Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ექსპორტი 44%-ით გაიზარდა


ავტორი: ირინა გურული

ევროკავშირთან ვაჭრობა მნიშვნელოვანი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით კი, ექსპორტის მაჩვენებლები, რასაც გუშინ, 19 აპრილს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს: 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 159 მლნ აშშ დოლარი იყო (44 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 481 მლნ აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტშიც 28 პროცენტი და იმპორტშიც 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში, შესაბამისად, 26, 25 და 27 პროცენტი).

ევროკავშირში ექსპორტი 44%-ით გაიზარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

იმას, რომ ექსპორტის მაჩვენებელი პოზიტიურისკენ არის შეცვლილი, ჯერ კიდევ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემებიც მოწმობს, რომლის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18 %-ით გაიზარდა. აქედან ექსპორტი 577 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტს), ხოლო იმპორტი - 1 მილიარდ 708 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტს). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე, 468 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საინტერესოა, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი წინ უსწრებს დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რაც საკმაოდ საგულისხმო და მნიშვნელოვანი ფაქტია:

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 205 მლნ აშშ დოლარი (59 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მლნ აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (331 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (255 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (207 მლნ აშშ დოლარი).

ტრადიციული შემადგენლობისაა ექსპორტის სტრუქტურა: 2017 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 98 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 81 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 35 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 138 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 122 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტს შეადგენდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 105 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG