Accessibility links

logo-print

ეუთო დადებითად აფასებს 8 ოქტომბრის არჩევნებს


ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია. მარცხნივ: იგნასიო სანჩეს ამორი. თბილისი, 2016 წ. 9 ოქტომბერი.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია. მარცხნივ: იგნასიო სანჩეს ამორი. თბილისი, 2016 წ. 9 ოქტომბერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის. ცესკოს მონაცემებთან ძალიან ახლოს დგას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიები დარღვევებზე და რეაგირების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, თუმცა - მათი განცხადებით, გამოვლენილი დარღვევები ზეგავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR). საერთაშორისო მისიამ 9 ოქტომბერს წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.

იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მეორე ტური ათეულობით მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქშია მოსალოდნელი, საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია მოუწოდებს როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომ ბოლომდე მშვიდობიანად და ღირსეულად ჩააბარონ დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა. საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შემადგენლობაში ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

ძალადობის მიუღებელმა ერთეულმა შემთხვევებმა, რაც ჩვენ ვნახეთ, გავლენა იქონია, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ ჩაშალა სხვა მხრივ დადებითი საარჩევნო პროცესი... ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ძირითადად დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები...

როგორც 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება მოწმობს და ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ითქვა, გამოვლინდა ცალკეული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტები, რაც საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს; მაგრამ, ამის მიუხედავად, საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს 8 ოქტომბრის არჩევნებს და საქებარი სიტყვები ისმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის მისამართითაც „დროულად და პროფესიონალურად“ მოქმედების გამო. როგორც, მაგალითად, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა და ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩეს ამორმა განაცხადა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთო ჯამში, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს:

„(8 ოქტომბერს) ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა, გაეკეთებინა გაცნობიერებული არჩევანი პლურალისტულ, მაგრამ მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოზე დაყრდნობით. ძალადობის მიუღებელმა ერთეულმა შემთხვევებმა, რაც ჩვენ ვნახეთ, გავლენა იქონია, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ ჩაშალა სხვა მხრივ დადებითი საარჩევნო პროცესი... ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ძირითადად დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები.“

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განმარტებით, 8 ოქტომბრის არჩევნებმა მნიშვნელოვანწილად გაამართლა მოლოდინი და საქართველომ კარგად გამოაჩინა თავი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. მაგალითად, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ აღნიშნა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში ლიდერია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები “ - ეს უკვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის სიტყვებია. მისთვის ნათელია, რომ „არჩევნების ხარისხი გაუარესდა“ 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით. მართალია, საიას ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების „საერთო ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას“, მაგრამ ეს არავის უნდა აძლევდეს მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საბაბს. ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ წინ ვრცელი სამუშაო პროცესია და ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული 8 ოქტომბერს გამოვლენილი მძიმე დარღვევები:

სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის...

„ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები. ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში, ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში, დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც გამოიხატებოდა ძალადობრივ მოვლენებში. დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კენჭისყრის დღის საერთო სურათს.“

საიას მსგავსად, 8 ოქტომბერს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების სასწრაფო გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მათ შორის არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. 9 ოქტომბერს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ პარალელური დათვლის შედეგებიც გამოაქვეყნა, რაც ძალიან ახლოს დგას ცესკოს ოფიციალურ მონაცემებთან:

„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის... „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო“.

არასამთავრობო სექტორი აქტიურ მუშაობასა და მეთვალყურეობას განაგრძობს, რადგანაც საარჩევნო პროცესი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. წინასწარი დაუზუსტებელი მონაცემებით, მეორე ტურის ჩატარება 50-მდე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გახდება საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG