Accessibility links

logo-print

რუსეთი დასავლეთიდან იმპორტირებული დელიკატესების გარეშე


სუპერმარკეტი მოსკოვში

სუპერმარკეტი მოსკოვში

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთიდან სურსათის იმპორტი აკრძალა და დახლებზე სიცარიელის საფრთხე გაჩნდა, ბევრი იჩენს ინიციატივას დანაკლისის შესავსებად რუსეთშივე წარმოებული პროდუქტით. მაგრამ, ჩვენი კორესპონდენტების დაკვირვებით, მომხმარებელი მაინც ხედავს და გრძნობს სანქციების შედეგებს.

სერგეი კულიკი დაკავებული კაცია. თუ თავის ხამანწკების ფერმაში არ ტრიალებს, სატელეფონო ზარებს პასუხობს. ბოლოხანს ხშირად ურეკავენ რუსული კომპანიები ზღვის დელიკატესის ახალ-ახალი პარტიების შესაკვეთად.

კულიკმა რვა წლის წინ დააარსა ხამანწკების ფერმა ყირიმში რეგიონში ზღვის დელიკატესების პროდუქციის ასაღორძინებლად და, როგორც ჩანს, ააღორძინა კიდეც. მას შემდეგ, რაც რუსეთმა წელს, მარტში, ყირიმი მიიერთა, შემდეგ კი, ზაფხულში, კარი ჩაუკეტა დასავლეთიდან სურსათის იმპორტს, რუსეთის ბაზარზე ყირიმულ ხამანწკებზე მოთხოვნა ერთიათად გაიზარდა.

„თუ აქამდე მხოლოდ სპეციალისტები და პროფესიონალები მიცნობდნენ, ახლა უკვე ფართო საზოგადოებაც მიცნობს“, - ამბობს სერგეი კულიკი, რომელსაც რუსეთის რესტორნების უკვე შვიდი ქსელი დაუკავშირდა ხამანწკებით მომარაგების თხოვნით, მაგრამ კულიკმა შვიდივეს უარი უთხრა: მისი ფერმის პროდუქცია ჯერ მხოლოდ ყირიმელ კლიენტებს ჰყოფნის:

„სანქციები ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ნაადრევია, რადგან სამი ეტაპიდან მხოლოდ ორი მაქვს გავლილი: არსებობს პლანტაცია და არსებობს ნავი. ჯერ არა მაქვს სანაპირო ბაზა ხამანწკების შესანახად. ამ, მესამე ეტაპის გარეშე ძალიან გამიჭირდება მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მომარაგება, მით უმეტეს, რეგულარულად“.

სერგეი კულიკი, როგორც ბევრი სხვა ფერმერი რუსეთში, ბუნებრივია, ცდილობს დაიკავოს ადგილი, რომელიც დასავლეთიდან სურსათის იმპორტის აკრძალვით გათავისუფლდა.

“რუსეთი მთლიანად კრძალავს საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ხილ-ბოსტნეულის, ფრინველის ხორცის, თევზის, ყველის, რძისა და რძის პროდუქტების იმპორტს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან კანადიდან და ნორვეგიის სამეფოდან“, - ეს განცხადება წელს, 7 აგვისტოს, გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი ნათქვამი აქვს, რომ სანქციები არის შანსი რუსეთისათვის, გაზარდოს და გააუმჯობესოს სურსათის წარმოება.

მართლაც, რუსეთში თევზის უდიდესი მწარმოებლები „რუსკოე მორე“ და „გლავტორგ პროდუქტი“ აპირებენ პროდუქციის გაზრდას, ისევე როგორც მომცრო კომპანიები, რომლებიც ცდილობენ დაიკავონ იმპორტის ნაწილის აკრძალვით გამოთავისუფლებული ნიშა. ციმბირში ქალაქ ბარნაულის მოსახლეობა მალე შეძლებს ადგილზე დამზადებული ფრანგული ყველის - კამემბერისა და როკფორის - შეძენას. ყველის დამზადებით დაინტერესდნენ ვალაამის მონასტერშიც, რომელიც სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარეობს: ბერი აგაპი იტალიაში გაგზავნეს იქაური ტექნოლოგიის შესასწავლად, რათა, მონასტერში დაბრუნებულმა, სხვებსაც ასწავლოს და დეკემბერში ყველის გაყიდვა დაიწყოს.

რაც შეეხება მთლიანად რუსეთში სოფლის მეურნეობის აღორძინებას, ეს გაცილებით უფრო რთული ამოცანაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყდა მილიონობით ჰექტარი სამეურნეო მიწის დამუშავება, რადგან რუსეთი სულ უფრო ზრდიდა იმპორტის წილს საკუთარ ბაზარზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. უზარმაზარ ტერიტორიებზე ნაყოფიერი მიწის მიუხედავად, დღეს იმპორტზე მოდის სურსათის 40%-მდე. მოსკოვში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევს.

იმპორტზე ასეთი დამოკიდებულებისა და სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობის გაანალიზებისას, ეკონომიკის არაერთი ექსპერტი მიდის დასკვნამდე, რომ დასავლეთიდან იმპორტის აკრძალვა არასწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენ უნდა შევამციროთ საგარეო ვაჭრობაში ნავთობისა და გაზის წილი. საამისოდ საჭიროა გქონდეს პროდუქციის გარკვეული ასორტიმენტი. მე ეს ნაბიჯი შედეგის მომტანად არ მიმაჩნია - არაფერს მოგვცემს სამამულო პროდუქციის გასაზრდელად“, - ამბობს ევგენი იასინი, ეკონომიკის მინისტრი ბორის იელცინის მმართველობის წლებში. მისი და არაერთი სხვა ექსპერტის აზრით, ბიზნესს უმეტეს შემთხვევაში წლები დასჭირდება ახალ ვითარებასთან მოსარგებად დასავლელი პარტნიორების დაკარგვის შემდეგ. ცხადია, ეკონომიკური რეფორმები, საგანგებო პროგრამები იძლევა მეწარმეებისათვის ხელის შეწყობის შესაძლებლობას, მაგრამ რუსეთში ასეთ მცდელობებს საგულისხმო წარმატება არ მოჰყოლია.

მაგალითად, პროგრამამ, რომელიც რძის ნაწარმის პროდუქციის გასაზრდელად აამოქმედეს, სულ სამპროცენტიან ზრდას მიაღწია. არადა, სახელმწიფომ მასში (2007 წლიდან მოყოლებული) 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ახლა მოსკოვი მილიარდობით დოლარს ჰპირდება ქვეყნის უდიდეს კომპანიებს დასავლეთის სანქციებით მიყენებული ზარალის გასანეიტრალებლად. ისმის პატრიოტული მოწოდებები, რუსეთის მკვიდრმა რუსული ნაწარმი უნდა იყიდოსო. არადა, ისიც ფაქტია, რომ მომცრო კომპანიების მფლობელები სახელმწიფოსგან მხარდაჭერის ნაკლებობას უჩივიან. მათ შორის არის დმიტრი კლიმოვი - ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც ბედი მეფრინველეობის ბიზნესში სცადა და კინაღამ გაკოტრდა.

„გლეხებს ვერაფერს შეაგონებ. მათთვის უფრო იოლია შრომის ბირჟაზე დგომა,ან მძღოლად მუშაობა, ვიდრე მიწის დამუშავება, რადგან მიწის დამუშავება უკიდურესად არამომგებინია. გახსოვთ? ევროკავშირში სახელმწიფოები თითო ქათამზე წელიწადში ხუთი ევროს ბონუსს იძლევიან. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება“, ამბობს კლიმოვი.

კლიმოვი გაკოტრებას მხოლოდ საკუთარი დანაზოგის წყალობით გადაურჩა. ის ჯერ ციცარის მოშენებას შეუდგა, ახლა კი ფუა-გრაზე, ანუ ბატის ღვიძლის პაშტეტზე, დახელოვნებას აპირებს. იცის, რომ ამ ფრანგულმა დელიკატესმა უკვე მოანატრა თავი რუს გურმანებს.

დასავლეთიდან სურსათის იმპორტის აკრძალვას კლიმოვი მაინც ცალსახად არასწორად მიიჩნევს:

„ძალიან სამწუხაროა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება უკავშირდება მომხმარებლისათვის უარის თქმას პროდუქციაზე, რომელიც მისთვის მიმზიდველი გახდა. ჩემი აზრით, ბევრი რამ, რაც აქ ხდება, არის წმინდა წყლის დემაგოგია - ისეთივე, როგორიც ჩვენს ქვეყანაში ბევრი სხვა პროექტის შემთხვევაშია“.

ამასობაში, რუსეთში ისევ ეჩვევიან დეფიციტური საქონლის ცნებას. მოსკოვის აქამდე საუცხოოდ მომარაგებულ სუპერმარკეტებში ცარიელდება თაროები, რომლებზეც უცხოეთიდან იმპორტირებული ხორცი და ძეხვეული, ყველი და იოგურტები იდო. ოქტომბერში ხორცი 18%-ით გაძვირდა, რძის ნაწარმი - 15%-ზე მეტით. და ტენდენცია, შესაძლოა, სუპერმარკეტებს გასცდეს: რუსეთის მთავრობა სანქციებით ემუქრება დასავლეთიდან ტანისამოსისა და ავტომანქანების იმპორტსაც ...

XS
SM
MD
LG