Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონფლიქტი საქართველოში“ - ადრესატი რუსეთი


საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დავით ვანიშვილი
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დავით ვანიშვილი

„კონფლიქტი საქართველოში“ - ასე ჰქვია საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა. 17 პუნქტისაგან შემდგარი დოკუმენტით საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და გაიზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. რეზოლუციის პროექტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე. ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას. რეზოლუციის პროექტს დასამტკიცებლად კენჭს უყრიან პლენარულ სესიაზე, რომელიც 5 ივლისს გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ეუთო ხელახლა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ითვალისწინებს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში (სამხრეთ ოსეთში) და გამოხატავს შეშფოთებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. რეზოლუციის პროექტში ასევე ვკითხულობთ:

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, მათ შორის, და არამხოლოდ, ისეთი უფლებების, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ოჯახის, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების“.

საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რუსი დეპუტატების გარდა, საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, რეზოლუციის მიღებით, რუსულ ოკუპაციას და ამით გამოწვეულ ყველა პრობლემას დაერქვა თავისი სახელი:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ამ დოკუმენტით მსოფლიოს 56 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგანაც ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“.

რეზოლუციის ერთ-ერთი მუხლი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომ დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება მათი წარმოშობის ადგილზე. ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა. საქართველოს პარლამენტის წევრ გიგი წერეთლის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამგვარი კონსოლიდირებული დოკუმენტის მიღება:

„ცალ-ცალკე ეს პუნქტები ასახულია ეუთოს რეზოლუციებსა და სხვა დოკუმენტებში, მაგრამ ასე ერთიანად საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი დოკუმენტის ერთხმად მიღება ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი, აქტუალური და ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ თემაზე, რაც უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა და ვნახეთ კიდეც რუსეთის რეაქცია“.

რუსეთის დელეგაციამ კატეგორიულად არ დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს. რუს დეპუტატ ნიკოლაი კოვალიოვის თქმით, დოკუმენტი იმდენად პოლიტიზებული და მიუღებელია, რომ მასში ცალკეული სარედაქციო შინაარსის ცვლილებების შეტანასაც კი არ აქვს აზრი:

„რეზოლუციის პროექტი უკიდურესად პოლიტიზებული და ღიად ანტირუსული დოკუმენტია. შედგება რუსეთის ფედერაციისათვის წამოყენებული პრეტენზიების სტანდარტული ნაკრებისგან, რომელთა შორისაა ვითომდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა მავთულხლართების გავლების გზით. ჩვენი აზრით, შეუძლებელია დოკუმენტის დახვეწა ტექსტუალური ცვლილებებით და იძულებული ვართ მის წინააღმდეგ მივცეთ ხმა, რადგანაც ეს რეზოლუცია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად მოტივირებულია და უგულებელყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის უფლებას გამოხატოს თავისუფალი ნება“.

პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ, სულ მცირე, შევეცადოთ გადავჭრათ საკითხები მსგავსი ჰუმანიტარული შემთხვევების მოგვარებით...
კრისტიან ვიგენინი

რუსეთის დელეგაციის აზრი რეზოლუციის პროექტის პოლიტიზების თაობაზე კომიტეტის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს. ბულგარელი დეპუტატის, კრისტიან ვიგენინის, თქმით, რეზოლუციის ტექსტი შესაძლოა არაა დაბალანსებული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია მისი მიღება ისეთი ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიც შექმნილია მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებში. ბულგარელმა დეპუტატმა კოლეგებს დეტალურად აღუწერა ის სურათი, რომელიც მან თავისი თვალით იხილა სოფელ ხურვალეთში, სადაც მავთულხლართებით გაყოფილი ერთი კონკრეტული ოჯახის წევრები ეგრეთ წოდებული საზღვრის სხვადასხვა მხარეს იტანჯებიან:

„ასე რომ, მოგმართავთ ყველას, რუსეთის მხარის ჩათვლით, ყველას, ვინც პასუხისმგებელია, რომ შევეცადოთ და ვიპოვოთ გამოსავალი მსგავს ჰუმანიტარულ შემთხვევებში. ჩემ მიერ აღწერილი შემთხვევა ერთადერთი არ არის. პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ, სულ მცირე, შევეცადოთ გადავჭრათ საკითხები მსგავსი ჰუმანიტარული შემთხვევების მოგვარებით. ამრიგად, ვიტყოდი, რომ ეს რეზოლუცია არ არის ისეთი დაბალანსებული, როგორის ხილვასაც ზოგიერთი ჩვენგანი ისურვებდა, მაგრამ გთხოვდით ამ დოკუმენტის მხარდაჭერას, რადგან ამით გაიხსნება შესაძლებლობა დავიწყოთ, სულ მცირე, ამ მძიმე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა“.

რეზოლუციის პროექტით, საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით. რეზოლუციის პროექტს დასამტკიცებლად კენჭს უყრიან საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, რომელიც 5 ივლისს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG