Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მეთვალყურეთა შუალედური ანგარიშის აქცენტები


წინასაარჩევნო გარემო დამშვიდებულია და საკანონმდებლო ბაზა ხარისხიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, მაგრამ ვლინდება პოლიტიკური დაძაბულობა და გარკვეული სახის დარღვევები - დაახლოებით ასეთია შინაარსი შუალედური ანგარიშისა, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა. არასამთავრობო სექტორი იზიარებს ანგარიშში ასახულ შეფასებებს.

ანგარიშში, რომელიც 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ ”სამართლებრივი ჩარჩო ყოვლისმომცველია”, ქმნის ”დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მყარ იურიდიულ საფუძველს”;
„ეფექტიანად და გამჭვირვალედ მუშაობს“ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო შეშფოთების საფუძველს ქმნის აუდიტის სახელმწიფო სამსახური, კონტროლის დაბალი დონით.

ამავე ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ძვრები მედიასივრცეში და ნათქვამია, რომ, ”2012 წლის არჩევნებთან შედარებით, მედიასივრცე ნაკლებად პოლარიზებულადაა მიჩნეული, ხოლო ჟურნალისტები ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ნეიტრალურად და მიუკერძოებლად აშუქებენ, თუმცა კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა კვლავაც აღინიშნება”.

ამგვარ შეფასებებს ეთანხმება მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომლის აზრითაც, ვითარება მართლაც გაუმჯობესებულია პოლიტიკური ფულის მონაწილეობის მასშტაბების შემცირების კუთხით, მაგრამ მედიის საქმიანობაში შეინიშნება დაფინანსების წყაროების მოძიების იმგვარი სურვილი, რამაც შესაძლოა საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანოს.

”მიიწევენ არა იმდენად ხელისუფლებისკენ, არამედ იმ წყაროებისკენ, საიდანაც შეიძლება, მათ (იმავე მეთოდით, რაც უწინ ხდებოდა) მიიღონ ფული, ამ ფულის სანაცვლოდ კი შესთავაზონ შინაარსი, სარედაქციო პოლიტიკა, შესთავაზონ დამოუკიდებლობა... ბუნებრივია, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს დიდი ცდუნება (თუკი მედია, მით უმეტეს, ასე სთავაზობს საკუთარ თავს), ამაზე უარი არ თქვას და დაუკმაყოფილოს ეს სურვილები მედიას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.

ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ მათთვის სასურველი პირებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები; ასევე გამოიკვეთა ”ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის ხელის შეშლის მცდელობები...
ნინო ლომჯარია
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედურ დასკვნაში აღინიშნება ასევე „მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები“, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელდა ადგილობრივ დონეზეც, თუმცა, ანგარიშის თანახმად, „საარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებებმა“.

ეუთოს ანგარიშში ასახული შენიშვნების ნაწილი ასევე ასახულია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელ მეხუთე ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 15 ოქტომბერს გაიმართა და რომელიც 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდს ასახავს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას დაკვირვებით, წინასაარჩევნო გარემო, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესებულია, თუმცა საანგარიშო პერიოდში არაერთი სახის დარღვევა გამოვლინდა, რაც ყურადღებას საჭიროებს:

”ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ მათთვის სასურველი პირებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები; ასევე გამოიკვეთა ”ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის ხელის შეშლის მცდელობები, როგორც ტენდენცია; დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები (ერთ-ერთი ჩვენ მიერ უკვე დადასტურდა, ხოლო მეორეს ჯერ ისევ სამართალდამცველი ორგანოები იკვლევენ); დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები; ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, კერძოდ, საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობა აგიტაციაში როგორც მმართველი კოალიციის კანდიდატის, ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის სასარგებლოდ”.

როდესაც წავიკითხე, მე ძირითადად რეგიონებს დავუკავშირე. იქ გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ, ვიცით, რომ საქმეებია აღძრული და, შესაბამისად, ვფიქრობ, ამას უფრო გულისხმობდნენ და ამას უფრო დავუკავშირე - რაც იყო პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით კიდეც...
ეკა გიგაური
მთავრობამ გაახმაურა განზრახვა, რომ ჩაატაროს სამაგალითო არჩევნები და აამოქმედოს ყველანაირი სახელმწიფო რესურსები ამ მიზნის მისაღწევად, - ნათქვამია ეუთოს მეთვალყურეთა შუალედურ ანგარიშში. საერთო შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შესამჩნევად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აქვე საუბარია პრობლემებზეც:

”საარჩევნო კამპანიის ატმოსფეროს ახასიათებს დაძაბული კოჰაბიტაცია მმართველ კოალიციას - „ქართულ ოცნებასა“ - და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ ლიდერებს შორის. ამას თან ახლდა დაკავებები და წინასწარი პატიმრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი პირებისა, გენერალური მდივნის ჩათვლით”.

იმის გამო, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანთან - ვანო მერაბიშვილთან - დაკავშირებული აქცენტი ანგარიშში აღარ არის განვრცობილი, მას პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ანგარიშის ამ ფრაგმენტმა ეკა გიგაურს სულ სხვა პროცესები გაახსენა:

”როდესაც წავიკითხე, მე ძირითადად რეგიონებს დავუკავშირე. იქ გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ, ვიცით, რომ საქმეებია აღძრული და, შესაბამისად, ვფიქრობ, ამას უფრო გულისხმობდნენ და ამას უფრო დავუკავშირე - რაც იყო პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით კიდეც. მაგრამ დასკვნა, საერთო ჯამში რომ ავიღოთ, დადებითია. იგივე ცესკოს მუშაობა, იგივე საკანონმდებლო კუთხით გაუმჯობესება, იგივე მედიაგარემოსთან მიმართებაში გაუმჯობესება, ეს არის ცალსახად აღნიშნული და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა”.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მეთვალყურეთა დასკვნები განსაკუთრებით საყურადღებო და ანგარიშგასაწევია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანი მეთვალყურეები საქართველოში 19 სექტემბრიდან მუშაობენ. ამ მისიაში გაერთიანებული არიან: თბილისში მყოფი 16 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გადანაწილებული 28 გრძელვადიანი მეთვალყურე - ეუთოს წევრი 24 ქვეყნიდან. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ეგიდით 300-მდე მოკლევადიანი მეთვალყურე უშუალოდ არჩევნების დღისთვის ჩამოვა და კენჭისყრის, ხმათა დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესებს უმეთვალყურევებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG