Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ევგენი პრიმაკოვი


ევგენი პრიმაკოვი
ევგენი პრიმაკოვი

დღეს მოსკოვში, 85 წლისა, გარდაიცვალა ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბოლოს ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი იყო. თავის დროზე გახდა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, იყო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. პრიმაკოვმა მოასწრო ემუშავა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად, საგარეო საქმეთა მინისტრად, ასევე პრემიერ-მინისტრად ბორის ელცინის პრეზიდენტობისას. პრიმაკოვი კიევში დაიბადა, საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა. შემდეგ ისწავლა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, დაამთავრა ასპირანტურა მოსკოვის უნივერსიტეტში. პრიმაკოვი განაგებდა საბჭოთა კავშირის მედიასაშუალებას, სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობას. მოგვიანებით იმუშავა არაბულ ქვეყნებში გაზეთ “პრავდის” კორესპონდენტად. იყო სამეცნიერო დაწესებულებების ხელმძღვანელიც, მართავდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს და მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს. ასეთია სულ მოკლედ ევგენი პრიმაკოვის კარიერა. ევგენი პრიმაკოვმა ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები თბილისში გაატარა და ბევრთან აკავშირებდა ხანგძლივი მეგობრობა - ამბობდა კიდეც, თბილისელი ვარო. ჩვენი რადიოს რუსული სამსახური პრიმაკოვს 2004 წელს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში პრიმაკოვი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისიდან ახლად დაბრუნებული, უპასუხებს კორესპონდენტის შეკითხვას მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის შემდეგ:

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩემი აზრით, ორი რამ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. პირველი ისაა, რომ საქართველოს შეუძლია და უნდა გამოავლინოს კიდეც დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკაში. ამას ვერავინ უარყოფს. მას შეუძლია წავიდეს აშშ-თან, ასევე ევროპასთან დაახლოებაზეც. და ამას გააკეთებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს საქართველომ არ გააკეთოს რუსეთის ინტერესების ხარჯზე. აი, ეს ვუთხარი მე სააკაშვილს და ის დამეთანხმა“.

ევგენი პრიმაკოვი იყო, როგორც ითქვა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. იხსენებენ 1999 წლის ინციდენტს, როცა პრიმაკოვმა, რომელიც აშშ-ში მიფრინავდა, როგორც კი შეიტყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ელ გორისგან, რომ ნატომ იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყო, თვითმფრინავი შემოაბრუნებინა და აღარ წავიდა აშშ-ში.მან დაბომბვის ოპერაციას „განუზომელი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. ატლანტის ოკეანის თავზე თვითმფრინავის შემობრუნებას ბევრი მიიჩნევს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში შემობრუნების წერტილად. სხვათა შორის, ევგენი პრიმაკოვი იმ შუამავალთა შორის იყო, ვინც 2002 წელს მოსკოვის თეატრში ტერაქტისას მძევლების გადარჩენას შეეცადა.

პრიმაკოვი, როგორც ახლო აღმოსავლეთის მცოდნე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერაყში მიავლინა თავის დესპანად, რომ ჰუსეინი დაეყოლიებინა, თავიდან აეცილებინა ომი. თუმცა მისია წარუმატელები აღმოჩნდა. ამავე ინტერვიუში პრიმაკოვი ჰყვება ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინზე, მისი დაპატიმრების გარემოებებზე:

„ჰუსეინის დაპატიმრებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ერთ-ერთ ვერსიას აქვს არსებობის უფლება: ამერიკელებმა ის ბევრად უფრო ადრე ჩაიგდეს ხელში, ვიდრე ამას გაამხელდნენ. რამდენიმე ფაქტი ადასტურებს ამას. პირველ რიგში, ფოტო. ფოტოგრაფიაზე, რომელმაც მოიარა მსოფლიოს ყველა გაზეთი, გამოსახულია ორმო, რომელთანაც დგას ორი ამერიკელი ოფიცერი და რომლიდანაც ვითომ ეს-ესაა ამოიყვანეს ჰუსეინი. იქვე დაინახავთ პალმას, რომელიც ყვავის. პალმა წელიწადის ამ დროს არ ყვავის და ასევე არ შეიძლება ამ დროს მას ფინიკი ესხას. ყოველ შემთხვევაში, ამაში მარწმუნებდნენ საუდის არაბეთში, როცა იქ ვმუშაობდი. და მერე ეს წვერი, რომელიც ჰუსეინს გაეზარდა 7 თვეში. მესმის, რომ ის შეიძლება ძალიან მამაკაცური იყო, რომ ასე სწრაფად ეზრდებოდა თმა, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერელებია“.

ბოლო წლებში ევგენი პრიმაკოვი აღარ იყო ისე პოპულარული, მაგრამ თავი გამოიჩინა წელს, იანვარში, როცა კრემლს მოუწოდა, გაემრავალფეროვნებინა რუსეთის ეკონომიკა, ეღიარებინა დონბასი უკრაინის ნაწილად და გაეხსნა ქვეყანა ნატოსა და აშშ-თან თანამშრომლობისთვის. რუსი პოლიტოლოგი ირინა ხაკამადა ასე ახასიათებს ევგენი პრიმაკოვს:

„მასჰქონდა საოცარი ვიზიონერული ნიჭი. პარლამენტშიც და მთავრობაშიც ყველაზე მახვილ შეკითხვებს სვამდა და არც ერთ ბანაკს არ მიეკუთვნებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG