Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრაზიის საბაჟო კავშირი - ევროკავშირის კონკურენტი?


მოსკოვი: რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად, 2011 წლის 19 დეკემბერს.
მოსკოვი: რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად, 2011 წლის 19 დეკემბერს.
ევრაზიის საბაჟო კავშირი არის რუსეთის პრეზიდენტის მთავარი საგარეო-პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლის დასაწყისში ევრაზიის საბაჟო კავშირის გარდაქმნას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად. საბაჟო კავშირი ამჟამად აერთიანებს რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს. ხოლო ზოგი სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, მაგალითად, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინისათვის, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ - არჩევანი ძნელი გასაკეთებელია, რადგან ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანება ევროკავშირში ინტეგრაციასთან შეუთავსებლად აღიქმება.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიამ კოჩიანჩიჩმა ჩვენს რადიოსთან სომხეთის პერსპექტივებზე საუბრისას პირდაპირ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირშიც შევიდეს და თან გააგრძელოს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია

„თუ სომხეთი გაწევრიანდება რომელიმე საბაჟო კავშირში, ეს შეუთავსებელი იქნებოდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან, რადგან საბაჟო კავშირს აქვს საგარეო ვაჭრობის საერთო პოლიტიკა და ცალკეული წევრი ქვეყანა დამოუკიდებლად ვეღარ აკონტროლებს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას“, განმარტავს კეტრინ ეშტონის პრესმდივანი.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შარშან რუსეთის გაწევრიანების შემდეგ მოსალოდნელია ევრაზიის საბაჟო კავშირსა და ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების გარკვეული დაახლოება. თუმცა მათ შორის სხვაობა, ექსპერტების აზრით, დიდი დარჩება.

განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც უკრაინა იპყრობს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვიან, ყველაზე დიდი წინსვლას ამ გზაზე სწორედ უკრაინამ მიაღწია. ექსპერტი ოლგა შუმილო-ტაპიოლა კიევს „გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს“. „თუ უკრაინა ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ეს არა მარტო დიდ პრობლემას გამოიწვევს ევროპის კავშირში, არამედ იქნება იმის ნიშანი, რომ რეგიონში დამყარდა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკური მოდელი“ - წერს ექსპერტი კარნეგის ფონდის ევროპის განყოფილებისათვის მომზადებულ ბოლო ანგარიშში. და თუ, მისივე აზრით, უკრაინამ პირიქით, უარი თქვა ევრაზიის საბაჟო კავშირზე - ევროკავშირთან დაახლოების სასარგებლოდ, ევრაზიის საბაჟო კავშირი იძულებული იქნება, ჩამოცილდეს ევროპას და აქცენტი აზიის მიმართულებაზე გააკეთოს.
ეჭვი არ არის, რომ ევრაზიის საბაჟო კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნა რაღაც ახალს ქმნის რეგიონში ...
კატარინა ვოლჩუკი

მოსკოვი აშკარად მოწადინებულია, არ დატოვოს შთაბეჭდილება, რომ მეზობელ ქვეყნებს აიძულებს საბაჟო კავშირში შესვლას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შემდეგ არგუმენტს იყენებს კიევის გადასაბირებლად - ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანება, მისი განმარტებით, უკრაინას სარგებელს მოუტანს, რადგან ბლოკის შემადგენლობაში ის ევროკავშირს უფრო ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება, ვიდრე ახლა. თუმცა, არც ისეა საქმე, თითქოს უკრაინაზე ზეწოლა არ ხდებოდეს... უკრაინა დამოკიდებულია რუსეთიდან გაზის იმპორტზე, ხოლო მოსკოვი მას შეღავათიან ფასს ჰპირდება - ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში.

არა მარტო უკრაინას - რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ყველა ქვეყანას ეპატიჟება ევრაზიის საბაჟო კავშირში. ექსპერტების განმარტებით, საბაჟო კავშირი მთავარი საკითხია მოსკოვის დღის წესრიგში, მეზობლების უმრავლესობასთან ურთიერთობისას. ბუნებრივია, ეს არ ეხება საქართველოს, რომელმაც, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა ჩრდილოელ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობა. მაგრამ ფაქტია ის, რომ საქართველოს მეზობლად ძალას იკრებს გაერთიანება, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, შეცვალოს პოლიტიკური ვითარება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილში.

ბირმინგემის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტოლოგის, კატარინა ვოლჩუკის განმარტებით, პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის სხვა პროექტებისაგან განსხვავებით, ევრაზიის საბაჟო კავშირი კარგად მომზადებულ სამართლებრივ ბაზას ეფუძნება, მთელი წელია, მოქმედებს ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სასამართლო - საბაჟო კავშირის ოფიციალური საარბიტრაჟო სასამართლო. „ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ის. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ევრაზიის საბაჟო კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნა რაღაც ახალს ქმნის რეგიონში“, ამბობს ექსპერტი.

გამოდის, რომ რეგიონის ქვეყნები არჩევანის წინაშე დგანან. ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, მოსკოვსა და ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას მალე, ერთ-ორ წელიწადში მოუწევს გადაწყვეტა, რას მიანიჭოს უპირატესობა: რუსეთის პროექტში - ევრაზიის საბაჟო კავშირში შესვლას, თუ ევროკავშირში ინტეგრაციის რთულ გზაზე სიარულს.
XS
SM
MD
LG