Accessibility links

logo-print

რუსეთი ცდილობს გააფართოოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი


 ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

24 დეკემბერს გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთისათვის შეიქმნა საბაჟო კავშირში შესვლის ისეთივე საგზაო რუკა, როგორიც ყირგიზეთისათვის. კრიტიკოსების პასუხად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნა საბჭოთა კავშირის რესტავრაციას არ ნიშნავს.

ვლადიმირ პუტინმა 24 დეკემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების სამიტს უმასპინძლა, მეორე დღეს კი, რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფო საბჭოს ფარგლებში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა შეხვედრა. ვლადიმირ პუტინი შეხვედრებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ აშკარა წინსვლაა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის მიმართულებით:

„შევძელით მნიშვნელოვანი წინსვლისათვის მიგვეღწია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების პროექტის მომზადების მხრივ. ჩვენმა ექსპერტებმა, მთლიანობაში, შეათანხმეს ხელშეკრულების ძირითადი, ინსტიტუციონალური ნაწილი. მასში განსაზღვრულია მომავალი ეკონომიკური კავშირის საქმიანობის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები და მექანიზმები“.
ჩვენ ეკონომიკურ კავშირს ვქმნით არა იმისათვის, რომ გავემიჯნოთ გლობალურ სამყაროს, არამედ, პირიქით, მაქსიმალურად წარმატებით ვითანამშრომლოთ მასთან. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არ წარმოადგენს დაშლილი საბჭოთა კავშირის რესტავრაციის მცდელობას...

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ საბაჟო კავშირის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად გარდაქმნის ხელშეკრულება 2014 წლის მაისისთვის იქნება მზად, თავად კავშირი კი სრული დატვირთვით 2015 წელს ამოქმედდება. სამიტში მონაწილეობდა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ ევრაზიული კავშირის საბჭოთა კავშირის მსგავს გაერთიანებად ჩამოყალიბების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

„ჩვენ ეკონომიკურ კავშირს ვქმნით არა იმისათვის, რომ გავემიჯნოთ გლობალურ სამყაროს, არამედ, პირიქით, მაქსიმალურად წარმატებით ვითანამშრომლოთ მასთან. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არ წარმოადგენს დაშლილი საბჭოთა კავშირის რესტავრაციის მცდელობას, რაც სურთ, რომ თავს მოგვახვიონ. უკან დაბრუნება არ არის და არ იქნება. ეს ყველა ჩვენი სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა. ჩვენ არა უკან, არამედ წინ მივდივართ“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

გარდა ამისა, სამიტზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის -და, ასევე, წევრობის მსურველი სომხეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა ახალი წევრების მიღების საკანომდებლო საფუძვლებზე იმსჯელეს და განსაზღვრეს კავშირის ამოცანები. სამიტის შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, კონცერნ „ყირგიზგაზს“ რუსული „გაზპრომი“ სიმბოლურ ფასად - ერთ დილარად - იყიდის, ხოლო მისი მოდერნიზებისათვის 655 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

ორშაბათს კი, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა ანალოგიური შეთანხმებისა, რომლის თანახმად, კომპანია „გაზპრომი“, რომელიც „არმროსგაზპრომის“ აქციათა 80%-ს ფლობს, დარჩენილ 20-პროცენტსაც შეიძენს.

მიკოლა აზაროვი

მიკოლა აზაროვი

დსთ-ს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, რომელიც თავისი ქვეყნისათვის დამკვირვებლის სტატუსის მიღებას ესწრაფვის. რუსეთი აგრძელებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა კიევი, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნაცვლად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირში გაერთიანდეს. უკრაინის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც უკვე თვეზე მეტია მართავს საპროტესტო აქციას კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე, ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინის პრომოსკოვური ხელისუფლების მცდელობას, რომელიც, ოპოზიციის ვარაუდით, უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენაა მიმართული.
XS
SM
MD
LG