პოლიტიკური მხარდაჭერა არის, განაცხადიც გაკეთდა და შემდგომი ეტაპია, რომ ჩვენ უკვე ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან უნდა ვიმუშაოთ, რომ გაიწეროს დეტალურად და რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს. ეს არის ევროკომისიის პროცედურა და, შესაბამისად, მყისიერად ნამდვილად არ ხდება - გარკვეული ეტაპებია გასავლელი”, - უთხრა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პროგრამები და პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ახალი ფინანსური დანაპირების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სეგმენტის შესატყვისი იქნება და ორიენტირებული იქნება, მაგალითად, ექსპორტის ხელშეწყობაზე, ევროკავშირთან სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის მოთხოვნათა შესაბამისად. გავიხსენოთ, რომ სამთავრობო პროგრამა, რომლითაც მმართველი პარტია - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც ხელმძღვანელობს, აგრარული სექტორის განვითარების მიზნით 4 წელიწადში 4 მილიარდი ლარის ინვესტირებას გულისხმობს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი - კოალიცია ”ქართული ოცნება” - იმავე სფეროში, მაგრამ ერთ წელიწადში, მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა წინასაარჩევნო მარათონის ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტად იქცა და ის უმუშევრობასთან ბრძოლის ძირითად იარაღად სახელდება. პოლიტიკური ძალების ამ სფეროთი დაინტერესება და მათ მიერ გახმაურებული თითქმის ერთნაირი საარჩევნო ლოზუნგები სრულიად არ უკვირს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს. მისთვის ნაკლებად საინტერესოა, თუ ვინ ვის დაასწრო, რადგანაც, ექსპერტის აზრით, აგრარული სექტორის დახმარების იდეა ბუნებრივად მომწიფდა წინასაარჩევნო პერიოდისთვის:
კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი


”ისინი ვერსად ვერ წაუვლენ იმ ამოცანის აქტუალობას, რომ მოსახლეობის 50% ცხოვრობს სოფლად და სოფელში არ არის გამოცდილება და არ არის არანაირი რესურსი; ამავე დროს, საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, არის კვების პროდუქტების უდიდესი იმპორტიორი; ამასთან, ქვეყანას ტურიზმის განვითარება სჭირდება, ხოლო ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე.”


კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ევროკავშირისგან 60 მილიონი ევროს დაპირება განპირობებულია სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებითა და სოფლის მეურნეობის სფეროს წინა პლანზე წამოწევით. როგორც ექსპერტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ევროკავშირ უკვე რამდენიმე წელიწადია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აგრარული სფეროს განვითარება პრიორიტეტად აქციოს, მაგრამ ამას, ექსპერტის განმარტებით, ხელს უშლიდა სახელმწიფოს სრული ჩაურევლობის მომხრე, უკიდურესად მემარჯვენე ეკონომისტების ჯგუფი. მიდგომას, რომელსაც კახა გოგოლაშვილი ”ლიბერტარიანულ ახირებას” უწოდებს, კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს, მაგალითად, ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. ის თვლის, რომ მოთხოვნაზე ორიენტირებული სიკეთე და სამუშაო ადგილები კერძო სექტორმა უნდა შექმნას, ხოლო სახელმწიფოს ჩარევა სოფლის მეურნეობის სექტორში ცუდ შედეგს მოიტანს და ”ცუდ მდგომარეობაში ყოფნას გაგვიხანგრძლივებს”.
XS
SM
MD
LG