Accessibility links

logo-print

დავა და კამათი საქართველოში ეუთოს მასშტაბური თავყრილობის წინ


ეუთოს ოფისი ვენაში

ეუთოს ოფისი ვენაში

1-5 ივლისს თბილისში გაიმართება ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია და ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობას საქართველოში ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა, პარალელურად, შიდაპოლიტიკურ სარბიელზე სულ უფრო ძლიერდება დაპირისპირება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის, კანდიდატურას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოსტზე („ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორმა პარტიამ) ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარადგინა. სადავო თემად რჩება სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატების დელეგაციის ჩამოსვლაც.

„არაკომპეტენტური, პოლიტიკურად უმწიფარი და მავნებლური“ – ამ სიტყვებით დაახასიათა გიგი წერეთელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პოზიცია – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის მიუღებლობასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ფიქრობს, რომ ოპონენტები არ ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს:

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი... სრულიად უადგილოა საუბარი იმაზე, რომ აქ არის მთავარი პოლიტიკური კუთვნილება ან არის მთავარი რაიმე სხვა საკითხი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ეს შანსი“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი თბილისში 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში უნდა დასახელდეს. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიების შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც 1-5 ივლისს თბილისში თავს მოიყრის 700-ზე მეტი სტუმარი ეუთოს 57 სახელმწიფოდან. წლევანდელი სესიის თემად სახელდება „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით".

ასამბლეის პრეზიდენტის პოსტისთვის არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილ გიგი წერეთელს დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, „სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი.

მხოლოდ იმის გამო, რომ წერეთელი საქართველოს წარმომადგენელია, მის მხარდაჭერას არამართებულად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ რიგებში და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა 29 ივნისს, მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარიაც. ის დარწმუნებულია, რომ კანდიდატს მხოლოდ საკუთარი პარტიის პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და სამომავლოდაც ძირითადად ამ მიზნების მიხედვით იხელმძღვანელებს:

„როგორ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, რანაირად... თუ ის უფრო პირად ინტერესებს წარმოადგენს იქ, რადგან ის ყოველთვის მოქნილი პოლიტიკოსი იყო. არ მგონია, რომ ახლა მან იქ დიდად გამოიდოს თავი“.

განსხვავებულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პოზიცია, რომელიც მან ორიოდე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართულ დელეგაციებს სპეციალური წერილით განუმარტა და გიგი წერეთლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობის გამოცდილების მქონე გიგი წერეთელი ნამდვილად „ფასეული ფიგურაა“ და რომ დასაფასებელია მისი უნარი კონსენსუსის მიღწევის საქმეშიც. პრეზიდენტის მიერ გიგი წერეთლის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას კრიტიკა მოჰყვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ათეულში დასახელებული სერგი კაპანაძე კი გამოხატავს სინანულს, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა რუსეთის დელეგაციისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები.

დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში და მათ შორის იქნება ჩვენ მიერ ინიცირებული რამდენიმე რეზოლუციის პროექტებიც...

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის დელეგაციას, რუსი დეპუტატების მასპინძლობას უკვე დიდი ხანია მიუღებლად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოსვლას ნამდვილად რომ აპირებს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმაც ილაპარაკა. კერძოდ, 23 ივნისს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ 25-ე ყოველწლიურ სესიაზე დელეგაციას უთავკაცებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კოვალიოვი. ნარიშკინის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, რუსი დეპუტატები საქართველოში წინასწარ განსაზღვრული ინტერესებითა და მოსკოვზე მორგებული მიზნებით ჩამოდიან:

„დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში და მათ შორის იქნება ჩვენ მიერ ინიცირებული რამდენიმე რეზოლუციის პროექტებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი შეეხება პარლამენტარებისთვის ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სანქციების დაწესების არდაშვებას, ხოლო მეორე შეეხება ნეონაციზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.

საგულისხმოა, რომ რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ფინეთში აპირებდა შესვლას, მაგრამ არ შეუშვეს იმის გამო, რომ ის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის კვალდაკვალ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში მოხვდა. ბევრი მოელის, რომ რუსი დეპუტატების სტუმრობა უხმაუროდ არც საქართველოში ჩაივლის და მწვავე კამათს გამოიწვევს.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება ვალდებულია, რომ პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას და აუცილებელია საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, მაგალითად, იმის შესახებ, ხომ არ ირღვევა რუსი დეპუტატების ჩამოსვლით საქართველოს კანონმდებლობა და, კერძოდ, კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ვახტანგ ძაბირაძე იმედს იტოვებს, რომ რუსი დეპუტატებისთვის მასპინძლობის გარანტიების მიცემამდე, საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაციები გაიარა ევროპელ პარტნიორებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG