Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯომოლუნგმა პირველად დაიპყრო პაკისტანელმა ქალმა


პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ ხელი ვერ შეუშალა ახალგაზრდა პაკისტანელ ქალს ორ მეგობართან, ინდოელ ტყუპ დებთან ერთად დაეპყრო ჯომოლუნგმა, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი. 22 წლის პაკისტანელი ქალი სამინა ბაიგი ისტორიაში შევიდა მხოლოდ იმის გამოც, რომ პირველი პაკისტანელი ქალია, რომელმაც დაიპყრო მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, 8848 მეტრი სიმაღლის ჯომოლუნგმა, რომელსაც ევერესტსაც უწოდებენ. ბაიგს ახლდნენ 21 წლის ტყუპი დები ინდოეთიდან, ტაში და ნუნგში მალიკები. მათთან ერთად ჯომოლუნგმაზე ავიდა სამინას ძმა, 29 წლის მირზა. სამინა ბაიგის თქმით, მათ ეს თავიანთი მისია მიუძღვნეს ქალთა უფლებების გაფართოებას სპორტის ექსტრემალური სახეობების გზით. მან რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს შემდეგი უთხრა:

„ჩვენი მისია ემსახურებოდა ქალთა უფლებების გაფართოებას სპორტის ექსტრემალური სახეობების გზით. შემდეგ შევხვდით ინდოელებს და ჩვენი პროგრამა, ეს ჩვენი მისია, 2013 წლის სქესთა შორის თანასწორობის ინდურ-პაკისტანურ ერთობლივ პროგრამად იქცა. ჩვენ გვსურს მშვიდობა ორ ქვეყანას შორის და გვინდა საზღვრები მოიშალოს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, - ორ ქვეყანას შორის მშვიდობა გვსურს“.

ეს სამინამ სატელიტური ტელეფონით გვითხრა, როცა ის და მისი თანმხლებნი ევერესტიდან ბრუნდებოდნენ. სამინამ, ტაშიმ და ნუნგშმა მწვერვალზე ერთმანეთის გვერდით აღმართეს თავ-თავიანთი ქვეყნების - პაკისტანისა და ინდოეთის - სახელმწიფო დროშები, რაც ორ ქვეყანას შორის მშვიდობის სურვილის სიმბოლური გამოხატულება იყო. ბაიგი პაკისტანის ჩრდილოეთში გაიზარდა, ჰუნზის რეგიონში, რომელიც მაღალი მწვერვალებითაა გარშემორტყმული. ჯომოლუნგმაზე ასვლის შემდეგ მისი პორტრეტები პაკისტანის წამყვანმა გაზეთებმა დაბეჭდეს. „ექსპრეს ტრიბიუნმა“ ორი ქვეყნის მთამსვლელთა ჯგუფის მიერ ჯომოლუნგმაზე ასვლა შეაფასა როგორც „ მშვიდობის მესიჯი“, ინდოეთში გამომავალი „ჰინდუ“ კი ამ ასვლას უწოდებს „მშვიდობის, თავისუფლებისა და თანამშრომლობის აქტს“. ჯგუფმა მწვერვალი 19 მაისის დილით აიღო ნეპალის მხრიდან. გასულ შაბათს ჯომოლუნგმაზე ავიდა 25 წლის რაჰა მოჰარაკი, საუდის არაბეთიდან. მოჰარაკი არა მხოლოდ პირველი ქალია თავისი ქვეყნიდან, რომელმაც უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, არამედ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია მათგან, ვინც ეს შეძლო მთელ არაბულ სამყაროში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG