Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგი მასპინძლობს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრაზე
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრაზე

ჰამბურგში მიმდინარეობს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრა. წლევანდელი თავყრილობის მთავარი განსახილველი საკითხებია შეიარაღებული კონფლიქტები უკრაინასა და სირიაში.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23-ედ შეიკრიბნენ ყოველწლიურ შეხვედრაზე.

ჰამბურგში შეხვედრის გახსნაზე გამოსვლისას ეუთოს მორიგე თავმჯდომარისა და შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა: „ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში თავისუფლების არსებობის საქმეში; ამ მხრივ ის, ჩემი აზრით, შეუცვლელია. აქ, ჰამბურგში, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ეუთოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები კონფლიქტის თავიდან აცილების, კონფლიქტის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი საქმიანობის სფეროებში.“

ორდღიანი მოლაპარაკებების დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ევროპაში დაძაბულობის განმუხტვას და მხარი დაუჭიროს სირიაში დაუყოვნებელი „ჰუმანიტარული ზავის“ გამოცხადებას. შტაინმაიერის პრესსამსახურის ცნობით, ეს მოწოდებები გერმანელმა მინისტრმა ოთხშაბათს, თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის მსვლელობაში გამოთქვა.

გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ შტაინმაიერისა და მისი ავსტრიელი და იტალიელი კოლეგების თანაავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი ძირს უთხრის „ევროპაში მშვიდობის არქიტექტურის საფუძვლებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰამბურგში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისაც, რომელმაც ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან და ლავროვმა განიხილეს სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი უმძიმესი ვითარება.

მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ 2014 წლის მარტში და აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერას ომში, რომელმაც დღემდე 9600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოსკოვთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში საჰაერო რეიდების განხორციელება დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდასაჭერად.

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ილაპარაკა მზარდი ავტორიტარიზმისა და პოპულიზმის საფრთხეებზე: „მეგობრებო, უკანასკნელ ხანებში ეუთოს რეგიონში ბევრგან ვიყავით მოწმენი ავტორიტარული აზროვნების აღმავლობისა, რეგრესისა ადამიანის უფლებების სფეროში, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისა, არატოლერანტობისა და სიძულვილით განპირობებული დანაშაულების მატებისა.“

მას არ გამოუყვია რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, თუმცა თქვა, რომ მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეთა შორის არის მზარდი კორუფცია ზოგიერთ ქვეყანაში, მზარდი ავტორიტარიზმი, ზოგიერთი ლიდერის მცდელობა, კონსტიტუციის შეცვლით მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია. საფრთხეს წარმოადგენს ასევე ყალბი ინფორმაციის გავრცელება მედიის ახალი პლატფორმების მეშვეობით, წამება, რომელსაც ზოგან ჯერაც იყენებენ.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა პარასკევს დასრულდება. მასში შედიან ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG